საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უაღრესად გულდასაწყვეტია ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უყარა. საელჩოს შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის შეუჩერებლობა არის დაკარგული შესაძლებლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
„სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, მაშინ, როდესაც პარტიები ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით შეთანხმდნენ, ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას:
„განსაკუთრებით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილებები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებამდე მოსამართლეთა დანიშვნის შეუჩერებლობას რეალური შედეგები აქვს:
„სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები.
„პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით“, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს 15 ივლისის განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, როგორც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ერთ-ერთი პირობის, შეჩერება საელჩომ აქამდეც არაერთხელ მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 12 ივლისს აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
- გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
- გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
- ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი