ეს „მნიშვნელოვანი“ მოვლენა საზოგადოებას თავად ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა აცნობა, რომელიც აპტი ალაუდინოვს „თვალსაჩინო პიროვნული და სამხედრო უნარებით“ გამორჩეულ „ნამდვილ გენერალს“ უწოდებს.
კრემლი არ აკეთებს კომენტარს, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის დაინიშნა რუსეთის არმიის ერთ-ერთ „მთავარ აღმზრდელად“ დასავლეთის მიერ სანქცირებული რეგიონული მოხელე, რომლის სახელიც ჩეჩნეთის „საიდუმლო ციხეებში“ რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანების წამებასა და უკრაინის ტერიტორიაზე „კადიროველთა“ მიერ ჩადენილ უკანონობას უკავშირდება.
უკრაინაში დანაშაულის გამოსასყიდად
ვლადიმირ პუტინისათვის თავისი ლოიალობა კიდევ ერთხელ რომ დაედასტურებინა, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთის ოფიციოზი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) დაწყებისთანავე, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ტერიტორია უკრაინაში გასაგზავნ "მოხალისეთა" შეკრებისა და მომზადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.
ორი წლის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები სპეციალურ ორკვირიან მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ლუგანსკის ოლქში, "ჩეჩნური კონტინგენტი", რამზან კადიროვთან დაახლოებული ადამ დელიმხანოვისა და აპტი ალაუდინოვის განკარგულებაში მოქმედებს.
ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“, საქმიანობის კოორდინაციას.
2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.
რუსეთის ეროვნული გმირის წოდებას ფლობს ასევე გენერალი აპტი ალაუდინოვიც, რომელიც რამზან კადიროვთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება და მისი მამის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელის ქვეშ გაერთიანებულ მრავალრიცხოვან სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ „ახმატს“ უდგას სათავეში.
მაგრამ აპტი ალაუდინოვისა და რამზან კადიროვის ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომამდე არც ისე უღრუბლო იყო. ჩეჩნეთში რამზან კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსებმა ადრე განუცხადეს რადიო თავისუფლებას, რომ აპტი ალაუდინოვი 2019 წელს კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა და უკრაინაში საომრად სწორედ "ამ დანაშაულის გამოსასყიდად" წავიდა.
ალაუდინოვი ამ ბრალდებას უარყოფდა და იმუქრებოდა, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა" მათ, ვინც მასზე ასეთ "ბინძურ ჭორებს" ავრცელებდა.
დამსახურება კადიროვის და პუტინის წინაშე
როგორც "კავკაზ.რეალიი" წერს, აპტი ალაუდინოვს მართლაც არ აკლია გულმოდგინება, რომ სასტიკად გაუსწორდეს პირადად მისი "ბოსის", რამზან კადიროვის პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწინააღმდეგეებს.
აპტი ალაუდინოვის სახელს უკავშირებენ ჩეჩნეთის „საიდუმლო ციხეებს“, სადაც გავრცელებულია წამებით დანაშაულის აღიარების მოპოვების პრაქტიკა.
აპტი ალაუდინოვი, რომელიც ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში თანამონაწილედაც ითვლება, იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. ალაუდინოვი სანქცირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ.
2022 წლის 25 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ალაუდინოვი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კიევის ცნობით, 2022 წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენაიასა და სევეროდონეცკში.
იმხანად ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თანაშემწემ აპტი ალაუდინოვმა ბოდიში მოიხადა სევეროდონეცკში დაკავებული ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის დალურჯებული თვალების გამო.
"ისე მოხდა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც შესთავაზეს უხმაუროდ და წყნარად ჩაბარება, არ ისარგებლეს ამ მომენტით", - აღნიშნა ალაუდინოვმა.
თანაშემწის პოსტთან დაკავშირებით თავის კომენტარში კადიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ "საბოდიშო არაფერია", რადგან ტყვემ "ორივე სილურჯე შემთხვევით დაიმსახურა", როდესაც ალყაშემორტყმული შენობიდან გამოდიოდა. "ვის არ მოსვლია. ქორწილამდე გაივლის", - წერდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური.
და რაც მოსწონს რამზან კადიროვს, მოსწონს ვლადიმირ პუტინსაც. მით უფრო, რომ აპტი ალაუდინოვს ფედერალური ცენტრის წინაშეც აქვს დამსახურება.
სწორედ გენერალ აპტი ალაუდინოვის დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფ „ახმატში“ იპოვა თავშესაფარი ამბოხის შემდეგ დაქსაქსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მრავალმა მებრძოლმა.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ლაპარაკია დაახლოებით სამიათასკაციან ქვედანაყოფზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, ქვედანაყოფ „ახმატში“ გაწევრიანდა.
ნიშანდობლივია, რომ ამ ქვედანაყოფს უხელმძღვანელებს „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური, ალექსანდრ კუზნეცოვი (ფსევდონიმი "რატიბორი"), რომელიც გასულ წელს საჯაროდ დაუპირისპირდა რამზან კადიროვის გარემოცვის ზოგიერთ წევრს.
გავლენიანმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2023 წლის 24 ივნისის შეიარაღებული ამბოხის და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბბინის დაკავების შემდეგ. ამ მოვლენიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მისი უახლოესი თანაშემწე, დმიტრი უტკინი ("ვაგნერი") ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
დაქსაქსულ "ვაგნერელთა“ გადაბირებას ხელმძღვანელობდა გენერალი აპტი ალაუდინოვი, რომელმაც თავადაც დაადასტურა ეს ცნობა.
"მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ისინი (ვაგნერელები - დაახლ.) აკვირდებოდნენ, თუ სად იქნებოდა მათთვის უკეთესი. მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი ხედვა გაგვაცნეს, მე მივმართე [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს და ჩვენ მივიღეთ თანხმობა სამიათასკაციანი ცალკეული პოლკის შექმნის შესახებ. ჩვენ „რატიბორის“ დაქვემდებარებაში მყოფი მთელი პირადი შემადგენლობა სპეცრაზმ „ახმატის“ რიგებში შეგვყავს", - განაცხადა აპტი ალაუდინოვმა 6 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ასეთი შევსებით კმაყოფილია რამზან კადიროვი, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ "ახმატის" შემადგენლობაში მყოფი ახალი პოლკი "რატიბორის" მეთაურობით უახლოეს მომავალში უკრაინაში გაემგზავრება.
და საბრძოლო გამოცდილების მქონე სეგმენტით გაზრდილ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ "ახმატს" კვლავ გენერალი აპტი ალაუდინოვი უხელმძღვანელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, ალაუდინოვი გააგრძელებს სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურობას.
ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც არ მალავს სიხარულს ალაუდინოვის მოსკოვში დანიშვნით.
„ეს ნაბიჯი მისი, როგორც მეომრისა და სტრატეგის თვალსაჩინო თვისებების აღიარებას წარმოადგენს“, - წერს კადიროვი ტელეგრამის არხში.
რამზან კადიროვის ეს სიხარული გასაგებია. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ამერიკელი ანალიტიკოსი ჰაროლდ ჩემბერსი ფიქრობს, ერთგული აპტი ალაუდინოვის დანიშვნა, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩეჩნეთის ლიდერის პოზიციებს რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში და გაზრდის მის გავლენას რუსეთის სამხედრო უწყებაში.
"აპტი ალაუდინოვმა სერიოზული პროპაგანდისტული კამპანია ჩაატარა, მაგრამ მისმა დანაყოფმა („ახმატმა“) მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეიტანა ბრძოლის ველზე, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფდა „საზარბაზნე ხორცის“ გადასროლას იერიშზე. ამრიგად, ამ დანიშვნის დროს გაითვალისწინეს არა იმდენად გენერლის სტრატეგიული უნარები, რამდენადაც მისი ერთგულება კრემლისადმი", - განაცხადა ჩემბერსმა "კავკაზ. რეალიის" რედაქციასთან ინტერვიუში.
- ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი განსაკუთრებით ამაყობს მისი ინიციატივით "რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილ სპეციალური დანიშნულების პოლკ "ახმატით“.
- 2022 წლის18 ივლისს, კადიროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ პოლკის შემადგენლობაში არიან მეომრები, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება მიიღეს სირიასა და უკრაინაში.
- „ჩვენ ისევ მზად ვართ, ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია“, - აცხადებდა 2 წლის წინ რამზან კადიროვი.
- მაგრამ კიევისა და ნატოს ქვეყნების აღებამდე "ახმატს" ჯერ ბევრი უკლია. საერთოდ უცნობია, თუ ფრონტის რომელ უბანზე მოქმედებს კადიროვის მიერ ნაქები პოლკი, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან დაღუპულთა სახით 30-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.