
პოლონეთმა განსახილველად დააბრუნა წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს სატრანსპორტო ოპერატორებს, რომლებიც ხელი უწყობენ ან ჩართულნი არიან „ადამიანებით ტრეფიკინგში ან მიგრანტების ევროკავშირში უკანონო გადაყვანაში“.
რეგულაცია, თუ ის მიიღეს, მიზანში ამოიღებს საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში ჩართულ კომპანიებს და მათ სრულად მოწყვეტს ევროკავშირის ბაზარს მთელი წლის განმავლობაში.
რეგულაცია ევროკომისიამ პირველად 2021 წლის ნოემბერში წარადგინა, როდესაც ბელარუსს და რუსეთს ძირითადად არაევროპელი მიგრანტები გადაჰყავდათ ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან. იმ წელს ვარშავამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაახლოებით 40 000 მცდელობა დააფიქსირა. საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის მესაზღვრეებს, ქვეყნის სახელმწიფო გადამზიდავ „ბელავიას“ და სირიის ავიახაზებს.
თუმცა, მაშინ რეგულაცია არ მიუღიათ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბრიუსელის გატარებული ზომები ეფექტიანი აღმოჩნდა, ეს ზომები მოიცავდა სანქციებს, დიპლომატიურ ძალისხმევას მესამე ქვეყნებიდან, როგორიცაა ერაყი და სირია მგზავრობის შესაზღუდად და ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის, ფიზიკური ბარიერების მშენებლობას. 2022 წელს პოლონეთის საზღვრის უკანონო მცდელობების რაოდენობა 15 000-მდე შემცირდა. ისედაც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მაშინ მიიჩნევდა, რომ ზომები მეტისმეტად მკაცრი იყო.
იმის გამო, რომ პოლონეთი ამჟამად იკავებს ევროკავშირის საბჭოს მორიგ ექვსთვიან თავმჯდომარეობას, წინადადება დღის წესრიგს დაუბრუნდა. მისი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ზაფხულისთვის რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ. ვარშავამ უსაფრთხოება, მათ შორის მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია. ამასთან, ბლოკი სულ უფრო პოპულისტური და ანტიიმიგრაციული ხდება და არსებობს შანსი, რომ წევრები საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან.
პოლონეთმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს მის აღმოსავლეთ საზღვარზე ზეწოლა გაიზარდა და მისი უკანონო გადაკვეთის 30 500 მცდელობა დაფიქსირდა. ვარშავამ ორი დოკუმენტი გაავრცელა ბრიუსელში, რომლებსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო და სადაც დამნაშავე პირდაპირ არის დასახელებული: „არალეგალური მიგრანტების 90 [პროცენტზე] მეტს, რომლებმაც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი გადაკვეთეს, რუსული ვიზა აქვს, რაც ადასტურებს ტენდენციას - მიგრანტები ბელარუსში ძირითადად რუსეთის გავლით შედიან სტუდენტური ან ტურისტული ვიზით, რომლებიც თავდაპირველ ქვეყნებშია გაცემული“. ვარშავა ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ავღანეთიდან, ეთიოპიიდან, ერიტრეიდან, სირიიდან და იემენიდან რუსეთში და შემდეგ ბელარუსში ჩადიან თურქეთის ან არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით.
ახლა საკითხავია, როგორ მიუდგება ევროკავშირი ამ საკითხს. ბლოკს არ სურს სამიზნეში ამოიღოს თურქეთი, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ან არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომელთანაც ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები.
ახალი ზომების მიღების შესარბილებლად ვარშავა, პირველ რიგში, ჩამოთვლის პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიღებაც უკვე შესაძლებელია. ორიდან ერთ პოლონურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მას სურს შეისწავლოს მეკავშირე ოფიცრების განლაგების შესაძლებლობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის სახმელეთო მარშრუტზე არსებულ ძირითად სატრანზიტო ქვეყნებში“. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მეკავშირე ოფიცერი სტამბოლის აეროპორტში „ხელს შეუწყობს თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციის პოტენციური შემთხვევების გამოვლენაში“.
ამავე დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „ამჟამად, არაბეთის გაერთიანებული საამიროები არ განიხილება საკვანძო ქვეყნად მიგრაციის გარე განზომილებაში, თუმცა ის წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო სატრანზიტო პუნქტს მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიემგზავრებიან. უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის, დაზვერვის გაზიარება და ერთობლივი ქმედებები კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ქსელების წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ამ მარშრუტის გზით არალეგალური მიგრაციის ნაკადზე“.
არსებობს სხვა გზებიც, რომლითაც ბლოკს შეუძლია ამ საკითხის მოგვარება. მაგალითად, უფრო მიზანმიმართული სანქციები რუსეთისა და ბელარუსის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მიგრანტების ევროკავშირის საზღვრამდე გადაყვანაში. კიდევ ერთი ღონისძიება, რომელსაც ევროკავშირის სახელმწიფოები განიხილავენ აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, არის ფინეთის მიბაძვა და თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერება საგანგებო კანონმდებლობით, რომელიც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგაა მიმართული.
ევროკავშირის დიპლომატებმა, რომლებიც გაეცნენ შემოთავაზებულ რეგულაციას, მითხრეს, რომ მას განიხილავენ, როგორც „უკანასკნელ საშუალებას“, პოტენციურ ჯოხს, რომელსაც ბრიუსელი გამოიყენებს, თუ სხვა არაფერი იმუშავებს. რეგულაციის მაგიდაზე დაბრუნებით ბლოკი სიგნალს მისცემს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი მარშრუტი იკეტება.