Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?


აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ხშირად  უმასპინძლოს საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყანას პრესტიჟს აუმაღლებს და მდიდარ უცხოელებს მიიზიდავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ხშირად  უმასპინძლოს საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყანას პრესტიჟს აუმაღლებს და მდიდარ უცხოელებს მიიზიდავს.

​​​​​​​აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP29-მდე  თვეზე სულ ოდნავ მეტია დარჩენილი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კი ერთმანეთის მიყოლებით ეჭვქვეშ აყენებენ ამ გადაწყვეტილების სისწორეს.

რამდენად კარგი ადგილია აზერბაიჯანი ამ ფართომასშტაბიანი ღონისძიებისთვის?

აზერბაიჯანში ასობით პოლიტპატიმარია, მათ შორის, უფლებადამცველები და ჟურნალისტები, ხელისუფლება დევნის მათ, ვინც ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს, კონფერენციას კი სახელმწიფო ნავთობკომპანიის ყოფილი ტოპმენეჯერი მასპინძლობს.

რა არის COP29?

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენცია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2024 წლის 11-დან 24 ნოემბრამდე გაიმართება.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება კლიმატური დაფინანსება. კონფერენციაზე ასევე განიხილება სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდებს წაახალისებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოლოდინია, რომ ღონისძიებას დაესწრება დაახლოებით 70-80 ათასი მონაწილე მთელი მსოფლიოდან: სახელმწიფოებისა და კომპანიების, ასევე არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წინა წლებში კონფერენცია ჩატარდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (2023 წელს), ეგვიპტეში (2022) და შოტლანდიაში (2021).

„ქვეყნის მორიგი წარმატება“ თუ ინტერესთა კონფლიქტი?

აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ხშირად უმასპინძლოს საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყანას პრესტიჟს აუმაღლებს და მდიდარ უცხოელებს მიიზიდავს. მაგალითად, ფორმულა 1-ის რბოლის ერთ-ერთი ეტაპი ბაქოში 2017 წლიდან იმართება. მაგრამ ისეთი დიდი და სერიოზული სამიტი, როგორიც COP29-ია, ჯერ არ ჩატარებულა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მთელი 33-წლიანი ისტორიის მანძილზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ კონფერენციის მასპინძლობა „მორიგი დიდი წარმატება იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის“. COP-ის წყალობით, პრეზიდენტის თქმით, "მსოფლიოში ყველა კიდევ ერთხელ დაინახავს", რომ აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის დღის წესრიგი დაკავშირებულია მწვანე ენერგიასთან.

"მწვანე" ტიპის ენერგიის შექმნა და "მწვანე" ენერგიის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირება დღეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია", - განაცხადა ალიევმა.

თუმცა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ეთანხმება იმას, რომ ბაქო შესაბამისი ადგილია „მწვანე მომავალზე“ მსჯელობისთვის. საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იხსენებს, რომ აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მოპოვების გასამმაგებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, რაც ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით დღის წესრიგს, მათ შორის, წინა კონფერენციაზე დასახულ მიზნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე გაოცებულია იმითაც, რომ COP29-ის თავმჯდომარე იქნება მუხტარ ბაბაევი, თანამდებობის პირი, რომელიც, სანამ აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრი გახდებოდა, მუშაობდა სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარში“ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გლობალური კლიმატის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც აქვს კავშირი ნავთობის ინდუსტრიასთან, რაც ქმნის პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანტიკორუფციული ორგანიზაციის რეაქციის გარდა, მუხტარ ბაბაევს ღია წერილი მისწერა წყნარი ოკეანის კლიმატის მოძრაობის აქტივისტმა ჯოზეფ-ზეინ სიკულუმ. ის აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის გეგმები, გაზარდოს წიაღისეული საწვავის ექსპორტი, ეწინააღმდეგება მის მიერ საჯაროდ გაცხადებულ კლიმატურ მიზნებს.

სიკულუ იმითაც არის აღშფოთებული, რომ „წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად“, აზერბაიჯანი აპირებს შექმნას ფონდი, რომელიც კლიმატის დაფინანსებას „გაათეთრებს“. ფონდის მიზანია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის [დაცვის] სფეროში ფულის დაბანდება. სავარაუდოდ, ინვესტიციები წავა წიაღისეული საწვავის მწარმოებელი ქვეყნებისა და ნავთობისა და გაზის კომპანიებისკენ. ჯოზეფ-ზეინ სიკულუ ასეთი ფონდის შექმნას აფასებს, როგორც აზერბაიჯანის „დესტრუქციული გარემოსდაცვითი პრაქტიკისგან ყურადღების გადატანის ცინიკურ მცდელობას”.

სამასი პოლიტპატიმარი, რომლებიც „არ არსებობენ"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თავის განცხადებაში, არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებით, და ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უკვე ზედიზედ მეორედ (ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ახლა აზერბაიჯანი), COP კონფერენცია იმართება კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში:

„აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო თავის რეგიონში 2022 წლის CPI-ის მიხედვით ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის, კონკურენტი პოლიტიკოსების რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის გამო“.

ამ განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის, ქვეყანაში 254 პოლიტპატიმარი იყო, „აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის” კავშირის გათვლით. ექვსი თვის შემდეგ, ამავე გაერთიანების ინფორმაციით, მათმა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. სია შეივსო დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებით, უფლებადამცველებით, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეებით და დამოუკიდებელი გამომძიებლებით. ბევრ მათგანს ვალუტის კონტრაბანდაში ედება ბრალი.

დაკავებულთა შორის არის უფლებადამცველი, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ანარ მამედლი, ინიციატივა „სამართლიანი კლიმატური გარემოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

ინიციატივა შეიქმნა 2024 წლის თებერვალში სამოქალაქო თავისუფლებების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ჩამოსაყალიბებლად.

„ჩვენ გვსურს, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. ჩვენი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ასეთი დიდი ღონისძიების მასპინძლობა, საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში დადებითი სახით დარჩეს“, - განმარტა ინიციატივის სხვა თანადამფუძნებელმა, „სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ბაშირ სულეიმანლიმ.

ანარ მამედლი აპრილის ბოლოს დააკავეს, ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით, გამოძიების შეფასებით, ეს იყო “წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ჯგუფური დანაშაული“. მისი ადვოკატის ყველა მოთხოვნის მიუხედავად, მამედლის პატიმრობის ვადა, ისევე როგორც მსგავსი ბრალდებით დაკავებულთა ვადები, რამდენჯერმე გაგრძელდა. ისინი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მამედლის დაკავების შემდეგ, „სამართლიანობის კლიმატის ინიციატივის” აქტივობები, როგორც ჩანს, შეწყდა, რადგან უფლებადამცველის თანამებრძოლები ძირითადად დაკავებულის საპატიმროში მხარდაჭერას ახმარენ ძალებს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების კამპანია და შეწყვიტოს ცინიკურად საკუთარი კრიტიკოსების დაკავება COP29-ის ბაქოში, ნოემბერში დაგეგმილი სამიტის წინ. ანარ მამედლის დაკავება ამ შემაშფოთებელი კამპანიის კიდევ ერთი აშკარა მაგალითია“, - განაცხადა საერთაშორისო ამნისტიის სამხრეთ კავკასიის მკვლევარმა, ნატალია ნოზაძემ, უფლებადამცველის დაკავების შემდეგ.

გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ფრანკ შვაბემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „არცერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს გამგზავრება COP29-ზე, თუკი არ მოითხოვს ანარ მამედლისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, არ მიმდინარეობს რეპრესიები და დევნა განსხვავებული აზრის გამო, და თუ ვინმეს აპატიმრებენ, ეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო ხდება.

„დათბობის“ იმედი და ახალი დაპატიმრებები

2024 წლის 13 აგვისტოს რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ და აზერბაიჯანულმა უფლებადამცველმა სტრუქტურებმა - „სპარსეთის ყურის ადამიანის უფლებათა ცენტრმა”, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ”, „წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ” და სხვებმა - მოუწოდეს გაეროს, გაამახვილოს ყურადღება აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნაზე COP29-ის წინ. ისევე როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროცესები მიმდინარეობს წინა კლიმატის კონფერენციების მასპინძელ ქვეყნებში - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაზე ნაკლები იყო გასული, როდესაც 21 აგვისტოს, ღალატის ბრალდებით, მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი ბახრუზ სამედოვი დააკავეს. სამედოვი არის ერთ-ერთი ყველაზე კატეგორიული მოწინააღმდეგე ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის და სხვადასხვა სამშვიდობო პროექტის მონაწილე.

ოფიციალური ვერსიით, რომელიც სამთავრობო მედიაში გავრცელდა, სამედოვი თანამშრომლობდა სომხეთის სპეცსამსახურებთან, მათი შეკვეთით აგროვებდა ინფორმაციას და წერდა ანტიაზერბაიჯანულ სტატიებს. კიდევ რამდენიმე ანტიმილიტარისტი აქტივისტი მისი წრიდან საქმეში ფიგურირებენ როგორც მოწმეები, მათ ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

რამდენიმე ხნით ადრე, იმავე მუხლით დააკავეს ეთნოგრაფი იგბალ აბილოვი - ეთნიკურად თალიში (აზერბაიჯანის ეროვნული უმცირესობა), რომელიც ბავშვობიდან ცხოვრობს ბელარუსში, თუმცა აზერბაიჯანის მოქალაქეობაც აქვს. აბილოვი აზერბაიჯანში ბიძაშვილის ქორწილისთვის ჩავიდა.

ბახრუზ სამედოვის დაკავებამ პანიკა გამოიწვია ანტიმილიტარისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის ქვეყნის შიგნით და ააგორა ახალი ტალღა პეტიციებისა, მიმართვებისა, განცხადებებისა და მოთხოვნების ქვეყნის გარეთ. 20-ზე მეტი ფონდი და ორგანიზაცია, მათ შორის Climate Rights International, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”, Human Rights Watch, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი” და სხვები, ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ.

„აზერბაიჯანის მთავრობა დიდი ხანია ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და აჩუმებს კრიტიკულ ხმებს, ეს ფაქტები კარგად არის დოკუმენტირებული. ისეთი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება, როგორიც COP29-ია, ამ კონტექსტში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის - გარემოსდაცვითი აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების, კონფერენციის მუშაობაში თავისუფლად და უსაფრთხოდ მონაწილეობა, როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე მის დროს და შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი ავტორების თქმით, აზერბაიჯანის მიმართ საერთაშორისო ყურადღება, რომელიც COP29-თან არის დაკავშირებული, „წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას, მოითხოვონ ძალადობის შეწყვეტა“.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ კლიმატთან დაკავშირებული საქმიანობა საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების სრულ და არსებით მონაწილეობას, „აზერბაიჯანის საშინელი რეპუტაცია უფლებების დაცვის კუთხით ავალდებულებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (UNFCCC) სამდივნოსა და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ კონკრეტული ზომები COP29-ზე სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვანი მონაწილეობისთვის უსაფრთხო სივრცის უზრუნველსაყოფად“.

აზერბაიჯანულ სამოქალაქო საზოგადოებაში არიან ისეთებიც, ვისაც იმედი აქვთ, რომ COP29-ის წინ ქვეყანაში დაიწყება „დათბობა“, რადგან ხელისუფლებას ადარდებს, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

„ევროკავშირის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპის კლიმატის დაცვის კომისრის, ვოპკე ჰუკსტრას ხელმძღვანელობით, ეძებენ გზებს, რომ COP29-ის წინ პოზიტიური გავლენა მოახდინონ აზერბაიჯანის ხელისუფლების ქცევასა და გადაწყვეტილებებზე, და ამასთან, ცდილობენ, რომ ახალი დაპატიმრებების ტალღა არ დაუშვან“, - აცხადებს საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის Publish What You Pay-ის წარმომადგენელი ფუად ჰასანოვი.

ჰასანოვის ვარაუდით, აზერბაიჯანის მთავრობა, რომელიც ჯერჯერობით არ გამოხატავს საერთაშორისო მოწოდებებზე რეაქციას, ცდილობს მეტი დრო მოიგოს შესაძლო მანევრებისთვის:

„აზერბაიჯანის იმიჯის საკითხი საერთაშორისო და რეგიონალურ თანამშრომლობაში ჯერ კიდევ არ არის დახურული. შესაძლოა, COP29-ის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ მიიღოს რამდენიმე ადეკვატური გადაწყვეტილება, თუმცა დაგვიანებით. მოთხოვნები ამ მიმართულებით, როგორც ღია დიპლომატიური არხებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმით, მკაფიო კრიტერიუმებსა და პირობებს უნდა ეფუძნებოდეს“.

შხამიანი ოქრო: რა არის ცნობილი აზერბაიჯანის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ

იურიდიული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით დაჩრდილული, გარემოსდაცვითი საკითხები, როგორც წესი, არ წარმოადგენენ პრიორიტეტს აზერბაიჯანის საინფორმაციო დღის წესრიგში. როდესაც ისინი მაინც განიხილება, ეს სწორედ სოციალურ კონტექსტში ხდება.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც სულ მცირე 2020 წლიდან მწვავედ დგას, არის მდინარე მტკვრის კრიტიკული დაშრობა. აზერბაიჯანში ამ მთავარი მდინარის დონის დაწევის გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სასმელი წყლის დეფიციტია და სოფლის მეურნეობა სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ფერმერები, რომელთა ნაკვეთები მდინარის პირასაა, ამბობენ, რომ დაშრობის გამო, წყლის ტუმბოები, რომლებსაც ისინი თავიანთი პლანტაციების მოსარწყავად იყენებენ, კარგად არ მუშაობს, რაც დიდ ზარალს ნიშნავს.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია Ecofront-ის ხელმძღვანელის ჯავიდ გარას თქმით, პრობლემების მიზეზი აგროპარკების შექმნაა, რომლებშიც სამელიორაციო სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს და სარწყავი წესები არ არის დაცული. „ყოფილი საძოვრების ადგილზე შექმნილი ყველა ეს აგროპარკი ბიზნესმენ-ჩინოვნიკებს ეკუთვნის“, - ხაზს უსვამს გარა.

ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები მტკვრის დაშრობის მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებენ და ასევე ადანაშაულებენ საქართველოს და თურქეთს, რომელთა ტერიტორიაზეც მიედინება მდინარე, სანამ აზერბაიჯანში შევა.

სხვა საყურადღებო პრობლემებს შორის, რომლებზეც გარემოსდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა ამახვილებენ ყურადღებას, არის გადაშენების პირას მყოფ ცხოველებსა და ფრინველებზე უკანონო ნადირობა აზერბაიჯანის ტყეებში, ბაქოში ხეების ჩეხვა და კასპიის ზღვის ჩამდინარე წყლებით დაბინძურება.

2023 წლის ივნისში, ქვეყნის დასავლეთში, სოფელ სოიუდლუში ხმაურიანი სკანდალი მოხდა. სოიუდლუს მახლობლად არის ოქროს მაღარო, რომელსაც 2009 წლიდან ამუშავებს ბრიტანული კომპანია Anglo Asian Mining-ი. ციანიდის შემცველი ოქროს მოპოვების ნარჩენები ხელოვნურ ტბაში ჩაედინება.

სოიუდლუს მცხოვრებლების თქმით, ეს „შხამიანი ტბა“ წლებია მათ პირდაპირი მნიშვნელობით ცხოვრებას უწამლავს: პირუტყვი და მცენარეები კვდებიან, მოსახლეობა ჯანმრთელობას უჩივის. „მოდი [ჩინოვნიკები] მოვიდნენ და ამ ტბას წრე დაარტყან - ათი წუთის შემდეგ თავბრუსხვევა იწყება“, - ამბობს სოფლის მოსახლეობა.

ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ტბიდან მდინარეში ან სხვა ბუნებრივი წყლის რეზერვუარებში ნებისმიერი მოხვედრილი წყალი საფრთხეს უქმნის მთელ ეკოსისტემას, რადგან ზოოპლანქტონი და ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან ციანიდის მიმართ, ვიდრე ადამიანები.

როდესაც 2023 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა საძოვრებზე მეორე მსგავსი ტბის შექმნის გეგმები, სოფლის მოსახლეობა აჯანყდა და საპროტესტო აქცია გამართა. ბაქოდან ხელისუფლების მიერ გაგზავნილმა სწრაფი რეაგირების რაზმმა სასტიკად დაარბია მისი მონაწილეები, რომელთა შორის ბევრი ქალი იყო, მათ შორის მოხუცებიც.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი ფარებს იყენებს უიარაღო გლეხი ქალებისგან თავის დასაცავად ან მათ სახეზე ცრემლსადენ გაზს ასხურებს.

საპროტესტო აქციები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა, ხუთს მიესაჯა 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო სოფელში შესასვლელი პოლიციამ დიდი ხნით გადაკეტა.

თავდაპირველად ეკოლოგიის მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა (ისევ ის, ვინც COP29-ის თავმჯდომარე იქნება) განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეამოწმა გარემო და „ატმოსფეროში ციანიდის კვალი არ აღმოჩნდა, ღელვის საფუძველი არ არსებობს“. მაგრამ მოგვიანებით, მაღაროს მუშაობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი ექსპლუატაციის დროს დაირღვა ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სანიტარული წესები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ „ხალხის მხარე" დაიკავა, უმოქმედობისთვის გაკიცხა ოფიციალური პირები და დაგმო „პროვოკატორები", რომლებიც თითქოს სოფლის მოსახლეობას აბუნტებდნენ. ალიევის თქმით, კონფლიქტის დროს მხოლოდ პოლიცია მოიქცა სწორად და ის არ დაუშვებს მათ „გასვრას“.

არჩევნების გადადება და სტუდენტები „დისტანციურ სწავლაზე“

აზერბაიჯანში კლიმატის სამიტთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღიც კი შეცვალა და სექტემბერში ჩაატარა.

საერთაშორისო ღონისძიების სამზადისში ბაქოს ქუჩებში ასფალტს აგებენ, ქალაქის მოსახლეობას კი მარჩიელობა უწევს, თუ რა შეზღუდვები ელის.

უკვე ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საშემოდგომო არდადეგები 12 ნოემბერს დაეწყებათ, მერხებს კი მხოლოდ 22 ნოემბერს დაუბრუნდებიან (ჩვეულებრივ, არდადეგები 16-დან 20 ნოემბრამდე გრძელდება). კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დედაქალაქის უნივერსიტეტების სტუდენტებს და სახელმწიფო თანამშრომელთა 70%-ს დისტანციურ სწავლასა და მუშაობაზე გადაიყვანენ - ამ დღეებში ტრანსპორტი არ უნდა შეიზღუდოს, ამბობს ხელისუფლება.

თარგმანი: ელენე კობახიძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG