კონგრესში 9 იანვარს წარდგენილი საკანონმდებლო აქტის (H.R.243 - To prohibit United States recognition of Bidzina Ivanishvili or any Government of Georgia that is led by Bidzina Ivanishvili, and for other purposes) პროექტის თანახმად, აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკრძალება ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელისუფლების აღიარება.
„ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ამერიკის დიდებულ ტრადიციას - არ აღიაროს ტირანული რეჟიმები. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში“, - დაწერა, როგორც თავად უწოდებს, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, 8 იანვარს.
იმისათვის, რომ წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი ორპარტიული აქტი კანონად იქცეს, მას ესაჭიროება კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა (საკომიტეტო და სასესიო განხილვები და კენჭისყრები), ხოლო შემდეგ უკვე - აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა.
დემოკრატიული ქვეყნები სადავო მთავრობების არაღიარების პრაქტიკას ძირითადად ავტორიტარული და დიქტატურული რეჟიმების წინააღმდეგ მიმართავენ. არაღიარება მიიჩნევა უკიდურეს ზომად, როდესაც დიალოგით საქმის გამოსწორების იმედი გადაწურულია.
რადიო თავისუფლებამ დასავლური ქვეყნების მიერ არაღიარების მაგალითებს გადახედა.
სირია
ივანიშვილის მთავრობის არაღიარების მსგავს კანონს, რომელიც ჯო უილსონმა და მისმა თანამოაზრეებმა 2023 შეიმუშავეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2024 წელს, დეკემბერში მოაწერა ხელი. საკანონმდებლო აქტი სირიის ლიდერის, აწ უკვე მოსკოვში გაქცეული ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის აღიარებასა და მასთან ურთიერთობების ნორმალიზებას გამორიცხავს.
„ახლა, როცა [ასადის] რეჟიმი წასულია, ივანიშვილის რეჟიმის მიმართაც იმავე პოლიტიკას გავატარებთ. თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის წყალობით, მჯერა, ეს რეჟიმიც მალე წავა და საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - უთხრა ჯო უილსონმა Fox News-ს საქართველოსთან დაკავშირებული აქტის კონგრესში წარდგენამდე.
ასადისა და ივანიშვილის აქტებში, მსგავსად არის დასაბუთებული არაღიარების და არანორმალიზების აუცილებლობა.
- „სირიელი ხალხის წინააღმდეგ ასადის რეჟიმის განგრძობადი დანაშაულების გამო“ - „ასადის რეჟიმის ანტინორმალიზაციის აქტი“;
- „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის განგრძობადი დანაშაულების გამო“ - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ-ში საჭიროდ ჩაითვალა ასადისა და ივანიშვილის ხელისუფლებების არაღიარების დაკანონება.
„ეს არ არის რიგითი გადაწყვეტილება, ლაპარაკია კანონის მიღებაზე. კანონი უმაღლესი ძალის არის. როგორც წესი, კანონების მოქმედება სცდება შეერთებული შტატების ფარგლებს, პოლიტიკურ კონტექსტში. ეს არის სიგნალი დემოკრატიული სამყაროსთვის - იმავე დიდი ბრიტანეთისთვის, კანადისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომ აი, ამ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებასთან არ დაამყარონ არავითარი კავშირი“, - ფხალაძე გვეუბნება, რომ ასეთი აქტი არ ნიშნავს „მხოლოდ პოლიტიკურ კეთროვანად გამოცხადებას“, თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური შედეგები და ჩნდება მეორადი სანქციების დაწესების რეალური საფუძველიც - ბიზნესურთიერთობაში შესული პირებისთვის.
ცხადია, საქართველოსა და სირიის პირდაპირი შედარება შეუძლებელია.
„ანტინორმალიზაციის აქტის“ დამტკიცებამდე, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაც არაერთხელ დაუმტკიცდა, უკვე დაწესებული ჰქონდა მთელი რიგი მკაცრი სანქციები; თუმცა ამ კანონმა სანქციების არეალი კიდევ უფრო გააფართოვა - ცალკეული ინდივიდებისა თუ სტრუქტურების დონეზე და სიაში შეიყვანეს, მაგალითად, ასადის პარტია „ბაასი“ თუ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო. სანქციების სამიზნე გახდნენ ასევე ასადის რეჟიმთან რაიმე სახით დაკავშირებული მესამე პირები - ფიზიკური თუ იურიდიული.
აშშ-მა და ევროკავშირმა არ აღიარეს 2020 წელს სირიაში ჩატარებული არჩევნები, რომელში გამარჯვებაც ასადის კოალიციამ იზეიმა.
წლების განმავლობაში სირიის მტკიცე მოკავშირე იყო რუსეთი და სწორედ პუტინმა შეიფარა ბაშარ ალ-ასადი და მისი გარემოცვა - გასული წლის მიწურულს, სირიაში რეჟიმის საბოლოოდ დამხობის შემდეგ. ასადის რეჟიმის დამხობა პუტინისთვის უდიდეს მარცხად განიხილება.
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, სირიაში, ანტისამთავრობო გამოსვლები 2011 წელს დაიწყო და მალევე - შეიარაღებული დაპირისპირება გაჩაღდა. გაძლიერდნენ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებებიც.
არაღიარებული ხელისუფლებების წინააღმდეგ, როგორც წესი, სანქციებიც წესდება.
მართალია, აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, თუმცა სანქციები და სავიზო შეზღუდვები უკვე დაწესდა და მათ შორის პარტიის მილიარდერი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის“.
ბელარუსი - ლუკაშენკას არაღიარებული ხელისუფლება
ბელარუსი რუსეთის მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრეზიდენტად არც მანამდე აღიარებდა. მაშინაც და ახლაც, მას ავტორიტარ ლიდერად მოიხსენიებენ.
2020 წლის აგვისტოში, ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ გაყალბებულად და, შესაბამისად - არალეგიტიმურად გამოაცხადა. ითქვა, რომ ბელარუსის არჩევნებში რუსეთი ჩაერია.
გაყალბებული არჩევნების გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს როგორც თავად ლუკაშენკას, ასევე მისი ხელისუფლების ათობით წარმომადგენელს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლუკაშენკას ხელისუფლების არაღიარების შესახებ 2020 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა, მინსკის სადავო არჩევნებიდან 45-ე დღეს, ბელარუსი ხალხის მასშტაბური პროტესტის ფონზე.
„შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ბელარუსის კანონიერად არჩეულ ლიდერად ალიაქსანდრ ლუკაშენკა აღიაროს. უნდა დაიწყოს ეროვნული დონის დიალოგი, რათა ბელარუსმა ხალხმა შეძლოს ისარგებლოს საკუთარი უფლებით - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე აირჩიოს თავისი ლიდერები, დამოუკიდებელი მეთვალყურეობის პირობებში“, - განაცხადეს იმ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
ოდნავ უფრო ადრე, განცხადებები გაკეთდა ევროკავშირშიც.
„სიტუაცია ჩვენთვის ნათელია. 9 აგვისტოს [ბელარუსში] ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მივიჩნევთ. ლუკაშენკას არ ვაღიარებთ ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად“, - განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროკავშირის მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.
იმ პერიოდში ევროკავშირი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა სანქციების დაწესებას, კონსენსუსის არარსებობის გამო. წინააღმდეგი იყო კვიპროსი.
ლუკაშენკას ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების პირველი პაკეტის დაწესება ბრიუსელმა მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში შეძლო. 2020 წლის დეკემბერში სანქციები უკვე მოქმედებდა 88 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის წინააღმდეგ.
სადამსჯელო ზომების ჩამონათვალშია როგორც სავიზო შეზღუდვა, ასევე ეკონომიკური და ფინანსური აქტივების გაყინვა; ხოლო კონკრეტულ ადამიანებს აეკრძალათ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში [შენგენის ზონა] შესვლა, ასევე სატრანზიტო გადაადგილება ამ ქვეყნების გავლით.
დაახლოებით იმავე პერიოდში, ლუკაშენკას ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა აშშ-მაც.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, ბელარუსში სანქციები დაუწესა არაერთ ოფიციალურ პირს, გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
სანქციები დააწესეს ასევე დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა.
ბელარუსში, 16 ოფიციალურ პირს, დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლის გამო, სანქციები 2006 და 2010 წლების არჩევნების შემდეგაც დაუწესდათ. თანდათან, რეპრესიების ფონზე, სანქცირებულთა სია სულ უფრო ფართოვდებოდა.
სანქციები კიდევ უფრო დამძიმდა 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ლუკაშენკა პუტინის მთავარ მოკავშირედ გამოვიდა. თავის მხრივ, კრემლიც აქტიურად უჭერდა მხარს მინსკს - 2020 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს, მათ შორის - ფინანსურად.
ვენესუელა - არაღიარებული მადურო და მისი ხელისუფლება
პრეზიდენტად დასავლეთი არც ვენესუელის ამჟამინდელ ლიდერს, სოციალისტ ნიკოლას მადუროს მოიხსენიებს.
2018 და 2024 წლებში, მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში განმეორებით იყარა კენჭი, მაგრამ მისი პრეზიდენტობა საერთაშორისო თანამეგობრობამ არც ერთხელ არ აღიარა.
2018 წელს, მადუროს ნაცვლად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის - აშშ-მა, ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო აღიარა, ხოლო 2024 წელს აღიარეს - ასევე ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, დაპატიმრების საფრთხის გამო.
არაღიარების პროცესს თან ახლავს სანქციებიც.
2018 წლის მაისში, მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელებს ვენესუელასთან ნავთობით ვაჭრობა აეკრძალათ.
2019 წელს, აშშ-მა სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (PdVSA). იყო არაერთი სხვა სანქციაც, მადუროს გარემოცვის მთელი რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ.
თავად მადუროს აშშ-მა სანქციები 2018 წლამდე დაუწესა, როდესაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან ბრძოლა გამოუცხადა ოპოზიციურ პარლამენტს.
სირიის მსგავსად, ვენესუელაც იმ ქვეყნების მცირერიცხოვან ჯგუფშია, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის მსგავსად, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
რუსეთის მტკიცე მოკავშირე მადურო ახლა საქართველოს აშშ-ის „კოლონიზაციისგან“ იცავს და ამბობს, რომ ვაშინგტონი საქართველოს საქმეებში ერევა.
სხვადასხვა დროს, მმართველობის სადავეებთან მოხვედრილი ჯგუფი ხელისუფლებად არ აღიარეს:
- მიანმაში [ყოფილი ბირმა] - 2021 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ;
- ავღანეთში - სადაც 2021 წელს, ქვეყნის სათავეში განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი თალიბანის რეჟიმი დაბრუნდა;
- იემენში - სადაც 2015 წელს მეამბოხე ჰუსიტებმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს;
- ნიგერში - 2023 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ.
საქართველო და "დიპ სტეიტი"
8 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ თანაავტორსა და ინიციატორს, ჯო უილსონს, „ქართული ოცნება“ „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოვლინებასა“ და „დეგრადირებულ პოლიტიკოსს“ უწოდებს.
„[კონგრესმენი უილსონი] უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“, - წერია ტექსტში. ამავე ტექსტის თანახმად, „დიპ სტეიტს“ წარმოადგენს ყველა უცხოელი ლიდერი, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ანტიდემოკრატიულად და ანტიდასავლურად მიიჩნევს, - ასეთები კი უკვე მრავლად არიან.
„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს“, - აცხადებს „ოცნების“ პოლიტსაბჭო.
ექსპერტებისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ პარტია სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან გააიგივოს.
„"ქართული ოცნება" ამბობს - სახელმწიფო ეს მე ვარ და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი პარტიული დღის წესრიგი და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დღის წესრიგი. "ოცნებას" მიაჩნია, რომ მისი ლიდერების კეთილდღეობა წარმოადგენს ქვეყნის კეთილდღეობას, მაგრამ ეს ასე არ არის“, - ეუბნება თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას და დასძენს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად პირიქით არის.
იმის დასტურად, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ ხალხს, პირიქით - უფრთხილდებიან, თენგიზ ფხალაძისთვის ის ფაქტიც კმარა, რომ - ევროკავშირს უვიზო რეჟიმი ხალხისთვის არ გაუუქმებია.
„საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“, - აცხადებს „ოცნების“ პოლიტსაბჭო, 8 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ გარდა, კონგრესის განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა დარეგისტრირდა ორპარტიული „მეგობარი აქტი“. სანქციებს ის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს.
„მეგობარი აქტი“, „თაფლაკვერისა და მათრახის“ პრინციპია, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყანას სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სხვა სიკეთეებს ჰპირდება, ხოლო თუკი არაფერი შეიცვლება, სადამსჯელო ზომები გაძლიერდება.
26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება და პირველ, არაპირდაპირ არჩევნებში პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის გაყვანა „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე, ფორმალურად თუ არაფორმალურად, რამდენიმე ქვეყანამ მიულოცა, მათ შორის, უშუალო მეზობლებმა (აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა), უნგრეთმა და ჩინეთმა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ევროპარლამენტი, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებენ.
ევროკავშირმა, ერთგვარ სანქციად, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეზღუდვის პროცედურა დაიწყო. დიპლომატიური პასპორტებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების როგორც უმაღლესი, ასევე მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირები სარგებლობენ.
ბრიუსელში მოელიან, რომ დიპლომატიური პასპორტების სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებული პროცედურები 24 იანვრისთვის დასრულდება და ძალაში თებერვლიდან შევა. სხვა სანქციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს და არ გამორიცხავენ, რომ - ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სადაც საქართველოს მაღალჩინოსნები დაასანქცირეს, ეს პროცესი წევრმა ქვეყნებმა ორმხრივ რეჟიმში გააგრძელონ.
ფორუმი