გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 9 აპრილის განცხადებას - 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან მიმართებით კობახიძემ არ ახსენა რუსეთი და ფეისბუკპოსტში დაწერა, რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
გერმანიის ელჩმა გვირგვინით შეამკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი თბილისში, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
"გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციას მართავდნენ. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი საპროტესტო გამოსვლას მართავდა ამავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მიმდინარე ამოცანაა. თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს გასული 30 წლის გამოცდილებიდან“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
სამების ტაძართან, სადაც "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, ირაკლი კობახიძემ თავისი პოსტის კომენტირებისას განმარტა, რომ "36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა."
მისივე განმარტებით, "ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს "დიპ სტეიტი", ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე".
ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც სადავო პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები, დღეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან არ მისულა.
იქ ღამე გაათიეს პროდასავლური დემონსტრაციების მონაწილეებმა და დემონსტრაციებზე დაკავებულთა - "სინდისის პატიმრებად" მიჩნეულთა - ოჯახების წევრებმა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება "ოცნების" მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებებისას - საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.
36 წლის წინანდელი სისხლიანი ღამე და ქართველების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიხსენეს ევროპული ქვეყნების საელჩოებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა და პოლონეთის საელჩომ. მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად იმყოფებოდნენ შვედეთისა და ლატვიის ელჩებიც. რუსთაველზე მივიდნენ სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები. ადგილზე მყოფები დიპლომატებს მადლობას უხდიდნენ. დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან პატივი მიაგეს ასევე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრებმა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ფორუმი