ოფიციალურმა ბაქომ კიდევ ერთხელ გაილაშქრა საფრანგეთის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ უკმაყოფილება ოფიციალურად არ გამოუთქვამს. თბილისი აცხადებს, რომ „ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები“ და ორივე მხარეს აძლევს საშუალებას, საქართველო ტრანზიტულად გამოიყენონ.
ამ სტატიაში აგიხსნით:
- რა შეიარაღება გადაეცა სომხეთს საქართველოს გავლით?
- განაწყენდა თუ არა ამის გამო ბაქო საქართველოზე და რას ამბობენ თბილისში?
- რას ცვლის ფრანგული დახმარება სომხეთის არმიისათვის?
„ბასტიონები“ - რა გადაეცა სომხეთს?
სომხეთს ფრანგული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი „ბასტიონები“ საქართველოს გავლით 12 ნოემბერს მიაწოდეს.
ზოგადად, ჯავშანტრანსპორტიორები საბრძოლო მანქანებია, რომელთა მიზანია, ფრონტამდე უსაფრთხოდ მიიყვანონ ქვეითები და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაში ჩაერთონ კიდეც.
„ბასტიონი“ მრავალფუნქციური ტაქტიკური ჯავშანმანქანაა, რომელსაც ფრანგული, 1948 წელს დაარსებული კომპანია „აკმატი“ (ACMAT) აწარმოებს. „აკმატს“, თავის მხრივ, ასევე ფრანგული კომპანია ARQUUS-ი ფლობს 2018 წლიდან. სომხეთისთვის მიმწოდებელიც ARQUUS-ია.
მწარმოებლის თანახმად, „ბასტიონი“ არის შეიარაღებული ავტომობილი, რომელიც 12.5 ტონას იწონის.
ARQUUS-ის ეს ჯავშანმანქანა, რომელსაც 8 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, გამოიყენება „ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის, ტვირთის გადასაზიდად“.
„ბასტიონს“ 2012 წლიდან აწარმოებენ და ამ 11 წლის განმავლობაში გამოუყენებიათ აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის, ბურკინა-ფასოში, კამერუნში, გაბონსა და სენეგალში.
შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ბასტიონის“ ტიპის მანქანები მოტორიზებული ქვედანაყოფის დასაკომპლექტებლად არის გათვლილი, - „დანიშნულება არის ბრძოლის ველზე და ზურგში ტაქტიკური ქვედანაყოფის გადაყვანა“.
მისი თქმით, დიდი რაოდენობით „ბასტიონებს“, შესაძლოა, გარკვეული გარდატეხა შეეტანათ ბრძოლის ველზე, - 500-1000 ერთეულს, - მაგრამ იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რაც სომხეთმა მიიღო, რაიმე, თუნდაც მცირედ განსხვავებაზე საუბარი ზედმეტია.
„ამ ტიპის მანქანები ბრძოლის ველზე დიდი მნიშვნელობის არ არის“, - ამბობს იგი.
ფრანგული გამოცემა Ouest France-ი წერს, რომ „ბასტიონები“ თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ კიევმა საბოლოოდ მიიჩნია, რომ ისინი ნაკლებად დაცულია საარტილერიო ცეცხლისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან, და უარი თქვა მათზე.
აზერბაიჯანის რეაქცია
ცნობები ფრანგული იარაღის სომხეთისთვის საქართველოს გავლით გადაცემაზე, ფოთის პორტში ტექნიკის ფოტოებთან ერთად, თავდაპირველად აზერბაიჯანულმა გამოცემა Caliber.az-მა გაავრცელა. საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ ამ გამოცემას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან აქვს კავშირები.
13 ნოემბრის ცნობას იმავე დღეს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და „საფრანგეთის მიერ სომხეთში ბასტიონის შეტევითი ჯავშანტექნიკის გაგზავნა მკაცრად დაგმო“.
ბაქოს შეფასებით:
- ეს ნაბიჯი ემსახურება „სომხეთის სამხედრო პოტენციალისა და დესტრუქციული მოქმედებების გაძლიერებას“;
- „სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში“.
აზერბაიჯანს დიპლომატიური ფრონტი აქვს გახსნილი საფრანგეთის წინააღმდეგ და მას პროსომხურ პოზიციებსა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. აზერბაიჯანი, რომელიც ამჟამად „მიუმხრობლობის მოძრაობის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, აცხადებს, რომ „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“ მედგრად იბრძოლებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ამბავზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და თქვეს, რომ „სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური განცხადებების გარდა“, უწყება „ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მიაწვდის“ საზოგადოებას.
ოფიციალურ ბაქოს თბილისისთვის ოფიციალურად არ უთქვამს საჯაროდ საყვედური.
აზერბაიჯანულ მედიაში დაწერეს, რომ „საქართველო დიდხანს ამბობდა უარს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე“, ახლა კი, როგორც ჩანს, მწვანე შუქი აუნთესო.
საქართველოს პასუხი
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რადიო თავისუფლებასთან 13 ნოემბერს დაადასტურა, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა „კონკრეტული ტვირთი“. „ეიპიემმა“ ხაზი გაუსვა, რომ:
- „ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული“;
- „საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული“.
მოგვიანებით, 14 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მან თქვა, რომ:
- „ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება“;
- „საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს;
- „ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება“.
რატომ ყიდულობს სომხეთი იარაღს?
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანმა, - რომელიც, თავის მხრივ, წლების განმავლობაში ზრდიდა სამხედრო დანახარჯს და თურქეთისა და ისრაელისგან აქტიურად ყიდულობდა იარაღს, - სომხეთს დიდი რაოდენობით იარაღი გაუნადგურა.
ომის შემდეგ საერთაშორისო მედია მალევე წერდა, რომ სომხეთს თავისი სამხედრო არსენალის არათუ განახლება, არამედ ხელახლა აშენება დასჭირდებოდა.
სომხეთი, თავის მხრივ, თითქმის მთლიანად რუსული სამხედრო ტექნიკით იყო შეიარაღებული. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში იყო მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი.
„საერთაშორისო მშვიდობის სტოკჰოლმის კვლევითი ინსტიტუტის“ 2020 წლის მონაცემებით, სომხეთის სამხედრო შეიარაღების 94% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.
კერძოდ, სომხეთმა 2015-19 წლებში, - 5 წელიწადში, - დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა შეიარაღებაზე [ამავე პერიოდში აზერბაიჯანის სამხედრო დანახარჯები 2.5-ჯერ მეტი იყო].
ამავე ინსტიტუტის თანახმად, შეიარაღების ნაწილი რუსეთმა უსასყიდლოდ გადასცა სომხეთს.
მაგრამ ახლა, უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაცია სომხეთს საკმარის იარაღს არ აწვდის. სომხეთს კი სჭირდება ახალი თავდაცვითი იარაღი.
ქვეყანაში შიშობენ, რომ აზერბაიჯანი, რომელმაც მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღიდგინა, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზეც მიიტანს იერიშს. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები ასეთ გეგმებს უარყოფენ, სომეხი თანამდებობის პირები ბაქოს აგრესიულ რიტორიკაზე მიუთითებენ.
ამავდროულად, ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე გაციებული, როგორც ახლა. ერევანი თითქმის ყოველკვირა დგამს ისეთ ნაბიჯებს, რასაც მოსკოვში კონფრონტაციულად აღიქვამენ.
2022 წლის სექტემბერში ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ გამოთქვა საყვედური, ასობით აშშ დოლარი გვაქვს „მოკავშირეებისთვის“ გადახდილი, ისინი კი იარაღის მოწოდების ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენო.
2023 წელს ფაშინიანმა უკვე „სტრატეგიულ შეცდომად“ შეაფასა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება და თავისი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის „დივერსიფიკაციის“ საჭიროებაზე მიუთითა.
ფაშინიანმა 14 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაურეკა და უთხრა, რომ „ვერ მოახერხებს“, დაესწროს რუსეთის გარშემო გაერთიანებული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ-ს) მომდევნო სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება.
სწორედ ამ „დივერსიფიკაციის“ პოლიტიკის ფარგლებში, სომხეთმა აქტიურად დაიწყო იარაღის შესყიდვა ინდოეთისგან.
ინდოეთისგან შესყიდული იარაღი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს (2020 წლის ომში სომხეთი აზერბაიჯანმა სწორედ თურქული და ისრაელური წარმოების დრონების გამოყენებით დაჯაბნა). კერძოდ:
- 2023 წლის ივლისში სომხეთში ჩავიდა ინდური წარმოების იარაღის პირველი პაკეტი - Pinaka-ს სარაკეტო სისტემა - როგორც მედიაში უწოდებენ ხოლმე, „ინდური ჰაიმარსები“.
- სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 ნოემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან „არც დაადასტურა და არც უარყო“ ცნობა, რომ ინდური, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ZEN-ები შეისყიდეს.
- სომხეთი-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებს თურქეთსა და პაკისტანთან, - რომელიც ინდოეთის მეტოქეა.
ერევანი დახმარებას ელის ევროპიდანაც.
სომხურ მედიაში ვარაუდობენ, რომ საფრანგეთისგან ქვეყანა სხვა, უფრო მნიშვნელოვან შეიარაღებასაც მიიღებს.
ლეონიდ ნერსისიანი, თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2022 წელს სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი $700-800 მილიონი იყო, 2024 წლისთვის კი $1.4-1.5 მილიარდს მიაღწევს.
„ფაქტი, რომ სომხეთი ამხელა ინვესტიციას ახორციელებს თავდაცვაში, თავდაცვის სფეროში შესყიდვებში, აჩვენებს, რამდენად სერიოზულად მიაჩნია მას რისკები“, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ „არსებობს დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები ინდოეთთან, და ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯება საფრანგეთთან“