Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევის ვაჟი ოფიციალურ შეხვედრებზე - ის გააგრძელებს „ალიევების დინასტიას“?


ილჰამ ალიევის 27 წლის შვილი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა.
ილჰამ ალიევის 27 წლის შვილი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 27 წლის ვაჟი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა - არადა, მას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ აქვს. ამზადებენ ჰეიდარ ალიევ უმცროსს „ალიევების დინასტიის“ გასაგრძელებლად? რა ვიცით მასზე?

2024 წლის 9 იანვარს ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახს უმასპინძლა. შეხვედრას ორივე მხრიდან მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

საამიროები აბსოლუტური მონარქიაა, რომელსაც ნაჰაიანების სამეფო ოჯახი ათწლეულებია, მართავს. ბაქოს სტუმრებიც ამ ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ:

  • პრეზიდენტის ძმა, რომელიც თან ვიცე-პრეზიდენტია და თან ვიცე-პრემიერია, შეიხ მანსურ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი;
  • მეორე ძმა, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი;
  • პრეზიდენტის ვაჟი, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ალ ნაჰაიანი.
შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან
შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან

აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტ ალიევთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ.

მაგრამ აზერბაიჯანული დელეგაციის წევრებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ქვეყანაში არანაირი ფორმალური პოზიცია არ უკავია: ჰეიდარ ალიევი უმცროსი, პრეზიდენტ ალიევის ვაჟი.

მისმა გამოჩენამ არაერთს გაუცოცხლა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში წლების წინ მომწიფებული აზრი, რომ ილჰამ ალიევს ქვეყნის სამომავლო ლიდერად თავისი ვაჟი წარმოუდგენია, - ახლა კი ამისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.

„მემკვიდრეობითი დემოკრატია“?

„აშკარად ჩანს, აქეთკენ მიდის ყველაფერი. რამდენიმე წელია, გამოკვეთილია, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს, გადახედოს იმ სტანდარტს, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, რასაც დავარქმევდი „მემკვიდრეობით დემოკრატიას“, სადაც მამიდან შვილზე გადადის მართვის სადავეები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკას ადევნებს თვალს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული სახელმწიფოა, მაინც არსებობს პარლამენტი, პარტია და ფორმალური ინსტიტუტები, - ილჰამ ალიევიც არჩევნების გზით გახდა პრეზიდენტი, - და „მემკვიდრეობითი დემოკრატია“ ამიტომ არისო, განმარტავს იგი რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რა არგუმენტით იყენებს ტერმინ „დემოკრატიას“.

ალიევების ოჯახი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მართავს აზერბაიჯანს.

ბაბუა, შვილი და შვილიშვილი
ბაბუა, შვილი და შვილიშვილი

ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამდე საბჭოთა აზერბაიჯანის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. კგბ-ს ყოფილი ოფიცერი 1960-იანი წლებიდან პარტიულ რიგებში დაწინაურდა და საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი გახდა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ჰეიდარ ალიევმა თითქმის შეუმჩნევლად გააგრძელა ახლა უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მართვა - პრეზიდენტის როლში. მისი მმართველობა ხასიათდებოდა, ერთი მხრივ, პრაგმატული პოლიტიკით, - კერძოდ, ნავთობის სექტორის განვითარებით, რამაც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია გამოიწვია, - მეორე მხრივ კი ავტორიტარული კონტროლით. მაგრამ ამ პერიოდის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი თავისი პირადი კულტის შენება იყო.

ჰეიდარ ალიევს 2000-იანი წლების დასაწყისში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გაჩნდა კითხვის ნიშნები, რამდენად შეეძლო პრეზიდენტის როლის შესრულება. და სწორედ ამ დროს, 2003 წელს, პოსტიდან გადადგა, რის შემდეგაც პრეზიდენტი მისი ვაჟი, ილჰამ ალიევი გახდა. ეს საგულდაგულოდ ორგანიზებული პოლიტიკური ძალაუფლების ტრანზიცია იყო.

ალიევების ოჯახი 1983 წელს
ალიევების ოჯახი 1983 წელს

ილჰამ ალიევმა გააძლიერა მამის ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი:

  • ახალ სიმაღლეებზე აიყვანა მამის პერსონალური კულტი;
  • ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყანა ჯერ ენერგეტიკის, შემდეგ კი თავდაცვის სექტორის სტრატეგიული განვითარებით რეგიონში ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოდ და ძლიერ მოთამაშედ აქცია;
  • 21-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში სრულად გააქრო ალტერნატიული ხმები, პოლიტიკური ოპოზიცია ისე, რომ ახლა იქ დემოკრატიული პროცესის ნიშანწყალიც არ ჩანს;
  • თავისი მმართველობის 20-წლიანი სტაჟი მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღდგენით დააგვირგვინა, - ათასობით დაღუპული აზერბაიჯანელისა და სომხისა და ათიათასობით დევნილი ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის ხარჯზე.

ილჰამ ალიევი ყარაბაღში, არაღიარებული რესპუბლიკის დროშის გათელვის შემდეგ. 2023 წლის 15 ოქტომბერი.
ილჰამ ალიევი ყარაბაღში, არაღიარებული რესპუბლიკის დროშის გათელვის შემდეგ. 2023 წლის 15 ოქტომბერი.

„აზერბაიჯანი დისტანცირდა დასავლური ინსტიტუტებიდან. მან [ილჰამ ალიევმა - რ.თ.] განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრებით. არასოდეს ლაპარაკობენ ნატოზე; მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში ურჩევნიათ, მისდიონ ამ ფორმას, ვიდრე აიღონ დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე ვალდებულებები“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ცოლი: ვიცე-პრეზიდენტი

მართვის სადავეების ოჯახში განაწილების ტრადიცია ალიევმა ცოლის, მეჰრიბან ალიევასთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის გადაცემით გააგრძელა. ეს გადაწყვეტილება ალიევმა 2017 წელს მიიღო - მას შემდეგ, რაც ჩაატარა რეფერენდუმი, რის შემდეგაც კონსტიტუციაში პრეზიდენტის შემცვლელად პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჩაიწერა.

აზერბაიჯანს მართავს ალიევებისა და ფაშაევების კლანი და ჰორიზონტზე არც არაფერი ჩანს ისეთი, რამაც ამ მმართველობას შეიძლება საფრთხე შეუქმნასო, ეუბნება პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებას.

მეჰრიბან ალიევა მამასთან, არიფ ფაშაევთან ერთად
მეჰრიბან ალიევა მამასთან, არიფ ფაშაევთან ერთად

ფაშაევების ოჯახს, - რომლის წარმომადგენელია აზერაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ფაშაევა (ამჟამად ქმრის გვარზეა), - „ვიკილიკსის“ გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ამერიკული საელჩოს წარმომადგენელი 2010 წელს შიდა დოკუმენტებში მოიხსენიებდა „ყველაზე გავლენიან ოჯახად“ აზერბაიჯანში. ამავე წყაროს თანახმად, ფაშაევები აკონტროლებენ მშენებლობის, უძრავი ქონების, ფინანსებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებს.

იმავე რეფერენდუმში, სადაც მეჰრიბან ალიევა ალიევის პირველი რიგის პოლიტიკური მემკვიდრე გახდა, პრეზიდენტობის ვადა გაიზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე და, ამასთან, გაუქმდა ასაკობრივი შეზღუდვა პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის.

ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ რეფერენდუმის ჩატარების იდეას, მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ალიევი საკუთარ ვაჟიშვილს ამზადებდა პრეზიდენტობისათვის.

მამა-შვილი ალიევები 2017 წლის 13 მაისს ბაქოში
მამა-შვილი ალიევები 2017 წლის 13 მაისს ბაქოში

რა ვიცით შვილზე?

მაგრამ ჰეიდარ ალიევი უმცროსი მაშინ ჯერ მხოლოდ 19 წლის და გამოუცდელი იყო.

2018 წლის სექტემბერში მან სავალდებულო სამხედრო სამსახური დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დაასრულა.

ალიევები ჰეიდარ უმცროსის სამხედრო სამსახურის დაწყების დღეს. 2017 წლის ოქტომბერი
ალიევები ჰეიდარ უმცროსის სამხედრო სამსახურის დაწყების დღეს. 2017 წლის ოქტომბერი

2022 წლის შემოდგომაზე დაქორწინდა.

ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მოასწრო ფინანსურ სკანდალებში გახვევა.

9 წლის ასაკში მის სახელზე დარეგისტრირდა ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი მოსკოვის შემოგარენში, „დახურულ სამეზობლოში“.

13 წლის ასაკში დუბაიში მის სახელზე $44-მილიონიანი სასახლე დარეგისტრირდა.

ახლა 27 წლისაა და სულ უფრო და უფრო მეტად ჩნდება საჯაროდ მამის გვერდით.

გარდა საამიროების დელეგაციასთან შეხვედრისა და მათი მამასთან ერთად მასპინძლობისა, - რისი ამსახველი ფოტო-ვიდეოებიც საგანგებოდ გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, - ის სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც შენიშნეს.

აი, ისიც, 2023 წელს, ცოლთან ერთად, ყარაბაღის ქალაქ შუშაში/შუშში, - მასზე აზერბაიჯანის კონტროლის დამყარების შემდეგ:

ჰეიდარ ალიევი ცოლთან ერთად ქალაქ შუშში/შუშაში
ჰეიდარ ალიევი ცოლთან ერთად ქალაქ შუშში/შუშაში

ეს კი 2023 წლის 8 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების აღსანიშნავ მესამე წლისთავზე გამართულ ღონისძიებაზე, დედასთან ერთად:

ჰეიდარ ალიევი დედასთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად მთიან ყარაბაღში, ხანქენდიში (სტეფანაკერტში)
ჰეიდარ ალიევი დედასთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად მთიან ყარაბაღში, ხანქენდიში (სტეფანაკერტში)

2023 წლის 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, - ყარაბაღში საბოლოოდ სამხედრო წარმატების შემდეგ, - მოულოდნელად მოაწერა ხელი განკარგულებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.

არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება. პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ.

10-ზე მეტი კანდიდატიდან ერთადერთი ცნობილი სახელი კვლავ ილჰამ ალიევისაა - ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ის უახლოეს მომავალში პოზიციის დათმობას აპირებდეს.

თუკი ჰეიდარ ალიევი უმცროსის გამოჩენა მისი მომავალი ლიდერობის მანიშნებელია, ეს უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია განმარტება, რა მანდატით იმყოფებოდა ჰეიდარ ალიევი საამიროების დელეგაციასთან ოფიციალურ შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG