26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ტრადიციით, ყველაზე საკამათო აღმოჩნდა - პირველად უახლეს ისტორიაში, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმაც არჩევნებს გაყალბებული და მოპარული უწოდა.
გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია, რომელიც ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, როგორც წესი, ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა, და საზოგადოების ნაწილი, რომელიც პირველად, მესამე თვეა ითხოვს ახალ არჩევნებს ყოველდღიური საპროტესტო აქციებით, 26 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიმართ მეტად კრიტიკული გახდა საერთაშორისო საზოგადოება.
საქართველოს დასავლელი პარტნიორების ნაწილს „ქართული ოცნებისთვის“ და მიხეილ ყაველაშვილისთვის (პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ჩატარდა 14 დეკემბერს) არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავთ, საუბრობენ დარღვევების მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ნაწილმა კი უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე.
მათ შორისაა „ევროპის სახალხო პარტია“ - უმსხვილესი ევროპული პოლიტიკური ჯგუფი. 14 იანვარს მიღებული საგანგებო რეზოლუციის ტექსტში, რომელიც გაერთიანებას ასოცირებულმა წევრმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა და პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა, „სახალხო პარტია“ თავის წევრებს მოუწოდებს, რომ „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად ცნობისგან“.
„ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის ყველაზე მსხვილი ფრაქცია ევროპარლამენტში. მის წევრებს შორის არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც, დიდი ალბათობით, 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ ახალი კანცლერი გახდება.
8 იანვარს აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ერთად შეიტანეს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომელიც აშშ-ს დაავალდებულებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აღიაროს.
პარალელურად, 6 იანვარს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციას პოლონეთში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) სხდომაზე, მიწვევა გაუუქმეს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობიდან არავინ დაესწრება დავოსისა და მიუნხენის კონფერენციებს, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ლიდერები იყრიან თავს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი 17 იანვარს ბაქოში შედგა. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორისაა, ვინც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საგარეო ვიზიტი ჯერჯერობით არ გაუმართავს „ოცნების“ მიერ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს.
ამ სტატიაში თვალს გადავავლებთ, ვინ და როგორ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე და როგორ იცავს „ქართული ოცნება“ საკუთარ პოზიციას.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
სანამ აშშ-ის კონგრესი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის აღიარების შეზღუდვის კანონპროექტს არ დაამტკიცებს, და ეს გრძელი და არაგარანტირებული პროცესია, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მკაცრი ტექსტი ევროპარლამენტმა მიიღო 28 ნოემბერს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.
ტექსტში ვკითხულობთ:
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“.
ევროპარლამენტარები მიღებულ დოკუმენტში აღნიშნავდნენ, რომ „დარღვევების მასშტაბმა არჩევნების ლეგიტიმაციას უკიდურესად ავნო“ და „საერთაშორისო საზოგადოებამ მისი შედეგები არ უნდა ცნოს“.
რას ნიშნავს და რა შეუძლია ევროპარლამენტის რეზოლუციას?
მას სამართლებრივი ძალა არ აქვს, ანუ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ის საერთოდ არ გაითვალისწინონ. მეტიც, რეზოლუცია მხოლოდ ევროპარლამენტის პოზიციას გამოხატავს და არა სხვა უწყებების, მაგალითად, ევროკომისიის.
ამის მიუხედავად, რეზოლუციას სიმბოლური პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ნოემბერში, როცა ევროპარლამენტმა ის მიიღო, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებასთან ანონიმურ საუბარში მას „მცირე გამარჯვება“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი ძალის არქონის მიუხედავად, ტექსტს „ქართული ოცნებაზე“ წნეხის მოხდენა შეეძლო.
ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, 28 ნოემბერს გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ საქართველო წყვეტდა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მუშაობას. თავის გამოსვლაში მაშინ კობახიძემ ევროპარლამენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია“.
საერთაშორისო მისიები
გასულ თვეებში განხეთქილების საგანი იყო ისიც, ცნობდნენ თუ არა საერთაშორისო მისიები არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. თავიდან, არჩევნების უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებიდან, რომლებიც სიფრთხილით გამოირჩევა ხოლმე, „ქართული ოცნებაც“ და მათი ოპონენტებიც ცდილობდნენ, ისეთი ნაწილები ამოეკრიფათ, რომლებიც მათ პოზიციას გაამყარებდა.
ფინელი პოლიტიკოსი პია კაუმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. 27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა წინა დღეს ჩატარებული არჩევნები კონკურენტული, პია კაუმამ თქვა, რომ „არჩევნები კონკურენტული იყო, რადგან ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის და ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“.
გამოდგება თუ არა ეს იმის სათქმელად, რომ საერთაშორისო დამკვირვებელმა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მისცა? თავად პია კაუმა ამბობს, რომ ეს მისიის მანდატი არაა, იმის მიუხედავად, რომ 27 ოქტომბრის ეუთო/ოდირის პრესკონფერენციაზე მისი შენიშვნები სხვებზე ნაკლებად კრიტიკული იყო.
2025 წლის დასაწყისში პია კაუმამ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, რათა შეხვედროდა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების გულისწყრომა გამოიწვია და ოპოზიციამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. საბოლოოდ, პია კაუმამ ვიზიტი გააუქმა, რაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იმით ახსნა, რომ არ მინდოდა, ჩემი ჩამოსვლა ხელისუფლების მხარდაჭერად წარმოჩენილიყოო:
„თუ თბილისში ჩამოვიდოდი და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებოდი, ეს ზუსტად იმ სურათს შექმნიდა, რაც არ მინდოდა მეჩვენებინა - რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის ჩვენი მანდატი, ამის გაკეთება არ გვსურს და არც ვაკეთებთ“, - თქვა მან.
დავიდარაბა გამოიწვია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტმაც. ის ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსია, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ესტუმრა და ამ ერთი ვიზიტის დროს ადრე ჩამოსული სხვა დასავლელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მას ორჯერ შეხვდა ირაკლი კობახიძე და ერთხელ - ბიძინა ივანიშვილი.
21 დეკემბერს, ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ალენ ბერსემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ე.წ. აგენტების კანონის ცვლილების დაპირება მიიღო და ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
როგორც ჩანს, ალენ ბერსე კომისიის შექმნაზე მხოლოდ ერთ მხარეს ელაპარაკა, რამაც „ქართული ოცნების“ ოპონენტები გააბრაზა - მათ ჩათვალეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დასავლური მედიაციით ამა თუ იმ კანონზე მოლაპარაკება მათ ირიბ აღიარებას ნიშნავდა. იმავე დღეს, ბერსესთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „გაუგებრობაში“ მოხვდა.
„მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, დანიშნონ რაღაც კომისია ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი“, - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იყო.
ამის შემდეგ, „აგენტების კანონის“ ცვლილების შესახებ „ქართულ ოცნებასთან“ მოსალაპარაკებლად სამუშაო ჯგუფის შექმნაზე არცერთ მხარეს აღარაფერი უთქვამს.
“ოცნების” სარეკლამო კამპანია - ვინ ადასტურებს მათ ლეგიტიმაციას?
არჩევნებში გამარჯვება დასავლური ქვეყნების უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის არ მიულოცავს (ევროკავშირიდან ასეთი მხოლოდ უნგრეთია).
ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ საჯაროდ არ აღიარებს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მეორე მხრივ, „ოცნების“ წარმომადგენლების ქმედებები შეიძლება საპირისპირო განწყობას აჩენდეს.
8 დეკემბერს გამართული პრესკონფერენციისას ირაკლი კობახიძე BMG-ის ჟურნალისტ თელარა გელანტიას დაჟინებით სთხოვდა, მისი პრემიერმინისტრობა ეღიარებინა, კამათისას კი უთხრა, რომ „გააძევებდა, თუ ტლიკინს გააგრძელებდა“.
9 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული იყო იმავე დღეს „ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა. ამას ქვეყნის გარეთ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების“ ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული იყო, ანუ შეხვედრის ინიციატორი თავად არ ყოფილა, იქ მისულმა კი „წარადგინა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.
ეს არჩევნების შემდეგ ერთადერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომლითაც „ქართული ოცნება“ იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ დაუკარგავთ.
20 დეკემბერს, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ მისი სანქცირების მეორე დღეს, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.
9 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა.
რადიო თავისუფლებამ თვალი გადაავლო იმ პოსტებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ თუ მისი ამა თუ იმ ლიდერის ფეისბუკის გვერდები არჩევნების შემდეგ არეკლამებდნენ. მათ შორის მრავლადაა პოსტები, რომლებიც ასახავს „ოცნების“ ლიდერების უცხოელებთან შეხვედრას.
მათ შორისაა შეხვედრები ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან (ორჯერ მთავრობის მეთაურის, ერთხელ მთავრობის ვიცე-პრემიერის დონეზე), ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვასთან და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან.
31 დეკემბერს ირაკლი კობახიძის გვერდმა გაასაჯაროვა, შემდეგ კი დაასპონსორა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს საახალწლო მისალოცი ბარათი, სადაც მხოლოდ ერთი წინადადებაა - „ჩემი საუკეთესო სურვილები ბედნიერი და წარმატებული ახალი წლისთვის“.
მარკ რიუტეს „ქართული ოცნებისთვის“ დღემდე არ მიულოცავს არჩევნებში გამარჯვება.
ფორუმი