Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა.

მილერმა თავისი განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო:

"შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას", - აღნიშნა მილერმა.

მისი სიტყვებით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.

"ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულყოფილად გამოძიებაზე და მოვუწოდებთ [ხელისუფლებას], პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას".

მოგვიანებით მან ჟურნალისტ ალექს რაიფოღლუს კითხვის პასუხად განმარტა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული:

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი", - თქვა მილერმა.

მან თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა, რომ წელს არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხა მოსალოდნელი "შედეგები".

"ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - თქვა მან.

მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რაც "ამჟამინდელი მმართველი პარტიის ["ქართული ოცნების"] მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციითაც" არის გათვალისწინებული.

"ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განიხილონ ის ურთიერთობა, რაც სურთ ევროპის საზოგადოებასთან, ვიდრე გაამკაცრონ ავტორიტარების მიერ შექებული პოლიტიკა. [...] საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG