მან ორივე გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა საქართველოს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ბოლოს, როცა საქართველოს ვტოვებდი, საზღვარზე დაახლოებით 20 წუთს შემაყოვნეს, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა - ეს შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი მინიშნება, რომ შეიძლება რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მერე მესაზღვრემ ჩემი პასპორტი დამიბრუნა და ღიმილით მითხრა ჩემს მშობლიურ ენაზე “ყველაფერი კარგად არის, კიდევ შევხვდებით!”
ახლა რომ ვფიქრობ, ამ დროს ალბათ უკვე იცოდნენ, რომ უკან აღარ შემომიშვებდნენ, მაგრამ ვინაიდან მათ არ ჰქონდათ ჩემი საქართველოდან გაძევების ლეგალური მიზეზი, მე არასოდეს დამირღვევია კანონი და არაფერი გამიკეთებია საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უბრალოდ გამიშვეს. ვინ იცის, საქმეც კი გავუადვილე იმით, რომ მე თვითონ დავტოვე დროებით საქართველო, უკან დაბრუნებისას საზღვრის კვეთაზე უარის თქმა გაცილებით მარტივი გზაა, ვიდრე უცხოელის ქვეყნიდან გაძევება”, - უყვება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა ქალი.
ის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს. მისი სარჩელები სასამართლოშია შეტანილი და ფრთხილობს პროცესი არ დააზიანოს. ამგვარი საქმეების განხილვა სასამართლოში ხშირად იწელება და შესაძლოა რამდენიმე წელიც კი დაჭირდეს.
ქალი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, წლებია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საქართველოს სამოქალაქო სექტორს აძლიერებს. უმუშავია მოხალისედაც. საქართველოში არაერთი მეგობარი და საქმით დაკავშირებული ადამიანი ჰყავს. იცის ქართული.
“საქართველოს საზღვრიდან უკან ისე გამაბრუნეს, მიზეზები არ აუხსნიათ - დოკუმენტშიც, რომელიც მომცეს, მონიშნული იყო ყველაზე ზოგადი გრაფა, “სხვა მიზეზით”. გამიკვირდა, რომ აეროპორტში არ ჰყავდათ ადამიანი, რომელიც რაიმეს განმიმარტავდა, თუნდაც ჩემს უფლებებს, მაგალითად, მეტყოდა, რომ მომდევნო 10 დღეში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შემიძლია. რაც მართალია, მართალია, ქაღალდი რომელიც მომცეს, ორენოვანი იყო, ქართულ-ინგლისური, მაგრამ ინგლისურად მოლაპარაკე მესაზღვრის არარსებობამ მაინც გამაკვირვა, ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ჩემს კითხვებს უპასუხებდა”, - ჰყვება ის.
ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე ქალის ამბავი ნაწილია ბოლო თვეების ტენდენციის, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს საზღვრის კვეთისას პრობლემები ექმნებათ ევროპის ქვეყნებიდან ჩამომსვლელებს, განსაკუთრებით კი - უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე ცოტა, ათამდე შემთხვევა მოხდა. მესაზღვრეები განსაკუთრებით ხშირად აბრუნებენ უკან მათ, ვინც 2024 წლის მიწურულს თბილისის მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან იყო რაიმე ფორმით დაკავშირებული, მას აშუქებდა ან მასში მონაწილეობდა.
გარდა ევროპელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისა, საქართველოში შემოსვლაზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვთ პრობლემა ანტიპუტინისტ რუსეთის მოქალაქეებს, ბელარუსელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყება, საჯაროდ არ აქვეყნებს სტატისტიკას, რამდენ ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, ვინც საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
საჯარო მხოლოდ საქართველოდან გაძევებულთა სტატისტიკაა - ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მარტში 97 უცხოელი გააძევეს.
ფორუმი