Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როცა კადიროვი „ახმატის“ წარმატებებზე წერს, ორი ჩეჩენი მებრძოლი უკრაინის მხარეზე გადავიდა

როცა კადიროვი „ახმატის“ წარმატებებზე წერს, ორი ჩეჩენი მებრძოლი უკრაინის მხარეზე გადავიდა


რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ თავს პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ უწოდა, ფრონტის ხაზიდან ხშირად ავრცელებს ცნობებს ჩეჩენი მებრძოლების წარმატებული ოპერაციების შესახებ
რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ თავს პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ უწოდა, ფრონტის ხაზიდან ხშირად ავრცელებს ცნობებს ჩეჩენი მებრძოლების წარმატებული ოპერაციების შესახებ

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მარტის დასაწყისში ტელეგრამის არხით ორი ცნობა გაავრცელა მისი პატრონაჟით შექმნილი ჩეჩნური ქვედანაყოფის "ახმატის" წარმატების შესახებ, რაც, ძირითადად, მოწინააღმდეგის პოზიციებზე არსებული რამდენიმე ბლინდაჟის "გაწმენდაში" გამოიხატება.

იმ დროს, როდესაც კადიროვი "ახმატის" დანაყოფების წარმატებებზე იტყობინებოდა, უკრაინის ტელევიზიამ აჩვენა რუსეთის სამხედრო ნაწილიდან უკრაინის მხარეზე გადასული ორი ჩეჩენი, რომლებმაც უკრაინის ომში ჩეჩენთა იძულებით რეკრუტირებასა და რუსეთის რიგებში მყოფ კავკასიელთა დანაკარგებზე ისაუბრეს და მცირე ერებს ომზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

რატომ ცდილობენ ჩეჩნები უკრაინის მხარეზე გადასვლას?


ჩეჩნეთის 38 წლის მკვიდრმა სეიფულამ, რუსეთის სამხედრო ნაწილის თანამებრძოლებისთვის ვიდეოების გადაღების ლეგენდის სახით, უკრაინულ მხარეს გადასცა ინფორმაცია მტრის პოზიციების, მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობის, შეტევის დროისა და მარშრუტების შესახებ. ის აღნიშნავს, რომ კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან აპირებდა უკრაინის მხარეს გადასვლას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ცნობილია, რომ ის იყო ვოლგოგრადში დაფუძნებული 242-ე მოტორიზებული სროლის გვარდიის პოლკის მსროლელი.

მეორე კონტრაქტორი, რომელიც უკრაინის მხარეზე გადავიდა, 45 წლის ჯარისკაცია, სახელად აბდულა. მან თქვა, რომ ის მოტყუებით მიიყვანეს პოლიციაში, სადაც იძულებული გახდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, მას შემდეგ, რაც ელექტროშოკებით აწამეს და „გონების დაკარგვამდე სცემეს“. არ არის ცნობილი, რომელ დანაყოფში მსახურობდა აბდულა, მაგრამ უკრაინულ არხ ТСН-ის მომზადებულ სიუჟეტში მან თავად განმარტა, რომ რუსეთის არმიაში გაწვევის შემდეგ გაგზავნეს ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ჩეჩნური წარმოშობის ორივე ჯარისკაცმა გადაწყვიტა დარჩენილიყო და უკრაინის მხარეზე მებრძოლ შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონში ემსახურა.

ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის არმიის რიგებში მყოფ ბევრ ჩეჩენს უნდა გადასვლა უკრაინის მხარეზე, მაგრამ ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება ამის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გადმოსვლა გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ურთულესი სიტუაცია. ფრონტის ხაზი სავსეა ნაღმებით, დაფრინავენ დრონები, და ბევრი შემთხვევა წარუმატებლად მთავრდება. იყო სხვა შემთხვევა, როდესაც ომიდან გამოქცეული ჩეჩენი ბიჭები ალყაში მოექცნენ, სროლაში ჩაებნენ და დაიღუპნენ", - უთხრა ჯამბულატ სულეიმანოვმა, ჩეჩენთა ევროპული პოლიტიკური ორგანიზაცია "ედინაია სილას" თავმჯდომარემ "კავკაზ.რეალიის".

უკრაინის და რუსეთის მომხრე ჩეჩნური დანაყოფების ზოგადი სტატისტიკა

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის სამი წლის განმავლობაში, მოწინააღმდეგე მხარეთა რიგებში არაერთი ჩეჩნური დანაყოფი ჩამოყალიბდა.

ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის - ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი).
ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი.

სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა „კავკაზ.რეალიის“ აცნობა, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს „იმამატის“ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია „შამილი“.

კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, „ცოფიანი მოდგმა“, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.

ჩეჩნეთის პრომოსკოვურმა ხელისუფლებამ ომის დასაწყისშივე ჩამოაყალიბა რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებიც რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელის ქვეშ არიან გაერთიანებული. ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობაში შედიან და ყველა მათგანს: "ახმატს", "ახმატ- ჩეჩნეთს", "ახმატ-სევერს", "ახმატ-იუგს", "ახმატ-ვოსტოკსა" და "ახმატ-ზაპადს" მაღალი - "სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების" - სტატუსი აქვთ მინიჭებული.

მათი მომზადება და დაკომპლექტება ხდება ქალაქ გუდერმესში მდებარე „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე, სადაც სამი წლის განმავლობაში 19 ათასზე მეტი მოხალისე მოამზადეს. მათი უმრავლესობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლები არიან, მაგრამ "ახმატის" რიგებში სამხრეთ რუსეთის სხვა წარმომადგენლებიც იბრძვიან.

"ახმატების" საერთო ხელმძღვანელია კადიროვის „მარჯვენა ხელი“, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რომელიც 2024 წლის აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დააწინაურეს და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

მიუხედავად თანამედროვე აღჭურვილობისა და კარგი სპეციალური მომზადებისა, ჩეჩნეთის პრომოსკოვური რეჟიმის ოპონენტები და ბლოგერები "ახმატის" სპეცდანიშნულების პოლკებს „ტიკტოკ-ჯარს“ უწოდებენ.

"ისინი უკრაინის ტერიტორიებზე საერთოდ არ იბრძვიან და საზღვრისპირა ტერიტორიებზე იმყოფებიან. კერძოდ, მაგალითად, ამჟამად ისინი იმყოფებიან კურსკში, სუჯის რაიონში, რომელიც უკრაინელ სამხედროებს აქვთ დაკავებული, შესაძლოა მათ იქ ჰქონდათ გარკვეული შეტაკებები, მაგრამ უშუალოდ უკრაინის - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ისინი, ცხადია, არ იღებენ მონაწილეობას. ისინი ყოველთვის ისეთ ტერიტორიებზე იმყოფებიან, საიდანაც ფრონტმა შორს გადაინაცვლა. იქ კადიროველები მეტწილად სამხედრო პოლიციის ფუნქციას ასრულებენ. სხვათა შორის, იმ ჩეჩნებსაც კი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, კადიროველებთან შეტაკება არ ჰქონიათ. ამიტომ, ჩემი აზრით, აქ ისევ და ისევ კადიროვის ეფექტთან გვაქვს საქმე. ანუ ჯერ კიდევ კარგად იყიდება რუსეთის პროპაგანდის მიერ ისეთი ინფორმაცია, რაც ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმს, "ახმატს", რამზან კადიროვის სახელს უკავშირდება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანონიმმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა.

ჩეჩნეთის ლიდერი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, რათა ფართოდ გააშუქოს "ახმატის" პოლკების უმნიშვნელო წარმატებაც კი ფრონტის ხაზზე.

რამზან კადიროვი 3 მარტს ამტკიცებდა, რომ "ახმატ-ჩეჩნეთის" პოლკმა კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მდებარე უკრაინის არმიის ბლინდაჟების "გაწმენდაში" მიიღო მონაწილეობა. 5 მარტს კი "კადიროველებმა", კერძოდ, "ახმატ-სევერის" მოტომსროლელი პოლკის მებრძოლებმა, ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ანალოგიური ამოცანის შესრულების დროს თავი დონეცკის რაიონის ჩასივ-იართან ისახელეს.

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ბრძოლის ველზე არაერთი "კადიროველი" დაიღუპა, ბევრიც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG