Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნების" უარი ევროკავშირის დახმარებას - რას ნიშნავს? ვის აწყობს?


„ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირის დახმარებაზე - იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო გამიზნული და რომლის მიღების ალბათობა ისედაც ლამის უკვე ნულამდე იყო დასული, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი ანულირების შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება მრავალჯერ გააფრთხილა, რომ შეჩერდებოდა 75 მილიონი ევროს გამოყოფა, ვინაიდან არ სრულდებოდა მაკროსაფინანსო დახმარების ამ მორიგი ტრანშის მისაღებად დადებული პირობები და კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის ვალდებულებები.

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს. იქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება.

  • რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა?
  • რა ფინანსური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს მაკროსაფინანსო დახმარებას საქართველოსთვის?
  • რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას სამომავლოდ?

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული დაგროვდა, ეკონომიკა ვითარდება და ქვეყნის წინაშე სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.

ეს გადაწყვეტილება 30 აგვისტოს ერთგვარად დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ; ხოლო 31 აგვისტოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დახმარებაზე უარი უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

პრემიერმა ორი მიზეზი დაასახელა:

  • „ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე“;
  • „მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება“.

არც ევროკავშირის პასუხმა დააყოვნა და 31 აგვისტოს, საღამოს, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, განცხადება ბრიუსელის სახელით გაკეთდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა გარკვევით თქვა, რომ შესრულდება ხელისუფლების მოთხოვნა და საქართველო აღარ მიიღებს ფულს, რომელიც კოვიდპანდემიასთან ბრძოლის პროცესში „საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“.

ითქვა ასევე, რომ საქართველო მაინც ვერ აკმაყოფილებდა ამ ფულის მისაღებად განსაზღვრულ პირობებს და სამომავლო დახმარებაც რეფორმების შემდგომ პროგრესზე იქნება დამოკიდებული:

„ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“.

ექსპერტები ამბობენ, რომ ევროკავშირის 75 მილიონი ევრო ცალკე აღებულ თანხად არ უნდა განვიხილოთ.

ოპონენტებს არც იმის სჯერათ, რომ ქვეყანამ, რომლის საგარეო ვალმაც მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით დაშვებულ 60%-იან ზღვარს დიდი ხანია გადააბიჯა, პოლიტიკის შეცვლა და გამოსწორება სწორედ ევროკავშირით დაიწყო.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ახალი საგარეო ვალის სახით 4 მილიარდი ლარი აიღო.

მელა და ყურძენი?

როგორც „ქართულ ოცნებაში“ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მიღების პირობები ფინანსთა სამინისტროსა და ევროკავშირს შორის ჯერ კიდევ 2020 წელს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაშია გაწერილი და ერთი-ერთი პირობა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონს უკავშირდება.

მოსამართლეთა დანიშვნა ბოლო თვეებში ერთ-ერთ უმთავრეს სადავო თემად იქცა „ქართულ ოცნებასა“ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის და ასე იყო „შარლ მიშელის შეთანხმების“ ჭრილშიც.

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ არ შეაჩერა და მუდმივად აცხადებდა, რომ ამ მხრივ უკვე შესრულებული აქვს ყველა ის პირობა, რასაც მას საერთაშორისო პარტნიორები სთხოვენ.

ამ ყველაფერს, 28 ივლისს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი „ანულირებაც“ დაემატა. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ამბიციური სასამართლო რეფორმა“ იყო.

ევროკავშირის მორიგი ტრანში საქართველოს სექტემბრის ბოლოს უნდა მიეღო. „ოცნება“ უკან დახევას არ აპირებდა და ექსპერტებისთვის უკვე აშკარა ხდებოდა, რომ საქართველო ამ ფულს, დიდი ალბათობით, ვერ მიიღებდა.

შესაბამისად, ევროკავშირის ფულზე უარის თქმა ბევრმა დღეს მელასა და ყურძნის ამბავს შეადარა - როცა რაღაცას ვერ იღებ და თავს იჯერებ, რომ სასარგებლო არ იქნებოდა შენთვის.

რაზე ამბობს "ოცნება" უარს და რა იქნება მერე?

„დღეს შეგიძლია, რომ ევროკავშირს ხელი აუქნიო, ხელი აუკრა რაღაცაზე, მაგრამ ამას ექნება თავისი შესაბამისი პოლიტიკური ფასი... ეს ძალიან ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე.

მისი განმარტებით, ევროკავშირის მიმართ ასეთი დამოკიდებულება „მინიმუმ, მოიტანს ქვეყნის წინსვლის შეფერხებას“ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

ფხალაძეს ამ ყველაფრის რაციონალურად ახსნა უჭირს:

  • „რატომ უნდა ვცდილობდეთ ურთიერთობის გაფუჭებას სტრატეგიულ პარტნიორთან, თან როცა მთავრობა ამბიციურად აცხადებდა, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს, თურმე“;
  • „გარედან ეს ყველაფერი ჩანს ძალიან ცუდად... ეს აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და აქედან გამომდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების შემდგომი მოქმედებებიც“;
  • „ევროკავშირის დახმარება არ არის მხოლოდ ფინანსური, ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა თუ საქართველოში განხორციელებული უამრავი პროექტი. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა“.

ხელისუფლების ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება“ იმ ძალადობრივი ულტრარადიკალური ძალების საარჩევნო ხმების მობილიზებას ცდილობს, რომლებიც 5 ივლისს საზოგადოებამ ქუჩაში ჟურნალისტებზე მონადირე იხილა.

ამ ჯგუფებს მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დროშის ორჯერ განადგურებასაც ამართლებენ და ამბობენ, რომ საქართველოს დასავლეთი არაფერში ეხმარება.

მთავარი გზავნილები, რომელიც დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილების მხარდასაჭერად სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა, ასეთია:

  • რაც უფრო მალე დააღწევს საქართველო ფინანსურ ბორკილებს, შესაბამისად, პოლიტიკურ ვასალობას, თავს და საკუთარ ფეხზე დადგება, მით უკეთესი;
  • პირველად ვიგრძენი თავი ამაყად, ვემსგავსებით თავმოყვარე ერს, ვაშა ირაკლის და მთელ გუნდს. ვიშრომოთ და ყველაფერი გვექნება;
  • ძალიან კარგია ასეც უნდა გაგრძელდეს თანდათან უნდა მოიხსნას სხვაზე დამოკიდებულება.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ ევროკავშირის ფული კრედიტად ვერ ჩაითვლება, რადგან დაბალი პროცენტის გამო ის დახმარებას უტოლდება.

მისი შეფასებით, ამ დახმარებას არაერთხელ შეუსრულებია გადამწყვეტი როლი საქართველოს წინსვლაში.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, გერლიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კვლავაც მძიმე დღეშია და ამიტომ ევროკავშირის 75 მილიონი ევრო, დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად დაგვჭირდება.

„ზოგადად, ბიუჯეტი ძირითადად სესხით ივსება და მერე არასწორად იხარჯება და დღეს, შესაძლოა, არ იდგეს დამატებითი სესხის აღების საჭიროების საკითხი... მაგრამ ეს მიდგომა - არ გვჭირდება, არ გვინდა - არ არის სწორი... ეს ფული მაკროსტაბილურობისთვის არის გამიზნული, როგორც ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის, ასევე ბიუჯეტის დეფიციტისგან დაცვისთვის და, რასაკვირველია - მნიშვნელოვანია ინფლაციის თვალსაზრისითაც“, - ​გვეუბნება გერლიანი.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ მაკროსაფინანსო დახმარების თანხა პირდაპირ ხაზინაში შედის და იქიდან იხარჯება; 75 მილიონი ევროს კონვერტაციას ლარის კურსზე მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ეს პროცესი პროდუქტების ფასებზეც ახდენს გავლენას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG