Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?


გადადგომის შესახებ მედიის წარმომადგენლების ულტიმატუმს პრემიერ-მინისტრმა 12 ივლისს მძიმე პოლიტიკური ბრალდებებითა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო შეფასებებით უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ძირითადი აქცენტები ემთხვევა მოძალადე რადიკალური ჯგუფების მოსაზრებებს. არასამთავრობო სექტორი და იურისტები პრემიერ-მინისტრის მიერ კონსტიტუციის სრულ უგულებელყოფაზე ლაპარაკობენ. აქციები გრძელდება და ქვეყანაში ვითარება დაძაბულია. ძალადობის წახალისებისა და დაცვის გამო, პრემიერის გადადგომას ახლა უკვე საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა ითხოვს და შესაბამის სამართლებრივ გზებს გეგმავს.

უარი კონსტიტუციის მოთხოვნებს

12 ივლისს გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ ხელისუფლების პოზიცია ვერ შეცვალა.

ორშაბათს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა და კიდევ უფრო გაამძაფრა 5 ივლისს გაკეთებული განცხადებები, რომლებიც იურისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მაშინაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადობის წამახალისებლად მიიჩნია.

ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს თვლიდა მიზანშეწონილად „თბილისი პრაიდის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას; რომ მთავრობა ამ მხრივ მოქალაქეების 95%-ის სურვილს ემორჩილებოდა; ამიერიდანაც ასე იქნება და დასრულდა დრო, როცა უმცირესობის „ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.

პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები სახალხო დამცველისთვის იმის დასტურია, რომ 5 ივლისს შეგნებულად არ მოხდა სათანადო რაოდენობის პოლიციის მობილიზება მოძალადეთა თავდასხმების შესაჩერებლად.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრემიერმა პრაქტიკულად „უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა“ და ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში „უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“.

პრემიერის განცხადებებში სახიფათო სიმპტომებს ხედავენ იურისტებიც.

„პრემიერმა დღეს, სამწუხაროდ, დააანონსა, რომ ის უარყოფს კონსტიტუციურ წესრიგს, რომელიც არსებობს საქართველოში და აპირებს ახალი ტიპის მმართველობის შემოღებას, სადაც ადამიანები აღარ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით...

პრემიერმა გვითხრა, რომ უმცირესობა ამ ქვყანაში შებოჭილი უნდა იყოს ხელისუფლებისა და მოძალადე ჯგუფების ნება-სურვილით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

მისი განმარტებით, ხელისუფლება ხელს უწყობს ადამიანის უფლებებსა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული დასავლური ფასეულობების „გარყვნილებად წარმოჩენის“ ტენდენციას და სწორედ ესაა მოძალადე, სიძულვილის ჯგუფების მთავარი მიზანი, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

მშვენიერაძის შეფასებით, „საქართველო ასეთ სახიფათო გზაგასაყარზე ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მდგარა“.

პრემიერის მიერ 95%-ის დასახელებას „ციფრებით მანიპულირებას“ უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი. მისი დაკვირვებით, ღარიბაშვილის განცხადებები სულ უფრო სახიფათო ხდება.

„ვინ დათვალა ეს? ამ მაჩვენებელს (95%) არანაირი კავშირი არა აქვს რეალობასთან. სამაგიეროდ, პრემიერმა გვანახა, რომ ის საკითხს აფასებს რაოდენობრივად და არა ხარისხობრივად... ანუ მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი იტყვის უარს ამა თუ იმ საკითხზე და არა ის, თუ როგორ არის ეს საკითხი მოწესრიგებული ქვეყნის კონსტიტუციით...

პრემიერის განცხადებები საშიში გახდა იმიტომ, რომ მათში აშკარად ჩანს დიქტატურის ნიშნები... ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერმა კიდევ უფრო მეტი გამართლება და დასაბუთება მოუძებნა 5 ივლისს მომხდარს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა სიმონიშვილი.

აქაც ოპოზიცია, იქაც ოპოზიცია

მედიასაშუალებების ნაწილის ულტიმატუმს - გადადგომასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონტრბრალდებებით ვადის ამოწურვამდე უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფაქტის უკანაც ოპოზიციას ხედავს ისევე, როგორც - კრიტიკული მედიისა და „თბილისი პრაიდის“ უკან.

პრემიერმა თქვა:

  • „მთავარი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით... შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის“ და რევანშისტული რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური“;
  • „კითხვები დაისვა - რა კავშირი ჰქონდა, ელგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან... აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ“;
  • „გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს... მათ შორის იმ ვერსიაზე, თუ რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა აგრესიულმა პირებმა?! არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული რადიკალური ძალა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები... როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი“.

ღარიბაშვილის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „სირცხვილია“. „ჩვენ გვყავს ე.წ. “ქურდული” მენტალიტეტის მქონე, მკვლელი, ჰომოფობი და უღირსი პრემიერ-მინისტრი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დამთხვევები - მოძალადეებთან, განსხვავებები - დასავლეთთან

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების უკან ოპოზიციის რევანშისტულ, რევოლუციურ გეგმებს ხედავენ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორთა ერთ-ერთ მთავარ ჯგუფში, „ალტ-ინფოში“.

ამ ტელეარხის წამყვანებისა და ძალადობრივი მოვლენების აქტიური მონაწილეების ვერსიის თანახმად:

  • „TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ოპოზიცია - „საკრალურ მსხვერპლად“ აფორმებს - ლიბერალებმა ან თავად მოკლეს ის, ან მის სიკვდილს იყენებენ რევოლუციური მიზნებისთვის;
  • „საკრალური მსხვერპლის გაფორმების“ შემდეგ, იგეგმება „ძალადობრივი გადატრიალება ან სხვადასხვა სახელისუფლებო შენობაში უკანონო შეღწევის მცდელობები - „გავრილოვი 2“;
  • ეს არის ამერიკული ხელწერა და აშშ-ის გარეშე ეს ვერ მოხდება.

პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენთან, ლევან ვასაძესთან აფილირებული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წამყვანმა და ძალადობრივი აქციების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ზურა მახარაძემ ჯერ კიდევ 11 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიერ დაანონსებული აქციის ფონზე, განაცხადა, რომ:

„ხდება ემოციური ტალღის გაკეთება. ზუსტად ისეთივე ტალღის, როგორიც იყო გავრილოვის მომენტში... ამათი მცდელობა იქნება - შეკრან კრიტიკული მასა პარლამენტის წინ და რასაც ამდენი ხანია ჩალიჩობენ, ეგ გააკეთონ... საკრალური მსხვერპლის კარტის გამოყენებით, მოახდინონ რევოლუცია. ეგ არის, რაც ახლა მიდის და მზადდება ეთერებში“.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება არ გაუკვირდეთ და მომზადებული შეხვდნენ. კონკრეტულ გეგმებს ისინი ეთერში არ ახმაურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუსაბამოა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთან.

მათი მოთხოვნა/რჩევების საწინააღმდეგოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივლისს პირდაპირ მიანიშნა, რომ არც მომავალში აპირებს აღუდგეს წინ იმ ძალების ნებას, რომლებიც უმცირესობათა კონსტიტუციურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა ბოლო დღეებში არაერთხელ აღნიშნეს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაგმო ძალადობა და მას არასათანადოდ დაუპირისპირდა.

აშშ-ის საელჩოს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ ძალადობამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას სიკვდილი.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 12 ივლისსაც განახლდა. მედიის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკოსები კვლავაც მოითხოვენ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომას.

საქართველოში შექმნილი სახიფათო სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად მთავრობის შეცვლას მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც.

„ასეთი კრიზისის დროს ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსი ყველა ვარიანტში გადადგებოდა. პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღონ მათ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში... ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ამ ყველაფერმა ძალიან სერიოზულ სამოქალაქო კონფრონტაციამდე მოგვიყვანოს... ასეთმა პოლიტიკამ შესაძლოა, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაგვაბრუნოს“, - გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

ამგვარი განსჯის საფუძველს მას აძლევს, პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასება, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა საკონსტიტუციო ვალდებულებები 5 ივლისის მოვლენების ჭრილში.

კორნელი კაკაჩია, თავის საერთაშორისო კონტაქტებზე დაყრდნობით, გვეუბნება ასევე, რომ „საქართველოს მიმართ ტონი მნიშვნელოვნად შეიცვალა“.

ოპოზიციის დემარში პარლამენტში

რუტინულ საპარლამენტო მუშაობას ისევ ეთიშება ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, რომელიც ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევით, ისედაც თვეების დაგვიანებით შევიდა პარლამენტში.

ოპოზიციური ფრაქციები აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ამიერიდან ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა იქნება. სამი დიდი ფრაქციის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზად არიან, რომ გამონაკლისის სახით, ასევე მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს - სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

  • „ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ რუსულ კურსს, ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ „შარლ მიშელის შეთანხმების“ არშესრულებას, მოსამართლეების ასე სწრაფად დანიშვნის პროცესს... გამოსავალი არის ერთი - მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება. ეს არის ერთადერთი. მანამდე „ქართული ოცნება“ (პარლამენტში იქნება მარტო)“ - მამუკა ხაზარაძე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“;
  • „აღარ გავაგრძელებთ რუტინულ პროცესში მონაწილეობას ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით... ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს“ - ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონლური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“;
  • „ბატონო ირაკლი (ღარიბაშვილო), თქვენ და თქვენი გუნდი ხართ ძალა, ვინც მოკალით ლექსო ლაშქარავა. თქვენი ქმედებებით გააკეთეთ პირველი ის, რომ დაგეგმეთ ეს სპეცოპერაცია, მეორე - განცხადებებით წაახალისეთ აგრესიული ქმედებები, მესამე - დღემდე აგრძელებთ ამ აღვირახსნილ განცხადებებს... ჩვენ, ჩვენი ფრაქცია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოეხსნათ ფარდა“ - გიორგი ვაშაძე, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია თავისი დესტრუქციული გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს და ბოიკოტით თვითგანადგურების რეჟიმზე გადავა.

ფონი ისედაც დაძაბული იყო, მაგრამ, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტში პოლიტიკური ტემპერატურა მნიშვნელოვანად გაზარდა პრემიერ-მინისტრის მიერ 12 ივლისს გაკეთებულმა განცხადებებმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG