Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი = რეჟიმის დამცველს - რატომ ავლებენ ტოლობის ნიშანს?


17 იანვარს სახალხო დამცველის ოფისის წინ აქტივისტებმა საარჩევნო დარღვევების აღწერითა და საჩივრებით სავსე სამი ყუთი და აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანეს. 
17 იანვარს სახალხო დამცველის ოფისის წინ აქტივისტებმა საარჩევნო დარღვევების აღწერითა და საჩივრებით სავსე სამი ყუთი და აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანეს. 

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, რომლის აპარატმაც 2024 წლის მიწურულს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას პირველმა უწოდა წამება, საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა ბოლო რამდენიმე დღეში სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

ამ განცხადებებში ის გაცილებით ფრთხილი და ნაკლებად მკაფიო იყო როგორც პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტების, ასევე არჩევნების შეფასებაში. 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმების გაყალბების ბრალდებას ის დიდი ხანია აყენებს ეჭვქვეშ და ასეა ამ კვირაშიც.

  • 15 იანვარს ტვ პირველის ეთერში ლევან იოსელიანმა „ჰაერიდან მოტანილი სისულელე“ უწოდა საუბარს არჩევნების გაყალბებაზე და თქვა, რომ მასთან არ მისულა არავინ არც იმ 100 000 ადამიანიდან, ვისაც თითქოს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს, შესაბამისად, ეჭვის თვალით უყურებს 300 000 ხმის გაყალბებას.
  • 16 იანვარს მან პროპაგანდისტულ პოსტვ-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ გარკვეული ჯგუფები მისი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ და აბულინგებენ. უფლებადამცველთა აღშფოთება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ იოსელიანმა ეს განცხადება გააკეთა შალვა რამიშვილის ეთერში, მაშინ როდესაც სახალხო დამცველს ორ სხვადასხვა შემთხვევაზე აქვს დადგენილი რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი.

ახალი არჩევნების მოთხოვნით დაწყებული მოძრაობის 51-ე დღეს დემონსტრანტების საპროტესტო ადგილებს სახალხო დამცველის ოფისიც დაემატა: 17 იანვარს იქ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის ყოფილმა თანამშრომლებმა, მიიტანეს საარჩევნო დარღვევების აღწერითა და საჩივრებით სავსე სამი ყუთი და აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები.

„სახალხო დამცველი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იყენებს თავის მანდატს ეფექტურად, აკეთებს იმგვარ განცხადებებს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში, თურმე მას არ უნახავს წამების სისტემური შემთხვევები, თურმე მას არ უნახავს არჩევნების გაყალბება და ამით ის აზიანებს როგორც ამ ინსტიტუტს, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალება, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც სურს, რომ მათი უფლებები ამ ინსტიტუტმა დაიცვას“, - უთხრა აქციაზე მისულმა ეკა სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას.

ის სახალხო დამცველის აპარატის შენობასთან იდგა ბანერით, სადაც ასახული იყო საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ბღუჯის ჩაყრის ფაქტი. ეკა სხილაძის თქმით, როცა სახალხო დამცველი არჩევნების გაყალბების, ან წამების ფაქტებს ვერ ხედავს, ის ეხმარება სახელისუფლებო პროპაგანდას - „ამ აქციის მიზანიც ეს არის, რომ მას გავაგონოთ ჩვენი ხმა და გავაგონოთ ის, რომ რასაც ის საუბრობს, სახელისუფლებო პროპაგანდაა და ის არ უნდა იყოს ამ პროპაგანდის ნაწილი“, - ამბობს ეკა სხილაძე.

„დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი“, - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით და და მის მიერ გაკეთებული განცხადებების ბმულებით უპასუხა ლევან იოსელიანმა აქციის მონაწილეებს.

„თავიდან, როცა ეს ადამიანი არ აკეთებდა წონით განცხადებებს, ვფიქრობდი, იქნებ უნდა ვაცადოთ, იქნებ რამე დაინახოს, მაგრამ ბოლო განცხადებები ჩემთვის ბოლო წვეთი იყო - როცა ის ამბობს, რომ წამება სისტემური არ იყო, მე მაინტერესებს, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა აწამონ, რომ ამას სისტემური დაარქვას. კიდევ 50 ნაწამები ადამიანი დავამატოთ, ასი ადამიანი?“ - იკითხა სახალხო დამცველის აპარატის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ტატო ქელბაქიანმა. ტატოს შვილი და მისი მეგობრები დეკემბრის თვეში იმ ადამიანებს შორის აღმოჩნდნენ, ვინც პოლიციამ საპროტესტო აქციაზე დააკავა და დაკავებისას სასტიკად სცემა. ტატომ თქვა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია დღეს „სისტემის გაპრავებაა“ და არა უფლებადარღვეული ადამიანების უფლებების დაცვა.

„ორი დღის წინ ჩვენ მას შევხვდით ქალების სახელით, ჩვენ გვქონდა მასთან პრეტენზია და ამ შეხვედრისას მან გვითხრა, რომ მე პირადად შევხვდი ამ ხალხს, ას დაკავებულს ველაპარაკე და წამებაც ტერმინად პირველად მე გამოვიყენეო. გაუგებარია, თუ ის შეხვდა ას კაცს, ამ ხალხმა ხო ყველამ ერთი და იგივე უამბო, როგორ დაიჭირეს, როგორ გაატარეს [სპეცრაზმის] კორიდორებში, როგორ შეაგდეს და სცემეს ამ სპეციალურ მინივენებში და აბა, სისტემური წამება რაღას ჰქვია? ეს არის აბსურდი, უბრალოდ მას სწყინს, როცა "ქართული ოცნების" ომბუდსმენს უძახიან. ჩვენ მას შევთავაზეთ, გამოსულიყო რუსთაველზე - რუსთაველზე რომ გამოვედი, კვერცხები დამიშინეს და კიდევ რო გამოვიდე, კიდევ კვერცხებს დაგვიშენენო. მე მინდა მას შევახსენო, რომ ჩვენ რუსთაველზე ვდგავართ 50 დღეა და კვერცხებს კი არა, წყლის ჭავლს და გაზს გვიშენენ, ნება იბოძოს და კვერცხების კი ნუ შეეშინდება, გამოვიდეს და დადგეს იმ ხალხის გვერდით, ვისი დაცვაც მისი ვალდებულებაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო შამანიდიმ, რომელმაც სახალხო დამცველთან მიიტანა საარჩევნო დარღვევების ამსახველი დოკუმენტაციის სამი ყუთი.

სახალხო დამცველის აპარატის და უშუალოდ ლევან იოსელიანის განცხადებებს შორის აცდენაზე ისაუბრა იურისტმა საბა ბრაჭველმა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იოსელიანი საკუთარი თანამშრომლების შრომას ფეხებზე იკიდებს. ისინი ანგარიშებში წერენ, რომ ციხეებს მაყურებლები აკონტროლებენ, იოსელიანი კი ინტერვიუებში მთავარ პრობლემად ციხის გადატვირთულობას ასახელებს (ოღონდ, აქვე - ციხის განტვირთვის გზად პატიმართა რაოდენობის შემცირებას კი არა, ახალი ციხეების აშენებას ხედავს). მისი თანამშრომლები ანგარიშებში სასამართლოს კლანზე წერენ, ის კი ამ მიმართულებით მანდატს იზღუდავს. მის თანამშრომლებს ცალკე განცხადებების კეთება უწევთ, რადგან 5 ივლისის დარბევის დროსაც, სამთავრობო ძალადობის დროსაც, ფაშისტური კანონის მიღების დროსაც, - იოსელიანი მდუმარეა“, - დაწერა მან ფეისბუკზე, აქციაზე გასვლამდე. საბა ლევან იოსელიანის სისუსტედ მიიჩნევს იმასაც, რომ მან არ გაასაჩივრა რუსულ კანონად წოდებული „აგენტების კანონი“.

„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მთავარი უფლებადამცველი საქართველოში, ამბობს, რომ ვერ ხედავს სისტემურ წამებას საქართველოში. აქ მოსული ვართ იმისთვისაც, რომ მხარი დავუჭიროთ ამ აპარატის ღირსეულ თანამშრომლებს, რომ ყველა ანგარიშში ჩაიწეროს ის სიმართლე, რაზეც ბატონი იოსელიანი არ ლაპარაკობს“, - უთხრა მან სახალხო დამცველის ოფისთან აქციაზე რადიო თავისუფლებას.

იოსელიანის განცხადებებს საშიშად მიიჩნევს ქალთა უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, - აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, - იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი პოზიციები შეიძლება ხელისუფლებას დაეხმაროს საერთაშორისო დონეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზეც შეიძლება იყოს ჩვენი პოზიციების გამჟღერებელი და ეს არ უნდა დავუშვათ. მე ვითხოვ, რომ ეს ადამიანი არ იყოს ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან უპასუხოს საზოგადოების კითხვებს და არა იჯდეს მოძალადე შალვა რამიშვილის ეთერში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ომბუდსმენის აპარატთან შეკრებილ უკმაყოფილო მოქალაქეებს ლევან იოსელიანი პირადად არ შეხვედრია. განცხადებაში, რომელიც მან გაავრცელა, ეწერა ისიც, რომ „რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის“.

პარტია „მოქალაქეების“ ყოფილი წევრი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს 2023 წლის მარტიდან იკავებს. მას ამ პოსტზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა - ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ. იოსელიანს მხარი არ დაუჭირა პარტია „ლელომ“. ის საბოლოოდ ომბუდსმენი 96 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა 6 წლის ვადით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG