Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი შვილებსა და გარემოცვას შორის - ვის დარჩება ჩეჩნეთი?


მაგომედ დაუდოვი, რამზან კადიროვი, ადამ კადიროვი. ილუსტრირებული ფოტო
მაგომედ დაუდოვი, რამზან კადიროვი, ადამ კადიროვი. ილუსტრირებული ფოტო

თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა, რომელიც რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრად და კადიროვის უმცროსი ვაჟის, ადამ კადიროვის მეურვედ მიიჩნეოდა. სპეციალისტები ამ ცვლილებას კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებენ.

რამზან კადიროვის Telegram-არხზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, დაუდოვი საკუთარი სურვილით გადადგა: „დღეს მაგომედ ხოჟახმედოვიჩმა გადაწყვიტა, რომ მას აღარ სჭირდებოდა ამ თანამდებობაზე დარჩენა და სხვა სფეროებში უნდა ეძია თავი“.

მაგომედ დაუდოვს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ეკავა. რამზან კადიროვს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ სფეროში აპირებს თავის პოვნას ყოფილი სპიკერი. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის Kavkaz.Realii-ს რედაქცია მიიჩნევს, რომ მაგომედ დაუდოვი შესაძლოა სამუშაოდ გადაიყვანონ უსაფრთხოების ფედერალურ ბლოკში ან მიავლინონ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩრდილო კავკასიის საკითხების ზოგიერთი ექსპერტი დაუდოვის „მოხსნას“ უკავშირებს ძალაუფლებისათვის ბრძოლასა და კადიროვის ეჭვიანობას.

მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვის უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა. ის ასეთად მიიჩნევს თავს თანამდებობის დატოვების შემდეგაც. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა თანამდებობას დაიკავებს, დაუდოვმა თქვა, რომ მისი მოწოდებაა „ახმატ-ჰაჯი კადიროვის (რამზან კადიროვის მამის - რ.თ.) გზაზე ყოფნა“.

მაგომედ დაუდოვი ჩეჩნეთში ასევე ცნობილია მეტსახელით „ლორდ“. ჩეჩნეთის პარლამენტამდე ის ხელმძღვანელობდა კადიროვის ადმინისტრაციასა და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმს („ომონს“). არაერთი უფლებადამცველის აზრით, სწორედ დაუდოვის ორგანიზებულია კადიროვის ოპონენტთა საჯარო მობოდიშებები, გატაცებები და ფიზიკური ლიკვიდაციები. პარლამენტის თავმჯდომარეობის პარალელურად ის ასევე კურირებდა პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტს ქალაქ გუდერმესში. ამ თანამდებობაზე დაუდოვი რამზან კადიროვის ვაჟმა, ადამმა შეცვალა.

მაგომედ დაუდოვი
მაგომედ დაუდოვი

2011 წელს დაუდოვი მოკვლით ემუქრებოდა ნაფიც მსაჯულებს, რომლებმაც გაამართლეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების სავარაუდო წევრები. Kavkaz.Realii-ს წყაროს ცნობით, 2016 წელს „ლორდმა“ ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ტახირ მურდალოვს სცემა. დაუდოვი ფიგურირებს „კავკასიის ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის რუსლან კუტაევის წამების ისტორიაშიც. მიზეზი: კუტაევმა არ შეასრულა რამზან კადიროვის მოთხოვნა, გამოცხადებულიყო მასთან აუდიენციაზე. ამის შემდეგ რუსლან კუტაევის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

2007 წელს დაუდოვს მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაუდოვმა დაიწყო რეგიონული ოპერატიული შტაბის მუშაობის ზედამხედველობა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად. 2023 წლის ზაფხულში მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 2024 წლის აპრილში მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

რამდენად უკავშირდება დაუდოვის გათავისუფლება კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

მაგომედ დაუდოვის მომავალსა და ჩეჩნეთში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს ჩეჩენი უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი, რომელმაც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს უთხრა, რომ დაუდოვის მომავალი ბუნდოვანია:

„გადადგომის შესახებ გაკეთებულ ვიდეოგანცხადებაში აშკარად ჩანს, რომ ძალიან შეშინებულია. ერთადერთი, რასაც ის მანტრასავით იმეორებდა, ახმატ კადიროვის გზის ერთგულების დაპირება იყო. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ კადიროვმა ყველასთვის მოულოდნელად, უპირველეს ყოვლისა თვითონ დაუდოვისთვის მოულოდნელად, მოხსნა ის და მის ადგილზე ეგრევე დანიშნა შაიდ ჟამალდაევი. კაცი საბჭოთა წარსულიდან, სადაც მას გარკვეული თანამდებობები ეკავა. ჟამალდაევი ასევე იყო დუდაევის ოპოზიციაში და, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებოდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას. მოკლედ, სისტემის ძველი ჯარისკაცია“.

აბუბაქარ იანგულბაევი
აბუბაქარ იანგულბაევი

ექსპერტთა ნაწილის თქმით, მაგომედ დაუდოვის მოულოდნელი გათავისუფლება შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმას, რომ ის რაღაც საქმეებს აკეთებდა უფროსის, რამზან კადიროვის ზურგს უკან და მისი ნებართვის გარეშე. შესაძლოა ეს იყოს ფულის მითვისება ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. თუ ეს ასეა და საკადრო ცვლილება ძალაუფლებისთვის ბრძოლას არ უკავშირდება, კადიროვი ალბათ ძალიანაც არ გაკიცხავს თავისი ახლო წრის წარმომადგენელს და უბრალოდ დააქვეითებს.

მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვის მესამე შვილის, ადამის ერთგვარი აღმზრდელია, ლამის ხელჩაკიდებული დაჰყავდა ყველგან და არასოდეს სცილდებოდა.

რატომ უკეთებს PR-ს რამზან კადიროვი ძირითადად თავის უმცროს შვილს და არა უფროსს, ახმატს?

„უფროს შვილს, ახმატ კადიროვს ყველაფერი წესრიგში აქვს, ის პუტინსაც კი შეახვედრეს, რაც გარკვეულწილად ამჟღავნებს კიდეც რამზან კადიროვის განზრახვას, - ამბობს აბუბაქარ იანგულბაევი, - უმცროსთან დაკავშირებით კი ბოლომდე არ არის სიცხადე. ფაქტი ისაა, რომ ყველაფერი კეთდება მისი რეპუტაციის ასამაღლებლად“.

პოლიტოლოგი რუსლან აისინი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდეს ძალაუფლების გადაცემა რამზან კადიროვის შვილებისთვის, თუმცა, ექსპერტის თქმით, ამ ვარიანტის განხორციელება უკიდურესად რთული იქნება:

„ლიდერის ქარიზმას მემკვიდრეობით ვერ გადასცემ. შეგიძლიათ გადასცეთ უფლებამოსილებები, რეგალიები, მაგრამ შიში და ძალაუფლების ქარიზმა საკმაოდ რთული გადასაცემია. იმის გამო, რომ რამზანის მამა, ახმატ კადიროვი, დიდი გაქნილი ვინმე იყო, თავად რამზანს კი გამოცდილი მეომრის რეპუტაცია აქვს, მათ ფონზე ადამ კადიროვი ძალიან უღონოდ და სუსტად მოჩანს. მისი იმიჯი დიდად არ შეესაბამება მრისხანე მამის იმიჯს. ის გაზულუქებული ახალგაზრდაა, რომელიც პირში ვერცხლის კოვზით დაიბადა და ფუფუნებაში გაიზარდა. ეს დიდი პრობლემაა ამ ტიპის ყველა ავტოკრატისთვის, ვისაც სურს თავისი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა. ისტორიამ ბევრი ასეთი მაგალითი იცის, როცა დოყლაპია შვილი გარემოებათა გამო უბრალოდ ანგრევდა მთელ სისტემას, რომელსაც მისი მამა, ბაბუა, ბაბუის მამა და ა.შ. აშენებდნენ. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ხელისუფლების პირდაპირ მემკვიდრეობით გადაცემა. გარდა ამისა, თუ ეს პროცესი დაემთხვევა პუტინის წასვლის ან მისი დასუსტების მომენტს, მაშინ კადიროვი დაკარგავს თავის მთავარ რესურსს - პირად ურთიერთობას პუტინთან. მის შვილიკოს უბრალოდ დაგლეჯენ“.

რუსლან აისინი
რუსლან აისინი

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანიც, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ, როგორც წესი, ავტოკრატიებში ჭირს ძალაუფლების მემკვიდრეობით წარმატებული გადაცემა.

„არის უნიკალური შემთხვევები, როცა ავტოკრატიები ძალაუფლებას გადასცემენ მემკვიდრეობით. ამის მაგალითია აზერბაიჯანი. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ჩვეულებრივ არაფერი მსგავსი არ ხდება. მამა მოკვდა, შვილები შეჭამეს. ასეთი წესია. რა ემართება პერსონებზე აგებულ სისტემებს, როცა ეს პერსონები იხოცებიან ან ძველებურად ქმედითუნარიანები ვეღარ არიან, ამას ვხედავთ და კიდევ უფრო მეტს დავინახავთ ჩეჩნეთის მაგალითზე“, - ამბობს ეკატერინა შულმანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთის მსგავსი პრობლემები დაუდგება რუსეთსაც, რადგან ჩეჩნეთი, მისი თქმით, რუსეთის ერთგვარი პაროდიაა.

რუსლან აისინის თქმით, კადიროვის უმცროსი ვაჟისგან ძალიან რთულია მომავალი მმართველის გამოძერწვა, რასაც მთელი მონდომებით ცდილობენ კადიროვი და მისი გარემოცვა:

„გასაგებია, რომ ბიჭი დიდად არ არის დაჯილდოებული ინტელექტით და სხვა უნარებით. ამიტომ სჭირდება მას გარკვეული სახის „ძალოვანი“ რესურსი, ჩვენება იმისა, რომ მას ჰყავს საკუთარი ჯარისკაცები, ერთგული მსროლელები. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხი მას გაჰყვება, ის უბრალოდ სხვა ადამიანია. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფედერალურმა ცენტრმა დაუშვას ე.წ. ძალოვანი უწყებების ფრაგმენტაცია კადიროვის უსასრულო ნათესავებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დუნე პიარ-მცდელობა, რომელიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება თავისი მედლებით, გმირებით, დამსახურებებითა და ა.შ. რატომ ჩქარობს კადიროვი? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. თავისი შვილის კარიერულ კიბეზე ზედმეტად გულმოდგინედ დაწინაურება გაკვირვებაზე მეტად, სიცილს იწვევს. რამზან კადიროვს ოთხი ცოლი და უზარმაზარი შთამომავლობა ჰყავს. როგორც ჩანს, მოქმედებს მემკვიდრეობის რაღაც წესი. შესაძლოა, მას სჯერა, რომ ადამი უფრო ღირსეული და უფრო ნიჭიერია, რომ მას აქვს გარკვეული საჭირო თვისებები. შეიძლება სხვებზე მეტად ერთგული ჰგონია, შეიძლება მისი რჩეულია“.

ჯამბულატ სულეიმანოვი, იჩქერიული მოძრაობის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელი ევროპაში, ამბობს, რომ მაგომედ დაუდოვი კადიროვის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან ერთად.

„თუ უახლოეს მომავალში დაუდოვს სადმე არ დანიშნავენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ კადიროვმა მასში რაღაც საფრთხე დაინახა. კადიროვი შეთქმულებისა და თანამდებობიდან გადაყენების შიშით ცხოვრობს. ეს შიში მას გაუძლიერდა აპტი ალაუდინოვის სწრაფი კარიერული აღმასვლის შემდეგ (ალაუდინოვი 2024 წლის აპრილში დაინიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ - რედ.), მაგრამ ალაუდინოვს ჩეჩნეთში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ აქვს, მაგომედ დაუდოვი კი საშიშია კადიროვისთვის თავისი ძლიერი პოზიციებით“, - უთხრა Kavkaz.realii-ს ჯამბულატ სულეიმანოვმა.

2014 წლიდან მაგომედ დაუდოვი შეტანილია აშშ-ის სანქციების სიაში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2020 წელს დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა შეზღუდვები ლგბტქ+ უფლებების დარღვევის გამო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაუდოვი პოლონეთის სანქციების ქვეშ მოექცა. უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, დაუდოვის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა 78-ე სპეციალური დანიშნულების მოტორიზებული პოლკი „ჩრდილოეთი-ახმატი“, ასევე ბატალიონები „სამხრეთი-ახმატი“, „დასავლეთი-ახმატი“ და „აღმოსავლეთი-ახმატი“... ასევე დადგინდა, რომ დაუდოვი არაერთხელ პირადად სტუმრობდა დროებით ოკუპირებულ ლისიჩანსკს, პოპასნაიასა და მარიუპოლს.

რამზან კადიროვის ჯანმრთელობა კვლავ გახდა დისკუსიისა და სპეკულაციის მიზეზი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლმა დაიწყო სცენარის შემუშავება ჩეჩნეთში ხელისუფლების მოულოდნელი შეცვლის შემთხვევისათვის. ამის მიზეზი პოლიტიკოსის სავარაუდოდ პროგრესირებადი ავადმყოფობაა. კადიროვის მასკულინური იმიჯი ცუდად ეხამება როგორც ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურის გარეგნობაში გაჩენილ თვალშისაცემ ცვლილებებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG