ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა. ენტონი ბლინკენი წერს, რომ შეერთებული შტატები შეწუხებულია მომხდარი ფაქტით, რომელიც წინააღმდეგობაშია 19 აპრილის შეთანხმებასთან.
„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცებით. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ტვიტერში“.
საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნას 15 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. განცხადების თანახმად, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ სასამართლოში „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ შეეჩერებინათ მანამ, სანამ „სასამართლოს ამბიციური რეფორმა“ არ განხორციელდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის გზით.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
- გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
- გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
- ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი