Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების ტალღა და ბაქოს რეაქცია კრიტიკაზე


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ელნარა გასიმოვა დაკავებისას. 13 იანვარი, 2024 წელი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ელნარა გასიმოვა დაკავებისას. 13 იანვარი, 2024 წელი.

ჯგუფური კონტრაბანდის საქმეზე დაკავებული ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო აზერბაიჯანს ევროკავშირის ელჩი აკრიტიკებს. კრიტიკას ბაქო ქვეყნის საქმეებში ჩარევად თვლის და მიუთითებს, რომ დარღვევები არა აზერბაიჯანში, არამედ - ევროკავშირის ქვეყნებში უნდა ეძებონ.

ერთმანეთის მიყოლებით დაკავებული ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები - აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის რეალობაა. დაკავებულების ერთი ნაწილი პირველ ეტაპზე უკვალოდ გაქრა.

მედიის წარმომადგენლებს უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, იდევნება დამოუკიდებელი მედია, რომელიც მწვავე მასალებს ამზადებს. გამოძიებას ეჭვი აქვს ფარულ დაფინანსებაზე შშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციების მხრიდან.

ბაქო კრიტიკას არ იღებს

„შემაძრწუნა ცნობებმა დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, ახლახან აზერბაიჯანში დაკავებული ზოგიერთი ჟურნალისტისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალების მიმართ, რომლებიც ხელბორკილებით იყვნენ სასამართლოს დარბაზში, ჩასვეს შუშის კაბინაში და რომლებსაც არ დაუკმაყოფილეს ელემენტარული ადამიანური მოთხოვნები“, - დაწერა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში, პეტერ მიხალკომ X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ "ყველას აქვს ღირსეული მოპყრობისა და პატივისცემის უფლება".

ევროკავშირის ელჩის კრიტიკას სასამართლო სისტემაში ჩარევად აფასებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, აიხან გაჯიზადე და კრიტიკას სრულიად უსაფუძვლოდ თვლის.

„კარგი იქნებოდა, რომ ელჩს ყურადღება მიექცია სამართლიანობის არარსებობასა და ცუდ მოპყრობაზე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაში“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი. გაჯიზადეს თქმით, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემა აგებულია „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით“ და „მასში ჩარევა დაუშვებელია“.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური, ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების გაანალიზების შედეგად აცხადებს, რომ „სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივისტების მაგალითები აჩვენებს, რომ კანონი და მისგან გამომდინარე უფლებები არ მოქმედებს მოქალაქეებისთვის“.

ბოლო თვეებში აზერბაიჯანში 10-მდე ჟურნალისტი და მედიამენეჯერი დააკავეს. მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები ძირითადად კონტრაბანდას უკავშირდება. ბრალს დაკავებულთაგან არავინ აღიარებს და მიმდინარე პროცესებს ისინი თავიანთ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ.

დაკავებულების ამ შეფასებას ბევრი იზიარებს - ბაქო კი კატეგორიულად არ ეთანხმება.

OCCRP-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიამ ბრალი დასდო აშშ-სა და ევროკავშირს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფარულ დაფინანსებაში. იტყობინებიან, რომ მომზადებულ მასალებში საგანგებო აქცენტი იყო დასმული USAID-ზე, რომელიც პოლიტიკური ზეგავლენის მცდელობაში დაადანაშაულეს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2023 წლის ნოემბრის მიწურულს აცხადებდა, უწყებაში დაიბარეს აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენელი დიპლომატები და მათ განუმარტეს, რომ უცხოეთიდან ფარული დაფინანსება მკაცრად არღვევს კანონმდებლობას და გრანტები აზერბაიჯანში მკაცრ რეგისტრაციას ექვემდებარება.

„ეს არის ცრუ ბრალდებები USAID-ის დახმარების პროექტების მისამართით... ჩვენი დახმარება ყოველთვის გამჭვირვალეა“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ კომენტარს OCCRP აქვეყნებს.

დაკავების ტალღა

„წამოვიღე კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები“, - მოწმედ გამოძახებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ელნარა გასიმოვა, პოლიციაში მომზადებული გამოცხადდა და MEYDAN.TV-ს უთხრა, რომ დაკავებას ელოდებოდა და ეს არცთუ რთულად გამოსაცნობი იყო, მანამდე დაკავებული კოლეგების, Abzas Media-ს სხვა თანამშრომლების მაგალითის მიხედვით.

ყველა მათგანს სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი - ვალუტის კონტრაბანდა წინასწარი შეთქმულებით და ჯგუფურად. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულთაგან ბრალს არავინ აღიარებს.

ელნარა გასიმოვას, რომელიც, Abzas Media-დან, რიგით მეექვსე დაკავებული იყო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 15 იანვარს შეუფარდა - 2 თვითა და 17 დღით.

"ქალბატონი ელნარას განცხადებით, ის დააკავეს იმის გამო, რომ არ შეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა და რეპორტაჟების მომზადება“, - თქვა მისმა ადვოკატმა, ბახრუზ ბაირამოვმა, რომლის განმარტებითაც, წარდგენილი ბრალი სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ელნარა გასიმოვა, 13 იანვარს, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი, პოლიციაში განცხადების შემდეგ, ორ საათში დააკავეს. ვიდრე დაკითხვის პროცესი მიმდინარეობდა, მის კოლეგებს შენობასთან შეკრების უფლება არ მისცეს და მათ აუკრძალეს თავშეყრა ახლოს მდებარე კაფეშიც, ყინვისა და ცუდი ამინდის მიუხედავად.

კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიებებით არიან ცნობილი ბოლო პერიოდში დაკავებული სხვა ჟურნალისტებიც. AbzasMedi იძიებდა მაღალჩინოსნების ოჯახების საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებულ ფაქტებს.

დაკავებულთა შორის ხელმძღვანელი პირებიც არიან.

  • 2023 წლის 20 ნოემბერს, დააკავეს AbzasMedia-ს დირექტორი - ულვი ჰასანლი. გაჩხრიკეს მისი ბინა და ოფისი. ითქვა, რომ თითქოს, AbzasMedia-ს ოფისში 40 ათასი ევრო აღმოაჩინეს. მას 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
  • შემდეგ, აეროპორტში დააკავეს საზღვარგარეთიდან დაბრუნებული AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორი - სევინჯ ვაგიფკიზი. მასაც 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
  • ამავე საქმეზე დაკავებული არიან ასევე AbzasMedia-ს დირექტორის მოადგილე მუჰამედ კეკალოვი, ჟურნალისტები ნარგიზ აბსალამოვა და ხაფიზ ბაბალი.

კონტრაბანდის საქმე სხვა მედიასაშუალებასაც შეეხო.

ინტერნეტტელევიზიის - „არხი13“-ის ჟურნალისტს შამო ემინოვს ასევე კონტრაბანდის გამო წარუდგინეს ბრალი და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა 3 თვითა და 5 დღით.

გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა ოჯახთან დაკავშირება, დროებითი დაკავების იზოლატორიდან, მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მოახერხა და ადვოკატის დახმარება ითხოვა. როგორც იტყობინებიან, მანამდე მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

აზერბაიჯანული წყაროები იუწყებიან, რომ კონტრაბანდის საქმეზე დაკავებულია ასევე „არხი13“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - აზიზ ორუჯევი. ის თავიდან თითქოს უკანონო მშენებლობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ 19 დეკემბერს, მასაც კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

იზოლატორში მოხვდა „არხი13“-ის კიდევ ორი თანამშრომელი, ერთი - ხულიგნობის, ხოლო მეორე - გამოძალვის ბრალდებებით. ამ ფაქტებს დამოუკიდებელი ექსპერტები ჟურნალისტების დევნის საერთო სურათის ნაწილად განიხილავენ.

13 იანვარს დაკავებული ელნარა გასიმოვას ადვოკატის თანახმად, ჟურნალისტი სასამართლოს დარბაზში რკინის ხელბორკილებით იჯდა, რომელთა მოხსნა მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდეგ მოხერხდა.
თუმცა ადვოკატის ჩარევა უშედეგო იყო კონტრაბანდის საქმეზე სხვა დაკავებულის - AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორის სევინჯ ვაგიფკიზის შემთხვევაში - რომელიც სასამართლო პროცესზე შუშის კაბინაში იჯდა.

აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების დასაცავად გამოდიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) მოუწოდებს ევროსაბჭოს, „შეახსენოს რეჟიმს თავისი ვალდებულებები“. ორგანიზაცია თვლის, რომ ეს არის „ნადირობა აზერბაიჯანში ჯერ კიდევ დარჩენილი მცირერიცხოვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალების ჟურნალისტების წინააღმდეგ“. პროცესები ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებად შეაფასა Amnesty International-მა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, გასული წლის მიწურულს აზერბაიჯანში არაერთი სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს და გარკვეული დროის განმავლობაში მათ კვალს ვერავინ აგნებდა - ოჯახსა და ადვოკატებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ.

დაკავებულთა შორის არის არაზ ალიევი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ლექტორი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებმაც ის 23 დეკემბერს დააკავეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ალიევი მათ ავტომანქანაში ჩასვეს, გამოიყენეს ძალა და წაართვეს კომპიუტერი.

სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის განყოფილებიდან სწრაფად გადაიყვანეს სასამართლოში და მცირე ზიანის მიყენების მუხლით - 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამ ყველაფრის შესახებ ადვოკატმა მისგან უკვე საკანში შეიტყო, რამდენიმე დღის შემდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG