Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი ოპერატორის გარდაცვალებაზე: შეწყდეს აგრესია მათ მიმართ, ვისაც აღლუმი არ უნდოდა


საქართველოს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებს მოუწოდებს, არ ჰქონდეთ "აგრესია" მოძალადე ჯგუფის მიმართ, რომელსაც თავად წულუკიანი "აღლუმის მოწინააღმდეგე უმრავლესობას" უწოდებს. ამ საკითხზე მან "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავაზე საუბრის დროს განაცხადა.

"როდესაც არ ვიცით, ნუ ვიჩქარებთ ხოლმე დასკვნებს. თქვენ, ზოგიერთი ტელევიზია ამ ამბავს აშუქებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს. ეს არის სირცხვილი. თქვენ ამას ასაღებდით ისე, როგორც თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ. ეს არის სირცხვილი. ამიტომ დავსერიოზულდეთ... შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა ყველამ...

ასევე უნდა შეწყდეს, ჩემი აზრით, და ამისკენ მოგიწოდებდით, აგრესია იმ უმრავლესობის მიმართ, რომელიც თვლის, რომ აღლუმი რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს და ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით იმიტომ, რომ ამით თამაშობთ თქვენ, როცა აშინებთ ქართველებს ევროპელებით, აკეთებთ რუსულ საქმეს. ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჩემი ვალი იყო ამაზე მესაუბრა", - თქვა წულუკიანმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ცხედარი შსს-მ ოჯახის თანხმობის გარეშე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა, გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კი ორი საგანგებო ბრიფინგი გამართა და მინიშნებები გაავრცელა მის შესაძლო ნარკომომხმარებლობაზე. პარალელურად, ფეისბუკმომხმარებლები და ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებდა ლაშქარავას შესახებ იმ ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც, წესით, მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG