Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო, ჟურნალისტი, პროგრამისტი - ბელარუსში იზრდება "სახელმწიფო ღალატისთვის" გასამართლებულთა რიცხვი


მედიამენეჯერი პავალ ბიელავუსი 2023 წლის მაისში "სახელმწიფო ღალატისთვის" გაასამართლეს
მედიამენეჯერი პავალ ბიელავუსი 2023 წლის მაისში "სახელმწიფო ღალატისთვის" გაასამართლეს

თვე არ გავა, რომ ბელარუსში დიდი სასჯელები არ მიუსაჯონ რეჟიმის ოპონენტებს. 2 ივლისს მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს. ისინი დამნაშავედ მიიჩნიეს შეთქმულების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და "ექსტრემისტულ ფორმირებაში" მონაწილეობის საქმეზე.

ასევე ფართოდაა გავრცელებული ბელარუსის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაში სახელმწიფო ღალატის მუხლი, რომლითაც რამდენიმე ათეული ადამიანია გასამართლებული. მათ შორის, როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა დაადგინა, არა მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, არამედ უბრალო მოქალაქეებიც არიან.

„ეს ბუნდოვანების მკაფიო მაგალითია“

ბელარუსში 1990-იანი წლებიდან დაწყებული ვიდრე 2020-მდე, სახელმწიფო ღალატს, სამხედრო სფეროში ჯაშუშობასა და უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში ეჭვმიტანილებს, ერთი - სისხლის სამართლის 356-ე მუხლით ასამართლებდნენ.

მაგრამ 2020 წლის აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსის რეჟიმმა საყოველთაო რეპრესიებს მიჰყო ხელი და სასამართლოებს განაჩენები უკვე სხვა პუნქტებითაც გამოაქვთ.

ბელარუსის სსკ-ის 356-ე მუხლით სახელმწიფო ღალატად ითვლება მტრის მხარეზე გადასვლა ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან იმგვარი კომუნიკაცია, რომელიც ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს აყენებს. ასეთი მუხლით ბრალდებული პირების სასამართლო პროცესები ტრადიციულად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ტარდება, ხოლო დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ხოლო თუ ღალატში საპასუხისმგებლო პოსტზე მყოფი თანამდებობის პირი ან სამხედრო მოსამსახურე ცნეს დამნაშავედ, მას 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ იურისტის, პაველ საპელკოს აზრით, იმ მუხლის ფორმულირება, რომელიც „სახელმწიფო ღალატად“ აცხადებს უცხოურ სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოური ორგანიზაციების ან მათი წარმომადგენლებისთვის „ნებისმიერ დახმარებას“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართოა.

"ეს არის გაურკვევლობისა და ისეთი დისპოზიციის ნათელი მაგალითი, რომელიც კანონის თვითნებური გამოყენების საშუალებას იძლევა სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში. ის მოქმედების ფართო ასპარეზს აძლევს გამომძიებლებს, უსაფრთხოების ძალებისა და კაგებეს წარმომადგენლებს და, როგორც დღეს ხდება, [ხელისუფლების ხელში] პოლიტიკური მოტივებით მოქალაქეების დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენს", - ამბობს პაველ საპელკო.

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) კაგებეს ხელმძღვანელ ივან ტერტელთან თათბირის დროს
ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) კაგებეს ხელმძღვანელ ივან ტერტელთან თათბირის დროს

წელს, თებერვლის ბოლოს, ბელარუსის კაგებეს თავმჯდომარემ ივან ტერტელმა განაცხადა, რომ 356-ე მუხლით ბელარუსში გასამართლდა 45 ადამიანი. არანაირი სხვა განახლებული სტატისტიკა მას შემდეგ მინსკს არ წარმოუდგენია.

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრძელდება დახურული სასამართლო პროცესები ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სახელმწიფოს მოღალატეთა“ რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, განხილვის პროცესშია პოლიტიკოსების: სვიატლანა ციხანოუსკაიას, პაველი ლიატუშკოს, მაია მოროზის, ოლგა კოვალკოვასა და სერგეი დილევსკის საქმეები. განაჩენს ელოდებიან „ბაიპოლის“ (ByPol) წარმომადგენლები: ალექსანდრ აზაროვი, მატვეი კუპრეიჩიკი, ვლადიმირ ჟიგარი, ოლეგ ტალერჩიკი, ანდრეი ასტაპოვიჩი და სხვები.

"სახელმწიფო ღალატისთვის" ბელარუსში პირველი მსჯავრდადებული სამხედრო მოსამსახურეა

2020 წლის შემდეგ "სახელმწიფო ღალატისთვის" პირველი სასჯელი ბელარუსის გენერალური შტაბის კაპიტანს, დენის ურადს გამოუტანეს. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რომ საპროტესტო აქციების აღსაკვეთად ხელისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებას გეგმავდა. ბრალდების თანახმად, დენის ურადმა, სავარაუდოდ, მობილურით გადაიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრისათვის გაგზავნილი საიდუმლო წერილი და ის პოლონეთის ტელეგრამის არხს გაუგზავნა. საქმე უზენაეს სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილებოდა და მოსამართლე ალექსანდრ ლუპინოვიჩმა ბრალდებულ ოფიცერს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სახელმწიფო ღალატის მუხლით პირველად 2020 წელს, ბელარუსის გენშტაბის თანამშრომელი, კაპიტანი დენის ურადი გაასამართლეს
სახელმწიფო ღალატის მუხლით პირველად 2020 წელს, ბელარუსის გენშტაბის თანამშრომელი, კაპიტანი დენის ურადი გაასამართლეს


2021 წლის მარტში სახელმწიფო ტელეარხმა „ოენტემ“ აჩვენა ფილმი" მანქურთები", რომლის თანახმად, 2020 წლის ნოემბერში კაგებეს პოლკოვნიკმა ალექსანდრ ხროლოვიჩმა ფარულად ჩაიწერა ნატალია ეისმონტის (ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესმდივნის) სატელეფონო საუბრები და ჩანაწერები ტელეგრამის არხ „ნეხტას“ (Nexta) გადასცა. ნატალია ეისმონტი ოფიციალურ პირებს აქციების დროს ძალოვნების მიერ მოკლული აქტივისტის, რომან ბონდარენკოს შესახებ ესაუბრებოდა. ხროლოვიჩს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნატალია ეისმონტის ამ საუბრის გაჟონვისთვის გაასამართლეს და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ნაწილის პასუხისმგებელ ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დმიტრი სამსონოვს.

356-ე მუხლით სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ყოფილ ჯარისკაცს, კაპიტან პაველ კუჩინსკის. ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესახებ დეტალები უცნობია.

როგორც რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი, იური დრაკოხრუსტი ამბობს, მკაცრი სასჯელები ემუქრება ყველას, ვინც გაამჟღავნებს საქმის მასალებს.

"ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ნათესავებსა და ოჯახის წევრებზე ზეწოლის პოლიტიკა, რათა მათ უფლებადამცველებსა და მედიას არ აცნობონ საქმის არსი. ხელმოწერილი აქვთ გაუხმაურებლობის შესახებ ხელწერილი და მათ უბრალოდ ეშინიათ საუბარი. იგივე ეხებათ ადვოკატებსაც.

რამდენადაც ცნობილია, უკვე ძალიან ბევრი ადვოკატი გაირიცხა ადვოკატთა კოლეგიიდან იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მათი საქციელი არალოიალურად მიიჩნია. რამდენიმე ადვოკატი კი გაასამართლეს და ისინი საპატიმროებში იმყოფებიან", - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს იური დრაკოხრუსტმა. ჩვენი კოლეგა ერთ-ერთია იმ 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს შორის, რომლებსაც ივლისის დასაწყისში მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასჯელი შეთქმულებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და "ექსტრემისტულ ფორმირებაში" მონაწილეობის საქმეზე.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი - 8-დან 14 წლამდე

ტელეკომპანია „ბელსატის“ ჟურნალისტი ეკატერინა ბახვალოვა (ანდრეევა) 2020 წლის 15 ნოემბერს მინსკის ცენტრში, „ცვლილებათა მოედანზე“ დააკავეს. ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის დროს ჰყვებოდა, თუ როგორ შლიდა სპეცრაზმი უსაფრთხოების ძალების მიერ მანამდე მოკლული რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას.

ეკატერინას და მის კოლეგას დარია ჩულცოვას თავდაპირველად "პოპულარული" 342-ე მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წელს სააგენტო "ბელსატის" ჟურნალისტ ეკატერინა ანდრეევას ჯერ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირდაპირი ჩართვისთვის ქალთა მარშიდან, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია. 2022 წელს კი ჟურნალისტს მუხლი შეუცვალეს და გაასამართლეს როგორც "სახელმწიფოს მოღალატე"
2021 წელს სააგენტო "ბელსატის" ჟურნალისტ ეკატერინა ანდრეევას ჯერ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირდაპირი ჩართვისთვის ქალთა მარშიდან, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია. 2022 წელს კი ჟურნალისტს მუხლი შეუცვალეს და გაასამართლეს როგორც "სახელმწიფოს მოღალატე"

მაგრამ 2022 წელს ეკატერინას ბრალი წაუყენეს "სახელმწიფო ღალატში". გამოძიება სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. გომელის კოლონიიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანიდან 55 დღის განმავლობაში ახლობლებმა არ იცოდნენ არც ეკატერინას სტატუსისა და არც მუხლის შესახებ. სასამართლო სხდომა მოსამართლემ დახურა. ჯერჯერობით უცნობია, ჟურნალისტს რა ჩაუთვალეს "სახელმწიფო ღალატად", რის გამოც მას 8 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ანდრეი ალექსანდროვი და ბიზნესმენი ირინა ზლობინა, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „ბელაპანის“ საქმეში ფიგურირებდნენ, 2021 წლის იანვარში „საპროტესტო საქმიანობისა და ამ აქციებში მონაწილე პირების დაფინანსების“ ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ზლობინასა და ალექსანდროვს მუხლი შეუცვალეს და საბოლოოდ ისინიც „სახელმწიფო ღალატის“ გამო გაასამართლეს.

2022 წელს, დახურულ სასამართლოზე ალექსანდროვს 14, ხოლო ზლობინას - 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

პროგრამისტ დმიტრი მოსტოვოის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აეროდრომ მაჩულიშჩიში დისლოცირებულ რუსეთის თვითმფრინავზე დრონებით თავდასხმის ხელშეწყობისთვის
პროგრამისტ დმიტრი მოსტოვოის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აეროდრომ მაჩულიშჩიში დისლოცირებულ რუსეთის თვითმფრინავზე დრონებით თავდასხმის ხელშეწყობისთვის

„სახელმწიფო ღალატის“ მუხლით საერთო რეჟიმის კოლონიაში 10 წლით პატიმრობას იხდის პროგრამისტი დმიტრი მოსტოვოი. იგი 2023 წლის მარტში დააკავეს. მოგვიანებით პროპაგანდისტული ტელეარხ „ოენტეს“ საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მოსტოვოი თითქოს მაჩულიშჩის აეროპორტიდან თავისი ნოუთბუკით, სკაიპის საშუალებით მიერთებული იყო დამოუკიდებელ სადამკვირვებლო პროექტ „ბელარუსკი ჰაიუნზე“, რომელიც თვალს ადევნებს რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო აქტივობებს.

სწორედ „ბელარუსკი ჰაიუნმა“ გადასცა ცნობა დრონების იერიშის შედეგად მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე ბაზირებული А-50 ტიპის სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავის დაზიანების შესახებ.

ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“), რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.

ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის, BYPOL-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა დივერსიის შედეგად: დაზიანებულია ხომალდის ელექტრონული აღჭურვილობა - ავიონიკა, წინა და ცენტრალური ნაწილი, სანავიგაციო თეფში, რომელიც ახდენს ტერიტორიის სკანირებას.

მიუხედავად იმისა, რომ დმიტრი მოსტოვოი თავს უდანაშაულოდ თვლიდა, დახურულ სასამართლო სხდომაზე პროგრამისტი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის მუხლით და 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

„ინკომუნიკადოს რეჟიმი“

ბელარუსის რეჟიმის 2020 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ამოქმედებული რეპრესიები 2024 წელსაც გრძელდება.

26 ივლისს მინსკის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის - „კიევის კურატორობით გამარჯვების დღეზე დაგეგმილი ტერაქტის“ საქმის განხილვას. დახურულ პროცესზე ხუთ ბრალდებულს ერთდროულად ექვსი, მათ შორის „სახელმწიფო ღალატის“ (სს კოდექსის 356-ე მუხლის პირველი ნაწილი) მუხლით გაასამართლებს თავისი სასტიკი განაჩენებით ცნობილი მოსამართლე, სერგეი ხრიპაჩი. ის ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.

ბელარუსის რეჟიმი მკაცრად აკონტროლებს სხვადასხვა კოლონიაში მყოფ 356-ე და სხვა მძიმე მუხლით გასამართლებულ პატიმრებს. ისინი სრულიად მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს და მათი უმრავლესობა ახლობლებთან კონტაქტის თითქმის ყოველგვარ შესაძლებლობას არის მოკლებული.

„ასეთი პატიმრების მიმართ ბელარუსის რეჟიმი ფართოდ იყენებს ე.წ. ინკომუნიკადოს რეჟიმს. ეს ნიშნავს, რომ მათთან არ უშვებენ ადვოკატებს, მათ არა აქვთ არავითარი მიმოწერის უფლება ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო გავრცელებული ცალკეული კატეგორიის პატიმრობის მიმართ სასჯელის მოხდა "მიმოწერის უფლების გარეშე“. და თუ მათ შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც ჟონავს, ეს ხდება იმ პატიმრების საშუალებით, რომლებიც პოლიტპატიმრებთან ერთად იხდიდნენ სასჯელს და ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან“, - ამბობს იური დრაკოხრუსტი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG