Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი "სუს-ის ფაილებზე": საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს


"სუს-იდან გამოჟონილ" სავარაუდო ფაილებზე საუბრის დროს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენ სერიოზულად ვიღებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს კითხვებს აჩენს, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის ახლო მეგობრის და პარტნიორის მხრიდან. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელში ჩვენს სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილი გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი", - განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს ქვეყნის საფრთხეებთან დაკავშირებით და არ უნდა ჩაერიოს ისეთ დაცულ უფლებაში, როგორიც არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

"მან უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ემუქრება ქვეყანას და ეს ყველაფერი ფრთხილად უნდა ხდებოდეს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ეს ინსტიტუცია... ყველა ადმიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და მიმდინარეობს გამოძიებები და უნდა იყოს ფართო დისკუსიები ამასთან დაკავშირებით სრულ პოლიტიკურ სპექტრთან. მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი", - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.

რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

ელჩების სავარაუდო მიყურადების შესახებ ჰკითხეს თბილისის მერობის კანდიდატს და "ქართულ ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძეს. მისი თქმით, სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ.

XS
SM
MD
LG