Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგედია, ფარსი და უიმედობის სპირალი


ისტორია რომ მეორდება, ფრთიანი ფრაზის ფორმითაც ვიცით და საკუთარ თავზეც რამდენჯერმე გამოვცადეთ. პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ - როგორც ფარსიო, ასე გვასწავლეს. აი მესამედ და უსასრულოდ ერთ სპირალზე სიარულს რა ჰქვია - ეს, მგონი, არავის უთქვამს. ჩვენი პოლიტიკური ბედისწერა აღმოჩნდა ასეთი, და ალბათ სახელიც ჩვენვე უნდა მოვუფიქროთ.

მცირედი ვარიაციებით, მაგრამ მერამდენედ ვუყურებთ ნაცნობ სცენარს - გაკოტრებულ ხელისუფლებას, რომელსაც აღარაფერი აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნების გარდა და იმ პოლიტიკურ შეშლილობას, რომელიც ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას მოსდევს ხოლმე. შიშველ ძალაზე, სახელმწიფოს რეპრესიულ მექანიზმებზე, „სუსტი არ გეგონოთ, მე ძლიერი ვარ“ პათოსზე დამყარებულ მართვას, რომლის დროსაც პოლიტიკური ცხოვრება სულ უფრო და უფრო ირაციონალური და სახიფათო ხდება.

მმართველობის მეცხრე წლისთავზე ხელისუფლების ისედაც ამორფული კაპიტალი ამოწურულია და გაფლანგული - ძირითადი კოზირი, ბიძინა ივანიშვილის იდუმალებით მოცული მესიის იმიჯი, გაცამტვერებულია, მთავარი რეიტინგული ფიგურა - თავის დროზე „ყველაზე წარმატებულ მინისტრად“ გამოცხადებული გიორგი გახარია - წასული. ის მატარებელი, როცა არჩევნების წინ კიდევ შეიძლებოდა ფონს გასვლა ფარისევლურ-ცრემლნარევი განცხადებებით - "ვაჰ, მხოლოდ ახლა გავიგეთ, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს“ - დიდი ხნის ჩავლილია. „ქართული ოცნება“, თუ მისი ნარჩენები, თავისი ფუძემდებლური მითის ამარაღა დარჩა, სათაურით „მე თუ არა, იქნება ბოროტი ნაცმოძრაობა“. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნებაც ამ მითის აქტუალიზაციის მცდელობას ნიშნავს და ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერის დაპატიმრება-პერფორმანსიც. მხოლოდ ამას. და სხვას არაფერს.

დიახ, არაფერს. რადგან ნაციონალური მოძრაობის მანკიერი მემკვიდრეობა ამ უკვე თითქმის ათწლიან „ბრძოლას“ მშვენივრად გადაურჩა და ზოგ ადგილას აყვავდა კიდეც. საითაც გაიხედავ, როგორც იტყვიან გულს უხარია. რომელი ერთი ჩამოვთვალო. აღტყინებული ლოზუნგები ტონალობაში „სახელმწიფო შედგა“, რეპრესიული აპარატების ყოველი მორიგი თავაშვებულობის შემდეგ ისევ და ისევ რომ ჩაგვესმის ხოლმე? სუსი, თავისი ისევ ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე და მოუთოკავი უფლებამოსილებით, ფორმალობად ქცეული პარლამენტი, პოლიტიზებული პროკურატურა? იქნებ სასამართლო სისტემაში უვადოდ დანიშნული „მურუსიძეები“ - მაშინდელი, ადამიანების დამნაშავედ ცნობის თითქმის 100-პროცენტიანი მაჩვენებლის მქონე სისტემის ემბლემატური სახეები? თუ მდიდრების, მილიონერების და ერთი მთავარი მილიარდერის ინტერესების სამსახურში ჩამდგარი პოლიტიკური კლასი, რომელმაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის პირობებშიც კი უცვლელი დატოვა პროგრესული გადასახადების აბსურდული კონსტიტუციური აკრძალვა - იმ სისტემის აკრძალვა, რომელშიც მაღალი შემოსავლის მქონე მცირეშემოსავლიანზე უფრო მაღალ პროცენტს იხდის? ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მძვინვარე ეკონომიკური უთანასწორობა დატოვა უცვლელი?

რომელ „ნაცმოძრაობასთან ბრძოლაზე“ და „კანონის უზენაესობაზე“ გველაპარაკება ხელისუფლება, რომელმაც უდანაშაულო, დამფრთხალი და შფოთიანი პატარა ბიჭი, ლუკა სირაძე, ხელში ჩაუგდო გამომძიებელს, რომლის მხრიდან ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის წამებაში მონაწილეობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ იყო დადასტურებული? და ესეც არ იკმარა - სანამ „დაკითხვის“ შემდეგ ფანჯრიდან გადამხტარი ბიჭი სიკვდილს ებრძოდა, ხშირ-ხშირ ბრიფინგებს გვიტარებდა და გვარწმუნებდა, მოზარდს დაკითხვაზე თმის ღერი არ ჩამოვარდნია თავიდანო. ეს გამომძიებელი მხოლოდ ბიჭის სიკვდილის ამბის გავრცელების მერე დააკავეს, ხუთ წუთში. ახალი გარემოებები გამოიკვეთა ალბათ იმ წუთებში, უეცრად. აი „კანონის უზენაესობის“ განუხრელად დაცვის დროს როგორც ხდება ხოლმე, ზუსტად ისე.

ან რომელ „სამართალს“ ვახსენებთ იქ, სადაც ჯერ სულ ორი კვირაა გასული 14 წლის გოგოს თვითმკვლელობიდან - გოგოსი, რომელიც ყველასგან განწირული და დამცირებული დახმარებას ითხოვდა, სახელმწიფომ კი მარტო შეატოვა ულმობელ პატრიარქალურ სისასტიკეს და ძალადობას?

ჰოდა ურიგო არ იქნებოდა ოდნავ მაინც რომ დაუწევდნენ ტონს „კანონის უზენაესობაზე“ ომახიანი ლაპარაკისას. თუნდაც ამ, სახელმწიფოს გულგრილობას შეწირული და ყველასგან მიტოვებული გოგოს ხსოვნის პატივსაცემად.

მაგრამ ამას როგორ იზამენ. ეს თამაში, პირობითი სახელებით „მეტი სიძულვილი“ და „უფრო მეტი პოლარიზაცია“, რეალურად ხომ მომგებიანი რამაა. ხელისუფლებამ იცის, რომ დაძაბულობის, ყვირილის, ქუჩის აქციების და ტელემედიაში მზარდი ისტერიის ფონზე, მას არსობრივად და სიღრმისეულად არავინ არაფერს მოჰკითხავს - არც ვერა და ვერ დაწყებული ვაქცინაციის, არც კიდევ უფრო გაღატაკებული მოსახლეობის, არც ბანკების მხუთავი ვალების, არც უკონტროლო ონლაინკაზინოების, არც წამლების კოლოსალური ფასების, არც შიმშილისთვის განწირული პენსიონერების, არც სიღარიბეში მიტოვებული ბავშვების, არც მაღაროებში ჩამარხული და მშენებლობებიდან ჩამოცვენილი მუშების და არც თავისი მოქალაქეების „სეზონურ მუშახელად“ უცხოეთში დიდი ზარ-ზეიმით გაგზავნის გამო, რადგან მათ ქვეყნის შიგნით ვერაფერს სთავაზობს. არავინ დაუსვამს კითხვას მაგალითად იმაზე, რომ თუ ღატაკ მოქალაქეს გაუმართლებს და საარსებო შემწეობის პროგრამაში მოხვდება, დახმარება, რომელსაც მიიღებს, საუკეთესო შემთხვევაში 60 ლარი იქნება. ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელ თანხას, სტატისტიკის მშრალ ენაზე „საარსებო მინიმუმს“ საქსტატი ხომ გამაოგნებელი ასკეტიზმით, თუ ცინიზმით ითვლის, მაგრამ ამ პირობებშიც კი, ეს თანხა ბოლო ორი წლის განმავლობაში ოცი ლარითაა გაზრდილი და ახლა 195 ლარს უტოლდება. მაგრამ 60 ლარი, როგორც მაქსიმალური დახმარება, ამ წლებში უცვლელი დარჩა და დღეს უკვე ამ იდუმალი მექანიზმებით გამოთვლილ მინიმუმზე სამჯერ და მეტჯერ ნაკლებ თანხას შეადგენს.

და ან ვინ უნდა მოჰკითხოს. ქუჩაში გადანაცვლებული ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში მისი დიდი, გავლენიანი ნაწილი, „საბჭოეთს“ ებრძვის - იმ იმედით, რომ მთავრობა კიდევ უფრო მეტ უგუნურებას ჩაიდენს, სიბრაზის და გამწარების ტალღა აგორდება და ისიც ამ ტალღით ხელისუფლებაში მოსასვლელად იხეირებს. ოპოზიცია არ, და ვერ ლაპარაკობს კოლოსალურ ეკონომიკურ უთანასწორობაზე, ბანკების პროცენტებზე, მდიდრების ხუშტურებით დამახინჯებულ ქალაქებზე თუ ჰესებით გაჩანაგებულ და კიდევ გასაჩანაგებელ გარემოზე. კაპიტალს ხომ არ დაუპირისპირდებიან - და ამიტომაც ეს ყველაფერი "საბჭოეთის" და "გავრილოვის" ფანტომების გამოხმობით იფარება. თითქოს მსოფლიოს ისტორია არ იცნობდეს კაპიტალიზმის და ავტორიტარიზმის, მეტიც - კაპიტალიზმის და ტირანიების შერწყმის შემთხვევებს. და თითქოს ჩვენ თავად, პერიოდულად არ გვეცხოვროს ამგვარი ავტორიტარიზმის სხვადასხვა კონფიგურაციაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

მაგრამ ერთი ისაა, რომ ფანტომებს „ხალხი“ ქუჩაში არ, თუ ვეღარ გამოყავს. და არა იმიტომ, რომ მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობა არ ადარდებთ, ან რუსეთის საფრთხის რეალისტურობა არ აქვთ სათანადოდ გააზრებული. კი, განზოგადებით ლაპარაკი რთულიცაა და საფრთხილოც, მაგრამ ამის მიზეზი ის სხვა სიბრტყე, თუ პარალელური სამყარო მგონია, რომელშიც დღეს პოლიტიკური „ძალები“ ლივლივებენ, ძალაუფლების შენარჩუნების, თუ მისი დევნის პროცესში - რეალური, მტკივნეული პრობლემების, ადამიანების ყოველდღიური სასოწარკვეთის, სულისშემხუთველი უსამართლობისგან ძალიან შორს.

ისტორია კი ისევ, ჯიუტად მეორდება. და რამე თუ არ შეიცვალა, მალე ალბათ ყველა მივხვდებით, რომ ამ უსასრულო გამეორებას აღარც ტრაგედია, აღარც ფარსი - არამედ პოლიტიკური აპათია და სრული უიმედობის სპირალი ჰქვია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG