Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როგორ გაუთანაბრეს კადიროვის კრიტიკა ექსტრემიზმს

როგორ გაუთანაბრეს კადიროვის კრიტიკა ექსტრემიზმს


ახმედ დუდაევი და რამზან კადიროვი
ახმედ დუდაევი და რამზან კადიროვი

ჩეჩნეთში ათასზე მეტი ადამიანია ჩაბმული „უცხო ექსტრემისტული პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა, უმსხვილესი ადგილობრივი სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის „გროზნის“ ყოფილმა დირექტორმა, ახმედ დუდაევმა.

კადიროვის „პროპაგანდის მინისტრს“ არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება „ბრძოლაში“ ან „უცხოურ პროპაგანდაში“. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და მისი ავტორიტარი ლიდერი, მრავალი წელია ებრძვიან კრიტიკოსებს სოციალურ ქსელებში, თუმცა უკმაყოფილო ადამიანების ხმების ბოლომდე ჩახშობას მაინც ვერ ახერხებენ.

რამზან კადიროვისა და ახმედ დუდაევის შეხვედრა 2025 წლის თებერვლის ბოლოს შედგა. ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დუდაევი საუბრობს „გარკვეულ ძალებზე“, რომლებიც „ავრცელებენ ჭორებს და მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით“

„ჩვენი ხედვაა, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ჭორებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. <...> ჩვენ გვყავს ათასი ადამიანი საინფორმაციო სფეროში“, - დასძინა დუდაევმა. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ეს ადამიანები არიან „კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან დეზინფორმაციას“. უცნობია, რა მეთოდებზეა საუბარი და ზუსტად რას უწოდებს ჩეჩნეთის ხელისუფლება „ჭორებს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მათი აღქმა უცხოური გავლენის შესახებ ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვეულებრივ რუსეთის მოქალაქეებს წარმოუდგენიათ: სხვადასხვა „ცუდი, არასასურველი უცხოელი აგენტები“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ კრემლის პროპაგანდის ალტერნატიულ ინფორმაციას“, - ამბობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციასთან საუბარში უფლებადამცველი ალექსანდრ ჩერკასოვი, რომელიც ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებას სპეციფიკურს უწოდებს. მისი თქმით, რეგიონში აღარ არსებობს ორგანიზებული სისტემური ოპოზიცია:

„მაგრამ არიან ქედუხრელი მოქალაქეები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ გამოხატავენ თავიანთ აზრებს. სწორედ ბლოგერებმა დაამტკიცეს, რომ არიან ჩეჩნეთის რეჟიმის თანმიმდევრული სისტემური ოპონენტები. ჩეჩნები ძალიან მგრძნობიარენი არიან ღია დიალოგის მიმართ, რაც რუსეთში დიდი ხანია არ მომხდარა“.

2021 წლის შემოდგომაზე, ამან გამოიწვია ბლოგერებზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი კამპანია, რაც გამოიხატა ჩეჩნეთში მცხოვრები ნათესავების დევნაში, - ამბობს ჩერკასოვი:

„დევნამ მიაღწია სრულიად უხამს მასშტაბებს, როდესაც გროზნოში გამართულ მიტინგზე მოუწოდებდნენ ლამის ძმებ იანგულბაევების თავებით ფეხბურთის თამაშს (იბრაგიმ იანგულბაევი არის ოპოზიციური ტელეგრამარხის, 1ADAT-ის შემქმნელი). შემდეგ კი დაიწყო დიდი ომი უკრაინაში, რამაც კიდევ უფრო გაართულა ვითარება.

რადგან უკრაინის მხარეზე იბრძვის რამდენიმე ჩეჩნური დანაყოფი, რომლებშიც გაერთიანებული არიან განსხვავებული ორიენტაციისა და ლოიალობის, მაგრამ რუსეთისა და თანამედროვე ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მიმართ ერთნაირად მტრულად განწყობილი ეთნიკური ჩეჩნები. კადიროვისთვის სრულიად მიუღებელია როგორც ასეთი ჯგუფები, ისევე მათ მიმართ რამე სახის მხარდაჭერის გამოხატვა“, - ამბობს ჩერკასოვი.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნე თის ხელმძღვანელობა პირდაპირ არ აყალიბებს თავის საინფორმაციო პოლიტიკას ოფიციალურ განცხადებებსა და დოკუმენტებში, მისი მთავარი ვექტორი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაა: „მთავარი აქცენტი კეთდება იმ ჩეჩნების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე, რომლებიც რესპუბლიკის გარეთ აგრძელებენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი დღის წესრიგის გავრცელებას“.

პატივმოყვარეობა მხარდაჭერის ნაცვლად

დუდაევის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. 2025 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტბოტებმა, საჯარო მოხელეებმა და რესპუბლიკის საჯარო სექტორის თანამშრომლებმა 50 მილიონზე მეტი რეაქცია დატოვეს რამზან კადიროვის და სხვა ოფიციალური პირების პოსტების ქვეშ რუსეთში აკრძალულ სოციალურ ქსელებში - Telegram-სა და Instagram-ზე - ამის შესახებ ლაპარაკია დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც ამგვარი საქმიანობა მოხსენიებულია როგორც „კომენტარებში რეაგირება“.

სულ მცირე, 2020 წლიდან ცნობილია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს „დაუპირისპირდეს დასავლურ ღირებულებებს“, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება. მაშინ კადიროვმა დაავალა დუდაევს „ექსტრემიზმის იდეოლოგებთან ინფორმაციული დაპირისპირების ყველაზე ეფექტური მექანიზმების შემუშავება“. ინიციატივა დასრულდა იმით, რომ საბიუჯეტო სტრუქტურების თანამშრომლებს სოციალურ ქსელებში აქტიურობა და რესპუბლიკის შესახებ ნეგატიური ახალი ამბების ქვეშ პოზიტიური კომენტარების დაწერა მოსთხოვეს, - იტყობინებიან რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ვებსაიტის kavkazr.com-ის წყაროები. ამავე პერიოდში, დუდაევმა მოითხოვა ადგილობრივი მედიისგან „პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავება“.

ხელისუფლებისთვის სასარგებლო დღის წესრიგის მხარდაჭერის მიზნით საჯარო სექტორის თანამშრომელთა მობილიზების პარალელურად, რესპუბლიკაში სულ მცირე 2015 წლიდან ფუნქციონირებს ე.წ. ტროლების ქარხანა. kavkazr.com-ის რედაქციის ცნობით, ბოტები განთავსებული იყვნენ კომპლექს „გროზნო-სიტის“ ერთ-ერთ ოფისში. თვითონ ჩეჩნეთში ეს „ტროლების ქარხანა“ ცნობილია „X დეპარტამენტის“ სახელით. ჩეჩნური მასმედიის ყოფილმა თანამშრომლებმა არაერთხელ დაადასტურეს ისეთი „საინფორმაციო ქვედანაყოფების“ არსებობა, რომლებიც ხელისუფლებას პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.

ფასიანი, ანაზღაურებადი კომენტატორების ქსელის არსებობაზე წერდნენ 2023 წელსაც: მაშინ მინისტრმა დუდაევმა მორიგ ჯერზე დაავალა საჯარო სექტორის თანამშრომლებს „გაეძლიერებინათ თავიანთი მუშაობა ინტერნეტში“ და „შესწინააღმდეგებოდნენ ექსტრემიზმის იდეოლოგიას“. ამისთვის სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს თვეში დამატებით 5000 რუბლს (55 აშშ დოლარი) უხდიან - „ამასთან, ფული კონვერტში დევს“, - ამბობს ჩეჩნეთის ერთ-ერთი რაიონის განათლების სამმართველოს თანამშრომელი.

ჩრდილო კავკასიის სპეციალისტის, ჰაროლდ ჩემბერსის თქმით, ფრაზა „ექსტრემისტული დეზინფორმაცია საზღვარგარეთიდან“ მარტივად შეიძლება მოარგონ კონცეფციათა ფართო სპექტრს: „ოპოზიციური ტელეგრამარხები დიდი ხანია იწვევენ კადიროვის რისხვას, როგორც თავიანთი არსებობით, ასევე კადიროველების აქტივობების რეგულარული გაშუქებით სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მომენტიდან დღემდე.

მაგალითად, Telegram-არხი NIYSO ხშირად იღებდა რეჟიმისგან ირიბ პასუხებს პოსტებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არხი ავრცელებდა ინფორმაციას ჩეჩნეთში გატაცებებისა და წინააღმდეგობის სხვადასხვა აქტის შესახებ. კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრპროპაგანდა მიიჩნევა „ექსტრემისტულ დეზინფორმაციად“. ამიტომ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოდის უცხოეთიდან, სპეცსამსახურებიდან“.

საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლები იძულებულნი არიან დადებითი კომენტარები წერონ რამზან კადიროვის პოსტებზე, ხოლო ინტერნეტბოტების საქმიანობა რეჟიმის რეიტინგის ხელოვნურად გაზრდაა, - ამბობს ანალიტიკოსი: „რადგან ჩეჩნეთის თავკაცს არ შეუძლია სრულად გააკონტროლოს ონლაინ ნარატივები, ის ცდილობს მათ მაქსიმალურად ჩახშობას“.

რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩემბერსის შეფასებით, რეგიონის ხელისუფლება ამჯერად იყენებს როგორც ავტომატიზებულ ბოტებს, ასევე უფრო მეტად დამაჯერებელ ანგარიშებს, რომლებსაც, უფროსობის დავალებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები მართავენ. ეს უკანასკნელნი ქმნიან რეჟიმის მხარდაჭერის ილუზიას, შემდეგ კი ამ ეფექტს ხელოვნურად აძლიერებენ ბოტფერმების ძალისხმევით:

„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის სიმულაცია დაკავშირებულია კადიროვის პატივმოყვარეობასთან. არავინ ცდილობს ჩეჩნების დარწმუნებას იმაში, რომ კადიროვს სახალხო მხარდაჭერა აქვს“.

ხელისუფლების აღქმის შერყევა

კადიროვის ჩეჩნეთში, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ეწინააღმდეგება გროზნოს პოლიტიკას, შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც „უცხო ექსტრემისტული პროპაგანდა“. ამაზე წერს ოპოზიციური მოძრაობა NIYSO: „ისევე, როგორც რუსეთში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეწოდოს "უცხოეთის აგენტი", ასევე ჩეჩნეთში ნებისმიერი კომენტარი ან მიმართვა შეიძლება გაიგივდეს "უცხო ექსტრემისტულ პროპაგანდასთან"“.

თუმცა ჩეჩნეთის ხელისუფლების ახალ განცხადებას, რომ საინფორმაციო ფრონტზე ათასი ადამიანია გადასროლილი, მოძრაობაში „აქტივობის იმიტაციას“ უწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ 1000 კაცი შესაძლოა მართლაც შთამბეჭდავად ჟღერდეს, სინამდვილეში, არაფერი სერიოზული არ ხდება“, - მიაჩნია რედაქციის წყაროს, - "თუნდაც კიდევ ათი ათასი ადამიანი მოიზიდონ, მაინც ვერ დაფარავენ აშკარა რამეებს. ინფორმაციისა და პრესის სამინისტრო ყოველწლიურად ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ბიუჯეტიდან, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერც ვერანაირ სერიოზულ შედეგს მიაღწიეს და ვერც ნდობა მოიპოვეს. სახელმწიფო ტელეკომპანია „გროზნი“ ხალხში ასოცირდება არა ჟურნალისტიკასთან, არამედ რეპრესიებთან და კადიროვისთვის იძულებით მოხდილ ბოდიშებთან“.

ამ მოსაზრებას იზიარებს ისლამ ბელოკიევი, ოპოზიციური ტელეგრამარხის ავტორი და შეიხ მანსურის ბატალიონის (რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის) ყოფილი პრესმდივანი. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ონლაინბოტებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანგარიშების გარდა, ასევე „იღვწიან“ „სპეციალისტების“ მთელი ჯგუფები, რომელთა ამოცანა „ანონიმი მტრების“ გამოვლენაა.

„მათ უბრალოდ აღიარეს ის, რაც ჩვენ ისედაც დიდი ხანია ვიცით. მეტიც, ასეთი სტრატეგია ახალი არაა. ამას აკეთებს ათასობით სხვა ბოტი მთელ რუსეთში: ისინი წერენ უარყოფით გამოხმაურებებს უკრაინის ხელისუფლების შესახებ და ამას აკეთებენ უკრაინელების სახელით, აქეზებენ ევროპულ ქვეყნებს უკრაინელი მიგრანტების და მიგრანტებს ევროპელების წინააღმდეგ. თუ ფული და ხალხი არ გაკლია, ძალიან ეფექტური სტრატეგიაა. რუსეთი არც ერთის ნაკლებობას უჩივის და არც მეორისას“, - ამბობს ბელოკიევი.

ინტერნეტში ჩეჩნეთის ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს დაუპირისპირდეს რესპუბლიკიდან წასული ოპოზიციის აქტივისტების მუშაობას, - ამბობს რუსლან კუტაევი, კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი: „იმ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებსაც გვიპირისპირებენ, მე ვხედავ ჩვენი მუშაობის მაღალ შეფასებას”.

ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელი ჯამბულატ სულეიმანოვი ასევე მიიჩნევს, რომ კადიროველების მორიგი გააქტიურება საინფორმაციო პოლიტიკის საკითხში შესაძლოა დაკავშირებული იყოს საზღვარგარეთ მომუშავე ოპოზიციური ორგანიზაციების მიღწევებთან. მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სტალინური დეპორტაციების გაშუქებასთან, ასევე დამოუკიდებლობის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობასთან.

„ამ ათას ადამიანს დავალებული აქვს აქტიურად წეროს სოციალურ ქსელებში, რათა თავიდან წინააღმდეგობა გაუწიონ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც მოდის აქედან, ევროპიდან და, რომელმაც შეიძლება როგორღაც შეარყიოს ჩეჩნეთში ხელისუფლების აღქმა“, - ამბობს ჯამბულატ სულეიმანოვი.

  • ჩეჩნეთში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პირობებში, სოციალური ქსელები იქცა ხელისუფლებასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირების სივრცედ. 2024 წლის ბოლოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გააფართოვა „უცხოეთის აგენტების“ სია, რომელშიც შეიტანეს ჩეჩენი ბლოგერების ტუმსო აბდურახმანოვის, ისლამ ბელოკიევისა და ხასან ხალიტოვის მონაცემები. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის ყველა მცდელობის მიუხედავად, შეამციროს ოპოზიციის გავლენა, კადიროვის ოპონენტები მაინც ახერხებენ პოპულარობის მოპოვებას და საკუთარი აუდიტორიის ფორმირებას.
  • ომის პირველივე დღიდან ჩეჩნეთის მეთაური აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, საბრძოლო ზონაში აგზავნიდა თავის პირადი კონტროლის ქვეშ მყოფ უშიშროების ძალებსა და „მოხალისეთა“ ახალ ნაწილებს. თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რეგიონის მონაწილეობამ ომში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ხელისუფლებამ სწრაფად ჩაახშო წინააღმდეგობა. ომმა ასევე გამოიწვია რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის რეპუტაციული ზიანი, რასაც დაემატა სანქციები და ჩეჩნების საერთაშორისო აღქმის ცვლილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG