Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას გადაწყვეტილებაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა უთხრა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიას“. ინტერვიუ, რომელიც რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, უკრაინას და საქართველოსა და სომხეთთან ურთიერთობებს ეხება, დღეს 14 აპრილს გამოქვეყნდა.

გალუზინისთვის დასმული შეკითხვის შინაარსია, რომ „რუსეთის უახლოესი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების სფეროში, ტერიტორიული თვალსაზრისით, შედის საქართველოც“, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ განახლებულა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ თბილისს ამ ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი რუსეთის პოზიციის გამო. „იზვესტია“ გალუზინს ეკითხება „მზად არის, თუ არა მოსკოვი წავიდეს თბილისთან დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენაზე?“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ „სააკაშვილის რეჟიმმა“ მას შემდეგ, რაც „აგრესიის განხორციელება სცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი მშვიდობის დამცველების და ე.ი. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. გალუზინის თქმით, ამისთვის საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმს“ ამჟამად უმკაცრესად აკრიტიკებენ და თავად სააკაშვილი „მრავალრიცხოვანი სასამართლო დავების ქვეშაა“.

მიხაილ გალუზინის თანახმად, შარშანდელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებისგან იყო „ძალიან საღი განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდის“ და შერიგების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, როგორც ხვდება, ოფიციალურ თბილისს ასეთივე განწყობა აქვს აფხაზეთის მიმართაც, რაც „პოზიტიური სიგნალებია“ და „იმედია, კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ამჟამინდელი რეალიების საღად აღქმის საფუძველზე“.

მოსკოვი ამგვარ „რეალიებად“ მიიჩნევს იმას, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ აღიარებული „დამოუკიდებელი რესპუბლიკებია“.

გალუზინმა სამწუხარო უწოდა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ისევ უკავშირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიციას.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება“, - უთხრა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

პროპაგანდისტულ გამოცემასთან ინტერვიუში გალუზინი ლაპარაკობს რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საქართველოსთან ვაჭრობაზე და პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის აღდგენაზე: „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ მათი აღდგენისთვის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ისე შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ჩვენთვის აქ შეზღუდვა არ არის“.

„იზვესტიის“ შეკითხვას, თუ ქართული მხარისგან სიგნალი იქნება, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის გზით წასვლა, გალუზინმა უპასუხა: „დიპლომატებს ძალიან არ უყვართ პასუხის გაცემა შეკითხვებზე, რომლებიც იწყება სიტყვით „თუ“, მაგრამ ამ შემთხვევაში ვივარაუდებ, რომ ალბათ, მართალი ხართ“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის და მოსკოვის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო შეწყვიტა.

„იზვესტიამ“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინს ჰკითხა მოსკოვი-სოხუმის ავიარეისებზე, რომელთა შესრულება 1 მაისიდან უნდა დაიწყოს, და საქართველოს მცდელობებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მიაღწიოს ამ რეისების აკრძალვას.

გალუზინის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს საქართველოსთან ავიამიმოსვლასთან კავშირში და იმედი აქვთ, რომ ქართული მხარე „მისთვის ჩვეული პრაგმატიზმით და რუსეთთან კავშირების მნიშვნელობის გაგებით გააგრძელებს რუსულ-ქართულ კოოპერაციას იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, საქართველოსთან თანამშრომლობას არ უკავშირებენ პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ მოთხოვნებს და იმედი აქვთ, რომ თბილისი ამ საკითხში შეინარჩუნებს „პრაგმატიზმს და საღ აზრს“.

2025 წლის თებერვალში, პირველად 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში დაეშვა სამოქალაქო თვითმფრინავი. საცდელი ავიარეისი რუსეთიდან შესრულდა. რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყება მაისიდან იგეგმება.

ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია. თბილისის დელეგაციამ ავიარეისების აღდგენა მარტის დასაწყისში დაგმო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდზე.

მარტში სააგენტო BMG-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტის ამუშავება უკანონოა და არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ამიტომ მუდმივად უზრუნველყოფენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO)კოორდინაციას სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG