Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებები - მარტივად


ბრიუსელში შარლ მიშელთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან
ბრიუსელში შარლ მიშელთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან

სომხეთის პრემიერი, რომელიც 4 წლის წინ მთიან ყარაბაღში სტუმრობისას ამბობდა, „არცახი სომხეთია და მორჩაო“, ახლა აცხადებს, რომ მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა - მთიანი ყარაბაღის ჩათვლით.

ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში თვეების განმავლობაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები 25 მაისს მოსკოვში, შემდეგ კი კვლავ ბრიუსელში გაგრძელდება.

ამ სტატიაში მოკლედ ვხსნით:

  • რას შეიძლება ელოდონ მხარეები სამშვიდობო შეთანხმების შედეგად?
  • რა როლი აქვთ მოლაპარაკებებში მოსკოვს, ვაშინგტონსა და ბრიუსელს?
  • როგორ იღებენ ახალ რეალობას სომხები და აზერბაიჯანელები?

ახალი რეალობა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ეთანხმება აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

„თუკი ჩვენ და აზერბაიჯანელებს სწორად გვესმის ერთმანეთის, სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატულ კილომეტრზე იმ დაშვებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატულ კილომეტრზე“, - განაცხადა მან.

„[ამ] 86 600 კვადრატული კილომეტრში მთიანი ყარაბაღიც შედის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც 50-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მედიასთან მართავს პრესკონფერენციას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მედიასთან მართავს პრესკონფერენციას

სომხეთის პოლიტიკურ სცენაზე, რომლის შინაარსს და დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განაპირობებს ყარაბაღის საკითხი, რამდენიმე წლის წინ, პრემიერისგან ასეთი განცხადება საჯარო პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი გახდებოდა. ახლა ფაშინიანის პირობას სომხეთის შეშფოთებით შეხვდა.

მიზეზი ის არის, რომ ყარაბაღი სომხეთის ეროვნული იდენტობის შემადგენელია, - ანკლავს „ერთიანი სომხეთის“ ნაწილად განიხილავენ, - იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეკუთვნის.

2019 წელს, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშას/შუშს ეწვია, განაცხადა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“. იმ გამოსვლისას სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი შეკრებილ ადგილობრივებთან ერთად სკანდირებდა: „მიაცუმ!“

„მიაცუმ“ გაერთიანებას ნიშნავს. ეს ნაციონალისტური სლოგანი 1980-იანი წლებიდან გახდა პოპულარული სომეხთა შორის. ფაშინიანის ამ გამოსვლამ მაშინ განარისხა აზერბაიჯანი.

რთული დილემა

ფაშინიანის შუშაში/შუშში ვიზიტიდან ერთ წელიწადში, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ვრცელ ნაწილზე, მათ შორის ქალაქ შუშაზე/შუშზე და ყარაბაღის გარშემო შვიდ ოკუპირებულ რაიონზე.

„რაო, ფაშინიან?!.. ყარაბაღი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - მიმართა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ეს ფრაზა, „Ne oldu, Paşinyan?“, აზერბაიჯანსა და თურქეთში ინტერნეტმიმად იქცა.

პრეზიდენტი ალიევი მიმართავს აზერბაიჯანელ ერს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. 2020 წლის 10 ნოემბერი
პრეზიდენტი ალიევი მიმართავს აზერბაიჯანელ ერს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. 2020 წლის 10 ნოემბერი

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსს სწორედ ყარაბაღის მეორე ომის შედეგები, კერძოდ, აზერბაიჯანის სამხედრო წარმატება განაპირობებს. სომხეთი რთულ ვითარებაშია.

„სომხეთს უწევს, დათმოს ის, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში განაპირობებდა საგარეო პოლიტიკას. ამ მოლაპარაკებებში ერევნის პოზიციები სუსტია. ის კი არ წარმართავს მოლაპარაკებებს, არამედ მონაწილეობს მასში“, - ეუბნება ზურაბ მენაღარიშვილი, კავკასიის პოლიტიკის მიმომხილველი, რადიო თავისუფლებას.

მიზეზები შემდეგია:

  • „სომხეთმა წააგო ყარაბაღის მეორე ომი;
  • ომის შემდეგ გრძელდება პერიოდული შეტაკებები, რის შედეგადაც, ახლა ერევანი აცხადებს, რომ მისი ტერიტორიაა ოკუპირებული - 150 კვადრატული კილომეტრი;
  • სომხეთს არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც გაიზიარებს მის პოზიციებს, მხარს დაუჭერს სომეხთა თვითგამორკვევას ყარაბაღის ტერიტორიაზე, ან დაეხმარება ერევანს;
  • სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა ბოლო წლებში გადახედა თავის პოზიციებს, აღარც დიპლომატიურ მხარდაჭერას უცხადებს და სამხედრო დახმარებისგანაც თავს იკავებს;
  • სომხეთმა შესაძლოა დატოვოს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“, რუსეთის გარშემო შეკრული ალიანსი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის აგრესიის ფონზე ინერტულობის გამო“.

დროში გაწელილ მოლაპარაკებებს თან სდევს შეიარაღებული დაპირისპირებები როგორც ყარაბაღის სიახლოვეს, ისე მისგან მოშორებით, ორი ქვეყნის საზღვრის გაყოლებაზე, რასაც სომხეთი, მოლაპარაკებების ფონზე, ზეწოლად აღიქვამს.

5 მარტს შეიარაღებული ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი ინციდენტები ბოლო 2 წელიწადში მომრავლდა
5 მარტს შეიარაღებული ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი ინციდენტები ბოლო 2 წელიწადში მომრავლდა

2023 წლის გაზაფხულზე ილჰამ ალიევმა სომხეთს ულტიმატუმი წაუყენა, აღიარეთ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად, თორემ კომფორტულად ვერ იცხოვრებთო. „მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ [სომხებს] კომფორტულად იცხოვრონ თავიანთ 29 000 კვადრატულ კილომეტრზე“, - განაცხადა მან.

რას მოიტანს შეთანხმება?

ეს ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი ალბათ ყველაზე სისხლიანია სამხრეთ კავკასიის უახლეს ისტორიაში. დაპირისპირება ათიათასობით დაღუპულ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირსა და ასიათასობით დევნილს ითვლის. მისი დასრულება, - და ხანგრძლივი მშვიდობა, - ახალ ფურცელს გადაშლის კავკასიის ისტორიაში.

ანალიტიკოსი ზურაბ მენაღარიშვილი ჩამოთვლის, რა დადებით შედეგებს შეიძლება ელოდონ მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისგან.

შედეგები აზერბაიჯანისთვის:

  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების სახლში დაბრუნება;
  • ალიევის ხელისუფლება შეიძენს ლეგიტიმაციის განუსაზღვრელ ხარისხს განუსაზღვრელი ვადით, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ძალისხმევის ჩადება მოუწევს ძალაუფლების შენარჩუნებაში;
  • აზერბაიჯანი უფრო მარტივად დაუკავშირდება თავის უპირველეს პარტნიორს, თურქეთს, რაც შეამცირებს ვაჭრობის ხარჯებს და გაზრდის ინტეგრაციის ხარისხს, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება;
  • განვითარდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც შესაძლოა ორივე მხარისთვის თანაბრად საინტერესო იყოს.
ზურაბ მენაღარიშვილი, პოლიტიკის მიმომხილველი.
ზურაბ მენაღარიშვილი, პოლიტიკის მიმომხილველი.

შედეგები სომხეთისთვის:

  • იმ ტერიტორიების დაბრუნება, რაზეც ამჟამად აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერაა ოკუპირებული;
  • ფაშინიანის ხელისუფლების მიერ შედარებითი სტაბილურობის დამყარება, - აღარ იქნება სამხედრო დაპირისპირებები და ინციდენტები, რაც გამოწვეულია შეუთანხმებელი საზღვრით;
  • სტაბილურობა ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, გადაერთოს სხვა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის ზრდა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ა.შ.;
  • მთავრობა შეძლებს ეძიოს საგარეო პოლიტიკის ახალი მიმართულებები და აღარ იყოს მიჯაჭვული რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ მის ორბიტაზე დარჩენას ითხოვს.
ნიკოლ ფაშინიანი, მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციონერი აქტივისტი, ერევნის ქუჩებში. 2018 წლის 13 აპრილი.
ნიკოლ ფაშინიანი, მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციონერი აქტივისტი, ერევნის ქუჩებში. 2018 წლის 13 აპრილი.

რისკები

ბაქოს პირობებით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მნიშვნელოვანი რისკები ერთვის თან, რომელთა შორის უპირველესი არის ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების საკითხი.

ფაშინიანმა ყარაბაღელი სომხების უფლებების დაცვა დაასახელა პირობად, თუმცა მის განცხადებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღიარებაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ერევანში, ისე ყარაბაღში.

ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტმა იგი ერთხმად დაგმო და განაცხადა, რომ „ფაშინიანის ნებისმიერი განცხადება, რომელიც უარყოფს არცახის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და მისი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, მიუღებელი და უფასურია“.

აშოტ დანიელიანმა, დე ფაქტო პარლამენტარმა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის გუნდში მოიაზრება, ფაშინიანს „კაპიტულანტი“ უწოდა.

ფაშინიანი აცხადებს, რომ „ყარაბაღელი სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა იქნეს განხილული“. ამ ფორმატში გაზაფხულზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით ნაკლებად წარმატებულად.

სტეფანაკერტის მოსახლეობა იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას. 2020 წლის 22 ნოემბერი
სტეფანაკერტის მოსახლეობა იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას. 2020 წლის 22 ნოემბერი

ადგილობრივი სომხებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრება წარმოშობს შიშს „შესაძლო ეთნიკურ წმენდასთან“ დაკავშირებით. ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატი მათ წუხილს ვერ უპასუხებს.

  • „თუკი 2020 წლის ომის დროს პრეზიდენტმა ალიევმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მზად იყო ყარაბაღში გარკვეულ მუნიციპალურ თვითმმართველობაზე ან კულტურულ ავტონომიაზე ემსჯელათ, ომის დასრულების შემდეგ ეს საკითხი არცერთ შეთანხმებაში არ ფიგურირებს.
  • ბაქოს ამჟამინდელი პოზიციით, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ადგილობრივი სომხები მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას და არანაირი სტატუსი დღის წესრიგში არ დგას. ასე რომ, სერიოზულ გამოწვევად რჩება, თუ როგორ წარიმართება მათი მშვიდობიანი ინტეგრაცია აზერბაიჯანულ საზოგადოებაში“, - ამბობს ზურაბ მენაღარიშვილი.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სომხეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი რისკია, მათ შორის, ლიდერების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. ადგილობრივი მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვა ბოლო პერიოდში გაძლიერებულია.

„ეს ნაბიჯი სომხეთის ინტერესების ღალატად და ახალი გენოციდის ხელშეწყობად იხატება ოპოზიციის მიერ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სომხური ოპოზიცია არის ნაკლებად ორგანიზებული, სუსტი, მოსახლეობას მისდამი გააჩნია ნეგატიური განწყობები წარსული მმართველობების მიმართ, პროტესტს ის ფორმა არ აქვს, რაც შეძლებდა ქვეყნის ხელისუფლების პოზიციის ცვლილებას“, - ამბობს მენაღარიშვილი.

ოპოზიციის ამჟამინდელი სისუსტის მიუხედავად, ფაშინიანის გუნდი გარკვეულ რისკებს ხედავს კრემლთან დაახლოებული ფიგურის, მილიარდერი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის სახით.

სატრანსპორტო კვანძების გახსნა

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რეგიონში ყველა სატრანსპორტო კავშირი უნდა გაიხსნას, თუმცა ამ მხრივ პერსპექტივები ჩიხში იყო შესული:

  • სომხეთი უარს აცხადებდა „ზანგეზურის დერეფნის“ პერსპექტივაზე. ეს არის დერეფანი, რომელიც ანკლავ ნახიჩევანიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას უნდა დაუკავშირდეს სომხეთის ტერიტორიის გავლით, რაც პერსპექტივაში თურქეთსა და ცენტრალურ აზიასაც დააკავშირებს ერთმანეთთან;
  • ბაქოს მხარდაჭერილ აქტივისტებს ბლოკირებული ჰქონდათ „ლაჩინის დერეფანი“, რომელიც დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტს სომხეთთან აკავშირებს; ახალი ხიდისა და გზის მშენებლობის შემდეგ, აზერბაიჯანმა იქ ახალი საგუშაგო მოაწყო.

მოლაპარაკებების შედეგად პროგრესი ამ მიმართულებითაც გამოჩნდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14 მაისს ბრიუსელში მხარეების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „მხარეებმა მიაღწიეს ცხად პროგრესს დისკუსიებში, რაც მიზნად ისახავს რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვას“.

ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი და ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი და ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

მიშელის განცხადებით, „ნახიჩევანის მიმართულებით სარკინიგზო გზის აღდგენის შესახებ პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა“ და გუნდებს დაევალათ, საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესახებ კონკრეტული განრიგი შეიმუშაონ.

პოლიტიკის მიმომხილველის, ზურაბ მენაღარიშვილის თქმით, აღნიშნული სარკინიგზო ხაზი დააკავშირებს აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას, ერთი მხრივ, ნახიჩევანთან და, მეორე მხრივ, ერევანთან.

  • „ურთიერთობების ნორმალიზაციის ფონზე, ორი ქვეყანა ერთმანეთს თუ მართლაც დაუკავშირდა სარკინიგზო ხაზით, ეს შექმნის ვაჭრობის ახალ პერსპექტივებს;
  • მეტიც, ამ ხაზს ჩრდილოეთის მხრიდან შესაძლოა დაუკავშირდეს რუსეთის სარკინიგზო ხაზები;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვნახოთ, რომ აზერბაიჯანულ-სომხური რკინიგზის მიერთებით რუსეთი დაუკავშირდეს ერევანს“.

ანალიტიკოსის თქმით, ნახიჩევანის დერეფანი, - თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა, - შესაძლოა, გარკვეულწილად, ახალციხე-ყარსის რკინიგზის ალტერნატივა გახდეს. ამჟამად თურქეთი და აზერბაიჯანი ურთიერთვაჭრობაში აქტიურად იყენებენ საქართველოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბამბის პლანტაციაში, სალიანის რაიონში
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბამბის პლანტაციაში, სალიანის რაიონში

„ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად გააიაფებს ან გააძვირებს გადაზიდვებს ეს მიმართულება, რამდენად ჩაანაცვლებს არსებულ ხაზებს, - ეს ეკონომისტების, დარგის ექსპერტების დასათვლელია. თუმცა როდესაც პროექტის ეტაპზე ვსაუბრობთ, აღნიშნული პროექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ახალციხე-ყარსის ალტერნატივა“, - ამბობს მენაღარიშვილი.

„რუსეთი - თამაშგარე?“

ბოლო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები დასავლურ დედაქალაქებში მიმდინარეობს.

  • 1-4 მაისს ვაშინგტონში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა - საგარეო მინისტრებმა - „მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს რთულ საკითხებზე“;
  • ამას მოჰყვა უმაღლესი დონის მოლაპარაკებები ბრიუსელში შარლ მიშელის მედიატორობით;
  • შარლ მიშელის განცხადებით, ბრიუსელში შეხვედრები გაგრძელდება - შეხვედრა დაგეგმილია ივლისშიც;
  • სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, შარლ მიშელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად;

ამასთანავე, მოლაპარაკებები გრძელდება მოსკოვშიც. ალიევი და ფაშინიანი 25 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს რუსეთის დედაქალაქში. პრაღაში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაშინგტონში დაწყებული დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს მოსკოვში“.

ალიევი, ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე სოჭში. 2022 წლის 31 ოქტომბერი
ალიევი, ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე სოჭში. 2022 წლის 31 ოქტომბერი
„ცალსახაა, რომ რუსეთის, როგორც ერთპიროვნული მედიატორის, როლი შემცირდა. თუკი წარსულში ვხედავდით, რომ მოსკოვის თუ სოჭის შეხვედრებზე რუსეთი ერთპიროვნულად იყო მომრიგებელი, ეს შეიცვალა. გამოჩნდნენ ნეიტრალური მედიატორები, რომელთაც არ გააჩნიათ ისეთი ინტერესები, რაც რუსეთს - არ ჰყავთ სამხედრო ბაზები ამ ქვეყნებში, სამხედრო კონტინგენტები რეგიონში და მიუკერძოებლად ახერხებენ მოლაპარაკებების სივრცის შექმნას“, - ამბობს ზურაბ მენაღარიშვილი.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში 2000-მდე რუს ჯარისკაცს, რომლებიც 2020 წლის შეთანხმების შედეგად მშვიდობისმყოფელების სტატუსით იმყოფებიან ყარაბაღში.

XS
SM
MD
LG