თუმცა არის თუ არა ჩინეთის ორი დატყვევებული მოქალაქე იმის მტკიცებულება, რომ პეკინი ჯარისკაცებს უგზავნის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად? მოკლე პასუხია - არა.
ის, რომ უკრაინაში ჩინეთის მოქალაქეები იბრძვიან ახალი ამბავი არ არის და ამჟამად არ არსებობს საჯარო მტკიცებულება იმისა, რომ ეს ორი დატყვევებული მამაკაცი პეკინმა გაგზავნა.
ფიქრობენ, რომ ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე ჩავიდა რუსეთში, დაქირავებული მებრძოლის სტატუსით. „ტელეგრამის“ რუსულ ჯგუფებში ადრეც გავრცელებულა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი ჩინეთის მოქალაქეები დაღუპულან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალურ მონაცემთა ბაზაში, რომელიც თებერვალში ექსკლუზიურად მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, ასევე ჩანს, რომ ჩინელი დაქირავებულები, რუსეთის ჯარებთან ერთად იბრძვიან.
ამ ეპიზოდში კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ზელენსკის კომენტარია, რომელიც აქამდე ჩინეთს უკიდურესად ფრთხილად უდგებოდა.
ომის დაწყების შემდეგ პეკინი მოსკოვის უახლოეს პარტნიორად იქცა და რუსეთის საომარი მანქანა გააძლიერა გაზრდილი ვაჭრობითა და სამხედრო თვალსაზრისით სასარგებლო სამოქალაქო საქონლის სტაბილური ნაკადით. თუმცა ჩინეთს არ მიუწოდებია რუსეთისთვის იარაღი ან სამხედრო ექსპერტიზა.
ამ დროს კიევი ძირითადად თავს იკავებდა ჩინეთის კრიტიკისგან - რამდენიმე გამონაკლისის გარდა - რადგან უკრაინა იმედოვნებდა, რომ პოტენციურად მოიგებდა ჩინეთის გულს მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში.
რა დგას ჩინეთის მიმართ ზელენსკის ახალი მიდგომის უკან?
მაშ, რა შეიცვალა ზელენსკისთვის? ყველაზე აშკარა პასუხი ამ შეკითხვაზე გახლავთ მისი ურთიერთობა ვაშინგტონთან და მუდმივი კითხვები აშშ-ის მომავალი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
ორი მებრძოლის დატყვევების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ის ცდილობს ომი უფრო მკაფიოდ დააკავშიროს ჩინეთთან და შეცვალოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობის დინამიკა.
8 აპრილს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, - რომელსაც თან ჰქონდა დართული დატყვევებული ჯარისკაცის ვიდეო, რომელიც უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმაზე ჩინურად ლაპარაკობდა, - ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ძალებში ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენა "არის აშკარა სიგნალი იმისა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი აპირებს ყველაფრის გაკეთებას, გარდა ომის დასრულებისა. ის ეძებს გზებს ბრძოლის გასაგრძელებლად".
იმავე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ეს ორი მებრძოლი ბრძოლის ველზე მოსკოვის საერთაშორისო მხარდაჭერის მტკიცებულებაა.
"ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამხედრო გზით უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს კიდევ ერთი ქვეყანაა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შემდეგ", - თქვა მან.
უკრაინის როლი აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში
პეკინი დაჟინებით ირწმუნება, რომ მას უკრაინაში ჯარისკაცები არ გაუგზავნია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილს განაცხადა, რომ ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას ორი მოქალაქის შესახებ უკრაინასთან და რომ ის ყოველთვის მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისგან.
მაგრამ, როგორც ჩანს, ზელენსკი ცდილობს, ჩინეთი გაუტოლოს ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც ათასობით ჯარი გაგზავნა რუსეთთან ერთად საბრძოლველად, და ირანს, რომელმაც მოსკოვს დრონები მიაწოდა უკრაინის ინფრასტრუქტურის დასაბომბად.
ამას კიდევ უფრო გაესვა ხაზი, როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას პეკინთან დაკავშირება და კიევის საელჩოში განთავსებული ჩინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარება.
სიბიჰამ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „ჩინელი მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან რუსეთის არმიის შემადგენლობაში უკრაინაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩინეთის დეკლარირებულ პოზიციას მშვიდობისთვის და ძირს უთხრის პეკინის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს პასუხისმგებელი მუდმივი წევრის სანდოობას“.
ტრამპი და აშშ-ის მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები გამოთქვამენ ომის დასრულების სანაცვლოდ მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას, ჩინეთი კი რჩება აშშ-ს პრეზიდენტის სამიზნეში – და პეკინთან დაპირისპირება შეიძლება ასევე მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ხარჯზე.
როგორც ასახულია პენტაგონის შიდა მემორანდუმში, რომელიც Washington Post-მა მარტის ბოლოს გამოაქვეყნა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ ჩინეთის პოტენციური შეჭრის შეჩერება ტაივანში მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და ამის გაკეთება მოითხოვს პენტაგონისგან "სხვა თეატრებში რისკის აღებას" პერსონალისა და რესურსების შეზღუდვის ფონზე. იგი კვლავ მოუწოდებს მოკავშირეებზე ზეწოლისკენ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, რათა მათ მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და უფრო დიდი როლი შეასრულონ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან - ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან დაპირისპირებაში; შეერთებულმა შტატებმა კი მეტი რესურსი დაუთმოს ჩინეთს.
უკრაინის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მომავალი გაურკვეველია და ზელენსკი, როგორც ჩანს, ცდილობს ჩინური კარტი გაათამაშოს.
ფორუმი