სანქტ-პეტერბურგში შეხვდა ილჰამ ალიევს, დაესწრო ევრაზიული კავშირის ეკონომიკური საბჭოს სხდომას, მუზეუმში „გაცხარებით ისაუბრა“ ვლადიმირ პუტინთან და ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ერევანში დაბრუნდა.
რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ტელეფონით საუბრის შემდეგ, ერევანში დღეს ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და სომეხ კოლეგასა და პრემიერ ფაშინიანს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
ფაშინიანის რუსეთში ვიზიტი და მისი თანამდევი მოვლენები სამ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობის საფუძველს იძლევა. ესენია:
- სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან;
- სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები და მასში მედიატორი რუსეთის როლი;
- „ზანგეზურის/მეღრის დერეფანი“ და ირანის ფაქტორი.
რა შეიცვალა რუსეთთან?
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისა და მომდევნო წლებში მათ შორის სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გაცივდა.
- სომხეთი ათწლეულების განმავლობაში სრულად რუსეთის სამხედრო ძალაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ რუსეთის ყურადღების უკრაინაში კონცენტრირების შემდეგ, რუსეთი სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ ვერ აწვდის იმ იარაღსაც კი, რაშიც სომხეთის მთავრობას ფული აქვს გადახდილი.
- ახლა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ამბობს, რომ ცდილობს უსაფრთხოების სექტორის დივერსიფიცირებას; მათი ხედვით, არასწორი იყო პოლიტიკა, როდესაც მხოლოდ ერთ ძალაზე - რუსეთზე - იყვნენ დამოკიდებულები.
ერევნის გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯი მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობად აღიქმება. ამ ნაბიჯებს შორისაა:
- რუსეთის გარშემო შეკრული ალიანსიდან, „კუხოდან“ მუდმივი წარმომადგენლის გაწვევა;
- ფაშინიანმა უარი თქვა „კუხოს“ ბოლო სამიტში მონაწილეობაზე, - სამიტი მინსკში გაიმართა 23 ნოემბერს;
- სომხეთის შეერთება ჰააგის სასამართლოსთან, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული;
ამ და სხვა ნაბიჯებს მწვავედ აკრიტიკებენ მოსკოვში. სამთავრობო პროპაგანდას რამდენიმე თვეა, მიზანში ჰყავს ფაშინიანი და მისი მთავრობა ამოღებული. ამ პროპაგანდის ანარეკლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გამოჩნდა, როდესაც ფაშინიანმა მორიგ ჯერზე ცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
სომხეთის ნაბიჯებს რუსეთისგან დისტანცირებად აღიქვამენ არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ დასავლეთშიც.
- ევროკავშირი „განიხილავს შესაძლებლობებს“ სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის;
- სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ „სომხეთმა მიიღო ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება… გარკვეული დისტანცირება მოახდინოს მოსკოვისგან“;
- მისივე თქმით, „სომხეთმა უკვე დაიწყო დაახლოება [ნატოსთან]“ და „ისინი ითხოვენ მეტ თანამშრომლობას, ითხოვენ მეტ პოლიტიკურ დიალოგს და ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას ჩვენს ურთიერთობებში“.
კიდევ თუ იცვლება რამე?
წლის ბოლოს ნიკოლ ფაშინიანის სანქტ-პეტერბურგში ვიზიტი საგარეო-პოლიტიკური ვექტორის მოსკოვისკენ ხელახალი შებრუნების მანიშნებელია?
ჯერჯერობით ეს ასე ცხადად არ ჩანს.
ვიზიტამდე სომხურ ოპოზიციურ მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში სომხეთის ხელისუფლება თავს არიდებდა რუსეთთან შეხვედრას, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ნანობენ ამ ნაბიჯებსო.
ამავე გამოცემის მტკიცებით, მათი წყაროების თანახმად, პუტინი ფაშინიანისგან ელოდა „კონკრეტულ განმარტებებს“ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელ ვითარებაზე.
თუმცა ფაშინიანი ვიზიტის მიმდინარეობისას რუსეთთან ურთიერთობების პოლიტიკურ ნაწილზე მეტად ეკონომიკურზე აკეთებდა აქცენტს და ამ ურთიერთობების „დეპოლიტიზების“ საჭიროებაზე საუბრობდა.
ის 25 დეკემბერს გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში ორდღიანი ვიზიტით.
26 დეკემბერს კადრებში გამოჩნდა, სხვა ლიდერებისგან მოშორებით მდგარი ვლადიმირ პუტინი როგორ გაცხარებით ესაუბრება ნიკოლ ფაშინიანს დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური შეხვედრისას პავლოვსკის სასახლეში.
საუბრის დეტალები უცნობია.
ფაშინიანმა „ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს“ სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა. ეს საბჭო ევრაზიული კავშირის უმაღლესი ორგანოა, - მისი წევრები, სომხეთისა და რუსეთის გარდა, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან.
აქ განაცხადა, რომ სომხეთი აგრძელებს რუსეთის გარშემო შექმნილ ეკონომიკურ ბლოკთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და დასძინა: „ვცდილობთ, აღვკვეთოთ ევრაზიული ინტეგრაციის პოლიტიზების მცდელობები“. მისი თქმითვე, ვაჭრობა „პოლიტიკური მიზეზების გამო არ უნდა შეიზღუდოს“.
უსაფრთხოების სფეროში და პოლიტიკურად მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობების მიუხედავად, სომხეთი კვლავ არის ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული. და ეს დამოკიდებულება იზრდება.
ფაშინიანის ვიზიტისას რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები სომხეთთან მუშაობის წახალისებისკენ იყო მიმართული, თუმცა სკეპტიკური ტონი კვლავ შეინიშნებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მხრიდან საკამათო განცხადებების მიუხედავად, ჩვენ და ჩვენი სომეხი კოლეგები, სხვა წევრებთან ერთად, ვაშენებთ კონსტრუქციულ, დეპოლიტიზებულ დიალოგს“.
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ „უცხოური ძალები ცდილობენ, სომხეთი უფრო საშიშ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართონ“.
მოლაპარაკებები ალიევთან
26 დეკემბერს ფაშინიანმა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. დსთ-ს, ევრაზიული კავშირის 5 წევრის გარდა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი აკომპლექტებენ.
სწორედ ამ არაფორმალური სამიტის ფარგლებში შეხვდა იგი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ეს ლიდერების პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 19-20 სექტემბერს სამხედრო იერიში მიიტანა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტზე და სისხლიანი შეტევის შედეგად სრულად აღიდგინა კონტროლი რეგიონზე. თავდასხმას სომხური მოსახლეობის სომხეთში გაქცევა და ყარაბაღის მკვიდრი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა.
ამ შეტევამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რაც ორ მხარეს შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა.
სომხეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა 26 დეკემბერს ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ალიევმა და ფაშინიანმა „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. სხვა დეტალები მხარეებს არ გაუმხელიათ.
მეორე დღეს, 27 დეკემბერს, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანთან მშვიდობა ასე ახლოს არასოდეს ყოფილა“. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა აქვს აზერბაიჯანსაც.
ორიოდე კვირით ადრე, 13 დეკემბერს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთისადმი კეთილი ნების ნიშნად ომის ტყვეები გაცვალეს. ბაქომ გაათავისუფლა 32 სომეხი ჯარისკაცი, რომლებიც 2020-23 წლებში ჩავარდნენ ტყვედ, ერევანმა კი - ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ აშშ, რუსეთი და ევროკავშირი.
კიდევ უფრო ადრე, 8 დეკემბერს, მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ „იზიარებენ ხედვას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად“.
27 დეკემბერსვე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწევენ სამშვიდობო შეთანხმების დასრულებისაკენ“.
2022 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში მედიატორობაზე ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ რუსეთის ფედერაცია და აშშ-ევროკავშირი.
ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი დასავლელი აქტორების ჩართულობით მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა, ხოლო ფაშინიანი ალიევთან ერთი-ერთზე მოლაპარაკებისგან იკავებდა თავს.
რუსეთის ფედერაცია ეცდება, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება საკუთარ დიპლომატიურ მუშაობას დაუკავშიროს და ეს შეთანხმება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
სიახლე „კომუნიკაციების განბლოკვაზე“?
26 დეკემბერს, - სანამ ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთში მეორე საკონსულოს გახსნას გეგმავს.
რუსეთის ახალი გენერალური საკონსულოს გახსნა უკვე მრავალი თვეა, დაგეგმილია ქალაქ კაპანში, რომელიც სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
ამავე დროს, კაპანი მდებარეობს ირანის საზღვრიდან ასიოდე კილომეტრში.
კაპანი არის სიუნიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ეს ის პროვინციაა, სადაც უნდა გაიაროს ზანგეზურის/მეღრის დერეფანმა - გზამ, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს სომხეთის გავლით დააკავშირებს დანარჩენ აზერბაიჯანთან (ბაქო და ერევანი თანხმდებიან კომუნიკაციების აღდგენაზე, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდებიან, რა სახით უნდა მოხდეს ეს).
„ზანგეზურის“ ან „მეღრის“ დერეფანი საკვანძო საკითხია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, და საკითხი, რომელზეც კვლავ არ მიღწეულა შეთანხმება.
„ზანგეზურის დერეფანზე“, - პროექტის აზერბაიჯანულ ვერსიაზე, - შეშფოთებას გამოხატავდა ირანი, რომელსაც ქალაქ კაპანში უკვე ერთ წელზე მეტია, მეორე საკონსულო აქვს გახსნილი.
მაგრამ ირანი ღიაა რეგიონში კომუნიკაციების გახსნისადმი იმ პირობებში, როდესაც ირანი-სომხეთის საზღვარზე სტატუს-კვო იქნება შენარჩუნებული - ეს იგი, თუკი საზღვარს სომხეთი გააკონტროლებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 27 დეკემბერს, - მოსკოვში ფაშინიანის ჩასვლისა და ალიევსა და პუტინთან საუბრების შემდეგ, - ერევანს ეწვია.
გაფართოებულ ფორმატში შეხვდა სომეხ კოლეგას, შემდეგ კი - პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
წინა დღეს მან რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებს დაურეკა.
ლავროვთან საუბრისას ამირ-აბდოლაჰიანი მიესალმა ბაქო-ერევნის მოლაპარაკებებს „განგრძობად სამშვიდობო შეთანხმებაზე“ და ხაზი გაუსვა ამ მიზნისადმი ირანის მხარდაჭერას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ზარისას, - როცა ირანის უმაღლესმა დიპლომატმა წინასწარ აცნობა სომხეთში თავისი ვიზიტის შესახებ, - მასაც მიულოცა პროგრესი სომხეთთან მოლაპარაკებებში.
სერგეი ლავროვმა სატელეფონო ზარისას ირანელ კოლეგას მიულოცა ირანის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ევრაზიულ კავშირთან და ამას რუსეთსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
ირანმა და ევრაზიულმა კავშირმა 25 დეკემბერს მოაწერეს ხელი „სრულფასოვან“ შეთანხმებას თავისუფალ ვაჭრობაზე.
კრემლისთვის ირანიც და ევრაზიული კავშირის რეგიონიც დამატებით მნიშვნელობას იძენს უკრაინის ომის გამო დასავლური სანქციებისა და შეზღუდული სავაჭრო გზების პირობებში.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, ირანთან ევრაზიული კავშირის ეს შეთანხმება რუს ბიზნესმენებს წლიურად 27 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 294 მილიონ აშშ დოლარს) დაუზოგავს.
რა სახით მოხდება - თუ შედგა საერთოდ - შეთანხმება რეგიონში კომუნიკაციების კვანძების გახსნაზე, უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი.
27 დეკემბერს ირანის საგარეო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში „რუკების ჩართვის საკითხი განიხილება“.
ფაშინიანთან შეხვედრისას აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი ემხრობა რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას „სუვერენიტეტის პრინციპიდან გამომდინარე“ - და აღნიშნა ისიც, რომ ირანი მხარს უჭერს ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პრინციპს.