საქართველოს მთავრობა „რევოლუციური სცენარის“, იმავე „ტრენინგების საქმეზე“ „გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას“ მოითხოვს USAID-ისგან.
„მათთვის, ვინც აფხაზეთს „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება“, - აფრთხილებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა USAID-ს.
რატომ უპირისპირდებიან ბაქო, თბილისი და სოხუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ს?
პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, არ არის გამორიცხული, ამ ქალაქებს მოსკოვიდან საერთო გზავნილები მოსდიოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამივე შემთხვევა და დაპირისპირების მიზეზები ერთმანეთისაგან განსხვავდებაო.
ექსპერტები დანამდვილებით იმას ამბობენ, რომ ეს დამთხვევა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ნაწილში დემოკრატიული ღირებულებებისა და დასავლური ინტერესების წინააღმდეგ გაძლიერებულ სვლას აირეკლავს.
„საერთო ენა“
„რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ გვაქვს, გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ ეს კოორდინირებული დინამიკაა, - იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში არის თემები, რაზეც მოსკოვი, სოხუმი, ცხინვალი და თბილისი ერთი ენით საუბრობენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი.
ბრაგვაძე განმარტავს, რომ ამ საერთო რიტორიკაში გულისხმობს შეთქმულების თეორიებს „მეორე ფრონტის გახსნასა“ და „საქართველოს ომში ჩართვაზე“, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა.
„დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გამოსვლა იყო ახლახან, სადაც გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მაგრამ ოპოზიციაა რადიკალური. არის რაღაცები, როდესაც მოვლენები ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კოორდინირებულია“, - ამბობს იგი.
მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც აზერბაიჯანზე მიდგება საქმე, - მართალია, კოორდინაციას კვლავ ვერ გამორიცხავს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. მიზეზი ის არის, რომ სამივე შემთხვევაში USAID-ით უკმაყოფილებას სხვადასხვა მიზეზი აქვსო, განმარტავს ანალიტიკოსი.
რას ერჩის აზერბაიჯანი აშშ-ს?
აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ბოლო რამდენიმე კვირაა, ურთიერთობები იძაბება, რაც რისკის ქვეშ ერთდროულად აყენებს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას და შეერთებული შტატების მოდერატორის როლს.
ყველაფერი დაიწყო კონგრესში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენის კრიტიკული მოხსენებით. 15 ნოემბერს კონგრესში მოხსენებაზე მან თქვა, მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის „სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ, სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, აზერბაიჯანთან ურთიერთობა ჩვეულებრივ ვერ გაგრძელდება, - ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარაო.
პასუხად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს „ცალმხრივ მიდგომასა“ და „სეპარატიზმის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და უარი თქვა ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე.
22 ნოემბერს ბაქომ დიპლომატიური ფრონტის ხაზი გაუხსნა შეერთებული შტატების სააგენტო USAID-სა და მის ხელმძღვანელს, გამოცდილ დიპლომატ სამანტა პაუერს.
„ჩამოიხსენით ნიღაბი! აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - ასე მიმართა მას ჰიკმეტ ჰაჯიევმა, პრეზიდენტ ალიევის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
22 ნოემბერს პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) გამოქვეყნებულ წერილში ჰაჯიევმა აშშ სომხეთის „სისხლიანი რეჟიმის გვერდით დგომაში“ დაადანაშაულა:
„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების 30-წლიანი ოკუპაციის დროს, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი გახდა სასტიკი, სისხლიანი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, შეერთებული შტატები აგრესორი სომხეთის გვერდით იდგა. იგივე პოლიტიკა გრძელდება დღეს - იმავე ფორმითა და გამოვლინებით“, - დაწერა მან.
ჰიკმეტ ჰაჯიევმა USAID-ის დირექტორი დაადანაშაულა რუს ოლიგარქთან, რუბენ ვარდანიანთან თანამშრომლობაში და, ამ აზრით, „უკრაინაში სეპარატიზმის მხარდაჭერაში“. რუბენ ვარდანიანი, რომელიც ყარაბაღში დე ფაქტო პრემიერის პოსტს იკავებდა და ამჟამად აზერბაიჯანულ ციხეშია, უკრაინის მიერაა სანქცირებული.
სამანტა პაუერი დიპლომატია, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 2013-17 წლებში გაეროში აშშ-ის ელჩი იყო, 2021 წლიდან კი USAID-ს ხელმძღვანელობს. ის ყოფილი ჟურნალისტია - აშუქებდა იუგოსლავიის ომებს. 2003 წელის მიღებული აქვს პულიცერის პრემია წიგნისთვის: „პრობლემა ჯოჯოხეთიდან - ამერიკა და გენოციდის ეპოქა“. ადამიანის უფლებებისთვის მომუშავე პაუერი საკვანძო ფიგურა იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში.
ტომ დე ვაალმა, ყარაბაღის კონფლიქტზე საეტაპო წიგნის, „შავი ბაღის“ ავტორმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, ჰაჯიევის ბრალდებას „შეთქმულების თეორია“ უწოდა:
„წლების განმავლობაში მესმოდა სომხებისგან, „ამერიკა აზერბაიჯანის მხარესაა ნავთობისა და გაზის გამო“, და აზერბაიჯანელებისგან - „ამერიკა სომხეთის მხარესაა სომხური ლობისტური ჯგუფების გამო“, მაგრამ საქმიანი ურთიერთობები გრძელდებოდა. აი, ეს სიახლეა. ასეთი შეთქმულების თეორიები უკვე უმაღლესი ეშელონებიდან მოემართება“, - დაწერა მან X-ზე.
ასეთი რიტორიკა აზერბაიჯანისგან საერთოდ არ არის გასაკვირიო, გვეუბნება დავით ბრაგვაძე და განმარტავს, რომ „უკვე მრავალი წელია, ისინი არ სწყალობენ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე მომუშავე ორგანიზაციებს“.
აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. დახურულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი. Freedom House-ის შეფასებით, ის არის „კონსოლიდირებული ავტოკრატია“, სადაც არ არსებობს სივრცე თავისუფალი აზრის გამოსახატავად.
„USAID-ი პირდაპირ ასოცირდება ამერიკის ხელისუფლებასთან, პირდაპირი დახმარებაა აშშ-ის ბიუჯეტიდან და მასზე ბაქოს შეტევა, ვფიქრობ, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებიდან დასავლეთის ჩახსნის მიზნით გადადგმული მორიგი ნაბიჯი უნდა იყოს“, - ეუბნება დავით ბრაგვაძე რადიო თავისუფლებას.
გარდა შეერთებული შტატებისა, აზერბაიჯანი პროსომხურ პოზიციებსა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს საფრანგეთსაც, - რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს სამხედრო დახმარება აღუთქვა და 24 ჯავშანტრანსპორტიორიც გაგზავნა ერევანში.
დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირების ფონზე ის სომხეთს მოუწოდებს, ორმხრივ ფორმატში, ერთი-ერთზე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, - რა შემთხვევაშიც აზერბაიჯანი მეტად მოახერხებს თავისი ინტერესების გატარებას. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი „დერეფნებს“ უკავშირდება.
სოხუმის
USAID-ის წინააღმდეგ გამოდიან ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
წინა კვირას, 16 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, - რომელსაც კრემლში მუშაობის გამოცდილება აქვს, - შეხვედრა გამართა სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან და მკაცრად განაცხადა:
„მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას 'ოკუპირებულ ტერიტორიად' განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება“.
არძინბამ ამავე შეხვედრაზე განმარტა, რომ USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.
- არძინბა ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს „მეორე ფრონტის“ გასახსნელად;
- ამბობს, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას - ესე იგი, ისეთივესი, როგორიც რუსეთში მოქმედებს და რაც საქართველოში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების შედეგად გაიწვიეს.
„ინალ არძინბას მოსვლის დღიდან აქვს აგრესიული დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის USAID-ის, UNDP-ის მიმართ. ყველას ერჩის. პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ მისთვის პრიორიტეტულია აფხაზეთის „აღიარების“ ხაზი… ეს შეიძლება ამ პოლიტიკის გაგრძელებად ჩავთვალოთ“, - ამბობს დავით ბრაგვაძე.
თბილისი და ტრენინგებით „გადატრიალების“ საქმე
საქართველო, დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებს. ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრება, თუმცა 2022 წლის თებერვლიდან, - უკრაინაში ომის დაწყებიდან, - საუბრობს „ომში ჩათრევის მცდელობებზე“ - და ბრიუსელსა და ვაშინგტონზე მიუთითებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“.
ამ სცენარში მათ ცენტრალურ როლში გამოაცხადეს ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც, სუსის თანახმადვე, შეადგენს სერბული ორგანიზაცია „ოტპორი“, - რომლის სიმბოლიკასაც, თავის მხრივ, იყენებდა მოძრაობა „კმარა“ 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციისას“.
სუსის ვერსიით, თბილისში 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“. სუსის გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ტრენინგების საქმეს“ უწოდებენ.
აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პირველ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა, „ტრენინგების საქმესთან“ და „რევოლუციურ სცენართან“ USAID-ის დაკავშირებას სასაცილო უწოდა.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით“, - გვითხრა მან.
„საქართველოს შემთხვევაში [USAID-თან დაპირისპირება] არის „ომში ჩაბმის მცდელობის“ პროპაგანდის გაგრძელება, რაც უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებულია, - თითქოს USAID-ი აფინანსებს ტრენინგებს, სადაც „ახალგაზრდებს იარაღის დაშლა-აწყობას ასწავლიან“, აქეთ დაკავშირება „ოტპორთან“ და „ბაკურიანის შეთქმულებასთან“, - ამბობს დავით ბრაგვაძე, თუმცა ის მიუთითებს, რომ ეს გზავნილები უფრო შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი:
„არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რიტორიკის მიღმა რაიმე ნაბიჯს გადადგამს რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ - განსხვავებით აზერბაიჯანისგან. ეს პოლიტიკური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და ამის მიღმა არ მიდის. მით უმეტეს, საარჩევნო წელი მოდის და ამ რიტორიკას მერყევი ელექტორატის შენარჩუნების მიზანი აქვს“, - გვეუბნება ანალიტიკოსი.
„დამთხვევა“ და ანარეკლი
პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2012-16 წლებში), ამბობს, „შესაძლოა, რომ მოსკოვი ინსტრუქციებს გზავნიდეს ორ ქალაქში - სოხუმსა და თბილისში. მაგრამ ბაქოს თავისი ხედვები, ამოცანები აქვს“.
„ამ შემთხვევაში ეს რიტორიკა დაემთხვა, რადგან USAID-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია დემოკრატიის, აფინანსებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აფინანსებს დემოკრატიულ განვითარებას და არც ბაქოს, არც თბილისსა და არც სოხუმს ეს არ სურს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
დავით ბრაგვაძეც ვარაუდობს, რომ „განსაკუთრებულ კოორდინაციასთან საქმე არ გვაქვს“, თუმცა დასძენს: „ამ ბოლო პერიოდში ისეთი რამეები ხდება, მაგასაც ვერ გამოვრიცხავ. უბრალოდ, ბაქოს ფაქტორიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ სოხუმთან კოორდინირების ინტერესი ჰქონდეთ“.
და, მართალია, ანალიტიკოსები გადაჭრით ვერ ამბობენ, რომ ეს გზავნილები „სამივე შემთხვევაში მოსკოვიდან წამოსული დირექტივა იყოს“, მაგრამ, პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, „ეს ნამდვილად არის დემოკრატიის წინააღმდეგ, დემოკრატიის მიმართ შეშფოთების გამოხატულება“.
24 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ალიევი რამდენიმე კვირით ადრე, 8 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში.
„ბოლო პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. საქართველო ამ ბოლო დროს აწარმოებს „მრავალვექტორულ“ საგარეო პოლიტიკას; ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნები თავად უნდა წყვეტდნენ თავის ბედს, - „გვინდა პარტნიორები, მაგრამ ბატონები არ გვინდა“... თუ გავითვალისწინებთ, რომ გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები ალიევსა და ღარიბაშვილს შორის, - უპრეცედენტოდ ხშირი გახდა, - არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებითაც რაღაც ტიპის დიალოგი მიმდინარეობდეს, მათ შორის გამოცდილების გაზიარება“, - გვეუბნება დავით ბრაგვაძე.
„მაგრამ, კიდევ ერთხელ, მართალია, მოვლენების ასე წაკითხვაში შესაძლოა, რაიმე ლოგიკა იყოს, ბმები არსებობდეს, თუმცა მაინც ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცალ-ცალკე აღებული კონკრეტული მთავრობებისა და დე ფაქტო მთავრობის დღის წესრიგის ნაწილია“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.