„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, - თქვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ „თუკი ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ“.
სახალხო დამცველმა დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას, ორგანიზატორების და შემსრულებლების წამქეზებლების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის“.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.
არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები და მოქალაქეები ითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სრული შემადგენლობით. მთავრობა ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, მოქალაქეები აქციების გზით აპირებენ ზეწოლას ხელისუფლებაზე.