კანონპროექტი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის აღიარების შეზღუდვის შესახებ, რომელიც აშშ-ის კონგრესს 8 იანვარს წარუდგინეს კონგრესმენებმა უილსონმა და კოენმა, საჯარო გახდა.
დოკუმენტი ასევე ცნობილია, როგორც "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი".
8 იანვარს FOX News-მა გამოაქვეყნა ნაწყვეტები კანონპროექტიდან, მოგვიანებით კი ის სრული ფორმით გამოაქვეყნა ჯო უილსონმა.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" არაღიარებაა. დოკუმენტის შესავალშივე ვკითხულობთ:
"აშშ-ის პოლიტიკაა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მოკავშირე".
ინიციატივის მომდევნო პუნქტი ეხება საერთაშორისო დონეზე აშშ-ის მუშაობას "ქართული ოცნების" არაღიარების შესახებ:
"აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა ხელისუფლებების მიერ საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას და ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მოკავშირეები, აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სავალდებულო პირველადი და მეორადი სანქციების ჩათვლით".
აღმასრულებელი ბრძანება 14024 არის განკარგულება, რომლითაც დეკემბრის ბოლოს აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს დაუწესა სანქციები. ის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამოყენებას საქართველოში ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სასარგებლო ქმედებების საწინააღმდეგოდაც:
"გამოიყენოს შესაძლებლობათა სრული სპექტრი, გლობალური მაგნიტსკის აქტისა და აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის ჩათვლით, რომ შეაჩეროს საქართველოს კორუმპირებული ქმედებები ან უცხოური გავლენის ოპერაციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ".
მორიგი პუნქტი ეხება აშშ-ის ფედერალური მთავრობის მიერ თანხის გამოყოფის აკრძალვას:
"შესაბამისად, არცერთ ფედერალურ მოხელეს ან თანამშრომელს არ ჰქონდეს უფლება, განახორციელოს ქმედება და არავითარი სახსრები არ შეიძლება იქნეს გამოყოფილი, რათა აღიაროს ან ნებისმიერი ფორმით იგულისხმოს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ან მისი მოკავშირე ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე მოკავშირე".
გარდა ამისა, კანონპროექტით 26 ოქტომბრის არჩევნები "გაყალბებულად", სალომე ზურაბიშვილი კი საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად იქნება აღიარებული:
"საქართველოს პრეზიდენტის აღიარება - აშშ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებამდე უფლებამოსილ პრეზიდენტს".
ბოლო პუნქტი "საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას" ეხება, რაც, ავტორების თანახმად, ახალი არჩევნების საშუალებით უნდა მოხდეს:
"საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა - საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში, რაც გამოხატული იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რაც უნდა დაადასტურონ აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ, ეს პოლიტიკა შეიძლება გააუქმოს პრეზიდენტმა".
კანონპროექტის დამტკიცებას დასჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ თანამდებობას 20 იანვარს მეორედ დაიკავებს დონალდ ტრამპი.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" თავისი მიზნებით წააგავს 2023 წლის "ასადის რეჟიმის ანტინორმალიზაციის აქტს", რომელიც 2024 წლის თებერვალში დამტკიცდა და დეკემბერში ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წერს Fox-ი.
"ახლა, როცა [ასადის] რეჟიმი წასულია, ივანიშვილის რეჟიმის მიმართაც იმავე პოლიტიკას გავატარებთ. თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის წყალობით, მჯერა, ეს რეჟიმიც მალე წავა და საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - თქვა ჯო უილსონმა Fox News-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
“სანქცირებული ოლიგარქ ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტია პუტინის ხელსაწყო გახდა. მათ გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და უკანონოდ აირჩიეს სუსტი პრეზიდენტი. აშშ ვერ და არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ მთავრობას“, - უთხრა კონგრესმენმა კოენმა FOX-ს და დასძინა:
„იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს დათანხმდება, მთლიანად იზოლირებული უნდა იყოს დემოკრატიული მთავრობებისგან“.
ფორუმი