Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინღა დაგვიკიდებს აწი ეფბიაის ოფისში კაფკას პორტრეტს?


ზაზა ბურჭულაძის ბლოგი
ზაზა ბურჭულაძის ბლოგი

მე დღეს მიკეთია მუქი სათვალე, რადგან ვხედავ მომავალს... და ის ძალიან ნათელია.

დევიდ ლინჩი

სპილბერგის ბოლო ფილმის მთავარი გმირი (ანუ თვითონ სპილბერგი) ხვდება ღმერთს. ეს ღმერთი არის ჯონ ფორდი, დევიდ ლინჩის შესრულებით.

სხვა ვის უნდა ეთამაშა უფალი, დამაჯერებელი რომ ყოფილიყო?

ასეთებზე დგას ეს სამყარო, თავზე რომ არ ჩამოგვექცეს.

ლინჩს ჰქონდა რაღაცნაირი ძლიერი რადიაცია. ვისთან აღარ შეუღწევია მის გამოსხივებას - სრულიად განსხვავებული პროფესიების, მრწამსის, კულტურისა თუ ეროვნების ადამიანებში.

მე თვითონ საუკეთესო კინოსიათა შედგენისას მისი ფილმები მუდამ სიის გარეთ მრჩებოდნენ. სამაგიეროდ, ჩემი ლამის ყოველ მეორე ნაწარმოებში დევიდ ლინჩი აუცილებლად ჩნდება რაიმე ფორმით. ერთგან „ლურჯი ხავერდი“ ჰქვია სახინკლეს, მეორეგან დევიდ ლინჩის წესით გასამართლებაზეა საუბარი, და ა.შ., და ა.შ. აქა-იქ გაბნეულ ფარულ თუ აშკარა ციტატებს სულ რომ თავი გავანებოთ მისი ფილმებიდან. ეს კაცი როგორღაც სულ იყო ჩემთან. ჩემში. თავისი კინოთი. მუსიკით. მხატვრობით.

უკვე აღარც მახსოვს, ბერლინში თორმეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი. ამდენ ხეტიალში სულ ვკარგავ ხოლმე ან ვყრი ნივთებს, გზადაგზა რომ მეკრობა ზედ, ტანსაცმლიდან წიგნებამდე. ერთადერთი, რასაც მუდამ თან დავათრევ, ლინჩის ალბომია. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მძიმე წიგნია, მთელი ფოლიანტი. თან იგი არასდროს ყოფილა ჩემი მთავარი მხატვარი.

იგი არც მთავარი რეჟისორი ყოფილა ჩემი და არც მუსიკოსი. სამაგიეროდ, ნამდვილად იყო იგი ჩემი მთავარი სინოპტიკოსი. ბოლო-ბოლო, სხვა არავისთვის მისმენია ისე გატაცებით, როგორც მისეული ამინდის პროგნოზებისთვის.

დევიდ ლინჩის მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:32 0:00

უადგილოა ახლა იმაზე საუბარი, რამდენად ირაციონალური, პოეტური და ჯადოსნურია ლინჩის შემოქმედება. თან, რაც უნდა ილაპარაკო, მილიმეტრითაც ვერ მიუახლოვდები მას. მან შექმნა უნიკალური სამყარო, რომელსაც ინელებ ან ვერ ინელებ. მაგრამ, როგორღაც თუ აღმოაჩინე იგი, მაშინვე მიხვდები, რომ შენი სულის ის ელემენტი გიპოვია, რომელიც გაკლდა, თურმე.

ულინჩოდ ეს სამყარო არც დაობლდება, არც დაკოჭლდება, და საერთოდაც, გარეგნულად არაფერი შეიცვლება. ეგაა, როგორც ყოველი ვარსკვლავის ჩაქრობა ცოტათი აბნელებს ღამის ცას, ასევე ოდნავ უფრო ჩამობნელდება იმ გზაზე, გვიანი მგზავრები რომ დაეხეტებიან მარტო, სულ მარტო.

ვინღა დაგვიკიდებს აწი ეფბიაის ოფისში ფრანც კაფკას პორტრეტს?

დამთავრდა გიჟი კლოუნის დრო.

სილენსიო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG