Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას აღარ მიიღებს


ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჯულიენ კრამპი ამბობს, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს ავღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა მან.

დღეს, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ უარი თქვან ევროკავშირისგან დახმარების მიღებასა და თანხის აღებაზე.

"რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება...

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შესახებ და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში მან ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - დაწერა შარლ მიშელმა.

XS
SM
MD
LG