ავსტრალიელმა მეცნიერებმა ადელაიდის უნივერსიტეტიდან ეს კვლევა სუპერკომპიუტერის მეშვეობით ჩაატარეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი პროცესი უკვე დაწყებულია და ახლა პლანეტა მეექვსედ დგას „დიდი გადაშენების“ ზღვარზე.
გადაშენების მიზეზი უამრავია, შეიცვალა მიწათსარგებლობის პროცესი, მოსავალს ზედმეტად ხშირად იღებენ, ბუნება ბინძურდება, კლიმატი იცვლება...
მაგრამ სანამ გარდაუვალ აპოკალიფსზე ვისაუბრებდეთ, კარგი იქნება ის ხუთი გლობალური კატასტროფა გავიხსენოთ, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლე მოსპო.
თითქოს შუქი ჩააქრესო
ნახევარი მილიონი წლის წინ პლანეტაზე ფანეროზოური პერიოდი დაიწყო - „დრო სიცოცხლის აშკარა ნიშნებით“, ანუ ეპოქა, რომელიც, მეცნიერებისდა გასახარად, ჩონჩხებს, ნიჟარებს, ნამარხებს ტოვებს. ამ პერიოდის ნიადაგის სხვადასხვა ფენების შესწავლისას შესაძლებელია გაიგო, რა გადაშენდა და რა - პირიქით, წარმოიქმნა.
მაგრამ ამ ეპოქასაც აქვს თავისი საიდუმლოებები, ისეთები როგორიცაა დიდი გადაშენებები.
პირველი - ორდოვიკურ-სილურული - სიცოცხლის აშკარა ნიშნების წარმოქმნიდან „მალევე“ მოხდა - 440 მილიონი წლის წინ. მაშინ სიცოცხლე მხოლოდ ოკეანეში იყო, ამიტომ მხოლოდ წყლის პრიმიტიული ორგანიზმები დაზარალდნენ: ბრიოზოები, ბრაქიოპოდები, ორსაგდულიანი მოლუსკები, ზღვის ზღარბები. მილიონ წელზე ნაკლებ დროში გადაშენდა ოკეანის ბინადართა 85 პროცენტი. მიზეზი ბოლომდე ნათელი არ არის. დიდმა გამყინვარებამ იმოქმედა ასე თუ მზის სისტემასთან ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებამ, არ ვიცით. ეს უფრო სამეცნიერო ფანტაზიის სფეროა, რადგან 440 მილიონი წელი ძალიან დიდი დროა დეტალების დასადგენად. ისიც კი გასაკვირია, რომ ამ არსებების ნაშთი შემორჩა.
გადაშენების მეორე ფაზა - დევონური პერიოდი - 364 მილიონი წლის წინ დადგა. მაშინ წყლის ცხოველების გარდა ხმელეთზეც მოიძებნებოდა რაღაც ცოცხალი, თუნდაც მწერები და მცენარეები. თან უკვე მწერებიც კარგა მოზრდილები იყვნენ და მცენარეებიც - ხეების სიმაღლე 30 მეტრს აღწევდა! მაშინდელი სახეობების ნახევარი ორი მილიონი წლით გაქრა, მიზეზი ისევ უცნობია, მაგრამ ამ გადაშენების შემდეგ მივიღეთ მყარი ნახშირის პირველი ფენები, შესაძლებელია, ნავთობი და ბუნებრივი აირიც.
დიდი გადაშენების შემთხვევები მოგვიანებითაც იყო - ტრიასული პერიოდი - 200 მილიონი წლის წინ, რომელმაც ამფიბიების ნახევარი შეიწირა და დინოზავრების განვითარებას მისცა გასაქანი. ასევე იყო ცარცულ-პალეოგენური პერიოდი 66 მილიონი წლის წინ, რომელზეც ბავშვებისთვის მულტფილმებს იღებენ. ამ პერიოდში დინოზავრები უკვე აღარ არიან, მათ ადგილი ძუძუმწოვრებს დაუთმეს.
ამ კატასტროფების მიზეზები რამდენიმეა: ისინი ძირითადად ან უზარმაზარი ასტეროიდის ჩამოვარდნას უკავშირდება, რამაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილება გამოიწვია ან ვულკანების ამოფრქვევას, ლითოსფეროს ფილების მოძრაობას და ისევ გლობალურ აცივებას. მეცნიერები თითქმის ყოველწლიურად პოულობენ ნივთმტკიცებებს ამა თუ უმ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, ხან კრატერს, ხან - ლავის ნარჩენებს. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასობით მილიონი წელი დიდი დროა გეოლოგიური პროცესებისთვის. ოკეანის სიღრმეში მიწის ქერქი მალე ახერხებს აღდგენას და მას მეტეორიტის კვალი უკვე აღარ ეტყობა. მეტეორიტი კი დიდი ალბათობით სწორედ ოკეანეში ჩავარდებოდა. ამიტომ მთელი ეს აღმოჩენები უფრო სპეკულაციაა და სამეცნიერო ფილმებისთვის თუ გამოდგება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება მალე არ ხდება და თან საკმაოდ მოსაწყენი რამეა. ზღვის ზღარბები, წყალმცენარეები, მცენარეები ერთი ხელის მოსმით არ ორთქლდებოდნენ - მათ გაქრობას 100 ათასი ან მილიონი წელი სჭირდებოდა.
მაგრამ ყველაზე დიდი გადაშენება, რომელიც 252 მილიონი წლის წინ მოხდა თან ყველაზე იმპულსურიც იყო - თითქოს შუქი გამორთესო. სულ რაღაც ათასწლეულებში (შესაძლოა წლების და დღეების განმავლობაშიც - ჩვენ ამის შესახებ ზუსტად არ ვიცით) ცოცხალი ორგანიზმების 95 პროცენტი მიწის პირიდან აღიგავა.
ეს მოხდა პერმული პერიოდის ბოლოს (მას ასე პერმში ნანახი სამარხის გამო ეწოდა). მიზეზი ამ დიდი გადაშენებისა, რომლის შემდეგაც დედამიწა კინაღამ უსიცოცხლო, მარსის მაგვარ პლანეტად გადაიქცა რუსეთში, ციმბირში მდებარეობს.
ალექსანდრ ჩეკანოვსკი და ციმბირის ტრაპები
უკრაინაში დაბადებული პოლონელი ალექსანდრ ჩეკანოვსკი ბიოლოგიით იყო გატაცებული, კიევის გიმნაზიის დასრულების შემდეგ კი გეოლოგია შეისწავლა. ოჯახური საქმეების გამო პოლონეთში დაბრუნება მოუხდა. ეს ის დროა, როდესაც პოლონეთი რუსეთის იმპერიას აუჯანყდა. აჯანყებაში მონაწილეობა მანაც მიიღო, რის გამოც ციმბირში გადაასახლეს, მასთან ერთად გადასახლებაში მოჰყვა კიდევ ერთი მეცნიერიც.
ირკუტსკის გზაზე ისინი ბიოლოგიურ კოლექციას აგროვებდნენ. ჩეკანოვსკიმ ჩვეულებრივი შუშა ქვიშითა და ცხვირსახოცით გააპრიალა და გამადიდებელ შუშად აქცია. მისი მეგობარი ამ შუშით ჭიანჭველებს აკვირდებოდა. ეტაპის ბოლომდე ჭიანჭველების მანამდე უცნობი ორი სახეობა აღმოჩინეს.
ასეთი ხალხი ციმბირში ძალიან სჭირდებოდათ - ამიტომაც მათი კატორღა ლამის დაწყებამდე დასრულდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან მათ გამოსახსნელად უამრავი წერილი იწერებოდა. მალე ჩეკანოვსკი ანგარის ნაპირებზე აღმოჩნდა, იქ ნება დართეს გეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინა. შემდეგ ირკუტსკში გადაიყვანეს, სადაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გადასახლებული იყო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი გახდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირზე მონოგრაფია დაწერა. უკვე შემდეგ წლებში ის ტუნგუსკის რაიონში ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. სწორედ იქ აღმოაჩინა ციმბირული ტრაპები, რომლებსაც უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ. აღმოსაჩენი რა იყო, უბრალოდ პირველად ის მიხვდა, ეს მთები სინამდვილეში რას წარმოადგენდა. მანვე გამოიყენე პირველად სიტყვა „ტრაპი“, რაც შვედურ ენაზე კიბეს ნიშნავს და ზუსტად აღწერს სურათს, რომელიც თვალწინ გეშლება - გიგანტური საფეხურები, თითქოს კლდეშია გამოკვეთილი და პლატოსკენ მიემართება. ასეთი გეოლოგიური კონსტრუქცია მაშინ ჩნდება, როდესაც მიწის შუაგულიდან გამდნარი ლავა ამოასხამს, თან ათასობით კუბურ კილომეტრზე. გაქვავების შემდეგ ის თითქოს ბაზალტის ტბად იქცევა, მილიონი წლების განმავლობაში წყალი და ქარი მას ყველა მხრიდან აშალაშინებს და საფეხურებიც ასე წარმოიქმნება.
ციმბირული ტრაპები პლანეტის მსგავს წარმონაქმნებს შორის ყველაზე დიდია. ჩეკანოვსკიმ სამართლიანად შენიშნა, რომ ისინი დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ წარმოიქმნენ, ანუ პერმული პერიოდის ბოლოს, დიდი გადაშენებისას. მართალია მაშინ მეცნიერებმა ამ გადაშენების შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩეკანოვსკისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მის წინაშე დიდი კატასტროფის ხედი იშლებოდა.
1875 წელს ჩეკანოვსკის პეტერბურგში, მეცნიერებათა აკადემიაში სამსახური შესთავაზეს. მან თავისი ციმბირული კოლექცია დაახარისხა, რუკები შეადგინა და აკადემიას ტუნგუსკსა და ციმბირის მდინარეების კალაპოტებში ექსპედიციების გეგმა წარუდგინა. აკადემიას მისი იდეა ჭკუაში არ დაუჯდა, მასალებისთვის მადლობა გადაუხადეს, მაგრამ ექსპედიციისთვის ფულის გამოყოფაზე უარი სტკიცეს.
მთელი წელი სხვადასხვა უწყებების კარებთან გაატარა, ამტკიცებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალი ექსპედიციის მოწყობა. ქირით და ვალით ცხოვრობდა. პეტერბურგის კლიმატმა მისი ავადმყოფობა (ჯერ კიდევ გადასახლებაში მოიხადა ტიფი) გაამწვავა.
ღრმა მელანქოლიისგან თავის დასაღწევად 43 წლის მეცნიერს მხოლოდ ერთი გზა ესახებოდა. სუიციდი პოლონელ არისტოკრატებში (სხვათა შორის პეტერბურგის სტუდენტობაშიც) მე-19 საუკუნის ბოლოს ძალიან იყო გავრცელებული. 1876 წლის ზამთარში ჩეკანოვსკიმ იყიდა ციანიდი - მისი შეძენა მაშინ ლამის საკონდიტრო მაღაზიაშიც კი შეიძლებოდა - და თავი ისე მოიკლა, ვერც გაიგო რამდენად მასშტაბური იყო მისი აღმოჩენა.
მეცნიერები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ეჭვობდნენ, რომ ციმბირული ტრაპები შესაძლოა პერმულ პერიოდს უკავშირდებოდეს. მათი გამოჩენა მილიონობით სახეობის გადაშენებას საეჭვოდ ემთხვეოდა. მაგრამ გეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ამოფრქვევა პლანეტის კლიმატზე საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენდა. ციმბირული ტრაპების სტრუქტურის მიხედვით, ნახშირორჟანგი თანდათანობით გამოიყოფოდა და მისი ოდენობა თანამედროვე ანთროპოგენურ გამოფრქვევებზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი ჯერჯერობით ცოცხლები ვართ.
ეს რომ ელვისებური ამოფრქვევა ყოფილიყო, ციმბირის „კიბეების“ ნაცვლად, იქ ორი კილომეტრის სიმაღლის მთა უნდა აღმართულიყო. მაგრამ ეს მცდარი შეხედულება აღმოჩნდა. ათიოდე წლის წინ ციმბირული ტრაპების გულდასმით შესწავლამ მეცენიერების ერთდროულად რამდენიმე ჯგუფს მისცა შესაძლებლობა მათი წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსია წამოეყენებინა. მათი მოსაზრებით, ლავას არა მხოლოდ მიწის ფენა ეღობებოდა წინ, არამედ ძველი ზღვაც. ეს ფენები ლავაზე მძიმე იყო, ლავა თითქოსდა წნეხის ქვეშ მოექცა, მაგრამ ზედა ფენები თანდათან დნებოდნენ და ლავის მოცულობა ამით მხოლოდ ფართოვდებოდა. რაღაც დროს აირები ლავასთან ერთად ზედაპირზე ამოიჭრა და მაშინვე მომაკვდინებელი გახდა დედამიწისთვის.
იავანტოზავრის სიკვდილი
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მიწა შეიძრა და მისი ზედაპირი სქელი, შხამიანი ბურუსით დაიფარა. თუკი მიწაზე კიდევ იყო რამე შემაღლებული ადგილი, სადაც ცოცხალი არსებები ჰაერს იპოვიდნენ, ზღვის ბინადრებს მსგავსი არაფერი გააჩნდათ - ქლორმა მსოფლიო ოკეანე მოწამლა.
ჯერ ბრიოზოები, ბრაქიოპოდები და უკანასკნელი ტრილობიტები დაიღუპნენ, მას ხრტილოვანი თევზების დიდი ნაწილი მიჰყვა. ხმელეთზე რეპტილიების უმრავლესობა განადგურდა, პატარა მტაცებელი დინოზავრები (მაგალითად, ივანტოზავრი, რომლის ნაშთიც ციმბირში აღმოაჩინეს) და უფრო დიდები, ბალახჭამიები.
ხოჭოები, ბადეფრთიანები და სხვა მწერები, რომლებიც უკვე კარგად იყვნენ დამკვიდრებულნი ხმელეთზე ევოლუციის კიბის თავდაღმართში დაეშვნენ. ყველაზე საშინელი რამ ტყეებს სჭირდათ. უცაბედი დათბობის გამო ისინი მთელ პლანეტაზე იწვოდნენ. მცენარეული საფარი ყველა კონტინენტზე (უფრო სწორად ჯერ კიდევ ერთიანი კონტინენტის - პანგეას - სხვადასხვა ნაწილებში) დეგრადირდა. ჰაერში ჟანგბადი სულ უფრო ცოტა რჩებოდა. ბოლის, ხანძრისა და ვულკანური ამოფრქვევების გამო მზის სხივი მიწამდე ვერ აღწევდა. ტემპერატურა იზრდებოდა და ყველა ცოცხალი არსება წამებით სიკვდილისთვის იყო განწირული.
საოცარი ის არის, რომ ამის შემდეგ სიცოცხლე არა თუ გადარჩა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
როგორც მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევს, გადაშენება სიცოცხლისთვის სულაც არ ნიშნავს კატასტროფას, ის უფრო ინსტრუმენტია ევოლუციისთვის, ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება, სხვაგვარი განვითარების შანსი. ხუთი დიდი გადაშენება რომ არა, შესაძლოა ევოლუცია სულ სხვა გზით წასულიყო და კაცობრიობას დღეს საერთოდ არ ეარსება.
შესაძლოა ჩვენს შემდეგაც, ყველა ჩვენი ომის, ეკოლოგიური კატასტროფის, განხეთქილების შემდეგ, რომელიღაც შემდეგი ცივილიზაცია არანაკლები შემართებით გააგრძელებს გეოლოგიურ კიბეზე აღმასვლას.
შესაძლოა ძეგლიც დაგვიდგან გამართულად მოსიარულე, გონიერ ძუძუმწოვრებს, როდესაც რამდენიმე გადარჩენილი ჩონჩხის მიხედვით ჩვენს გარეგნობას აღადგენენ.