ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აშშ გააკრიტიკა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციის გამო.
თავისი სატელევიზიო გადაცემის, “მადუროსთან +-ის”, მაყურებლებს მან უამბო “რუსეთიდან სამხრეთით მდებარე” საქართველოდან “ცხელი საერთაშორისო ახალი ამბების” შესახებ.
“ეს არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წავიდა აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებული გზით. იქ იყო მთავრობები, რომლებიც ძალიან იყვნენ აშშ-ზე დამოკიდებულნი. წლებთან ერთან წარმოიშვნენ და ხელისუფლებაში მოვიდნენ პროგრესული მემარცხენეები და ნაციონალისტური ძალები. გასულ კვირას მათ სამაგალითო გამარჯვება მოიპოვეს და ქართველი ხალხის ხმების 56% დააგროვეს (იგივე პროცენტი აჩვენა კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა. რედ.) რას ამბობენ შეერთებული შტატები? “არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვთ შედეგების გადახედვას, მოვითხოვთ საქართველოში ხელახალ არჩევნებს”. თქვენ გჯერათ, რომ მსოფლიოში ხალხს სურს ექცეოდნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიას?”- იკითხა მადურომ.
ის ამბობს, რომ აშშ თავს პლანეტის მეპატრონედ მიიჩნევს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ვენესუელაში, რუსეთსა და საქართველოში.
ვენესუელა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2009 წელს ამ ქვეყანამ რუსეთის შემდეგ ცნო საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა.
28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოცხადდა. მან მესამე საპრეზიდენტო ვადით დაიკავა პოსტი.
არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მადურო შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა ხმების 70%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიციამ გამოაქვეყნა ოქმები საარჩევნო უბნების 80%-ზე მეტიდან, რომლებშიც ჩანს, რომ გონსალესმა არჩევნებში მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიას, რომელმაც მადურო გამარჯვებულად გამოაცხადა, ოქმები არ გამოუქვეყნებია.
ლათინური ამერიკის ცხრა სახელმწიფო, მათ შორის არგენტინა, კოსტა-რიკა, პანამა, პარაგვაი და ეკვადორი, ეჭვქვეშ აყენებდნენ მადუროს გამარჯვებას და მოითხოვდნენ არჩევნების შედეგების გადახედვას.
აშშ-მა არჩევნებში გამარჯვებულად დაასახელა მადუროს კონკურენტი ედმუნდო გონსალესი, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. ის ევროპარლამენტმა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, სანამ საარჩევნო უბნების შედეგები გამოცხადდებოდა.
ვენესუელის საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა.
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.
„გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს. შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, "ძლიერ შემაშფოთებელია" 26 ოქტომბერს გამართული "არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენები".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა არ გამორიცხა "დამატებითი შედეგები, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება". მანვე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული.
27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე.
მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩინეთმა, თურქეთმა.
ფორუმი