Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ეს ტრეფიკინგია“, - პოლიცია სუროგატების გამოკითხვას აგრძელებს, ადვოკატი დანაშაულის მუხლის დამძიმებას ითხოვს

„ეს ტრეფიკინგია“, - პოლიცია სუროგატების გამოკითხვას აგრძელებს, ადვოკატი დანაშაულის მუხლის დამძიმებას ითხოვს


სუროგატი დედები შრომის ინსპექციის ეზოში, 3 აპრილი, 2025 წელი
სუროგატი დედები შრომის ინსპექციის ეზოში, 3 აპრილი, 2025 წელი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტი განაგრძობს სუროგატი დედების გამოკითხვას. პოლიციამ უკვე მოისმინა 16 სუროგატი ქალი ისტორია, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს უჩივიან. ქალები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ დაპირებული ჰონორარი, რომელიც ათიათასობით დოლარს შეადგენს, არ გადაუხადა.

კომპანია Kinderly-მ ქალები ავტოვაგზლის ტერიტორიაზე, დახურულ ჰოსტელში მარტის ბოლოს, იძულებით შეასახლა.

ჰოსტელის შესასვლელი
ჰოსტელის შესასვლელი

ქალების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. სამი დღის განმავლობაში, ის დილიდან გვიან საღამომდე ესწრებოდა სუროგატი დედების გამოკითხვის პროცესს პოლიციაში.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიება, რომელსაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ქონებრივი დაზიანების კვალიფიკაცია (სსკ-ის 185-მუხლი) აქვს, გაცილებით მძიმე სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს და მას ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლი):

იურისტი ამბობს, რომ ამ საქმეში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სტანდარტებით იკვეთება ტრეფიკინგის სამი მთავარი ელემენტი:

  • ქმედება - დაზარალებულთა ჩამოყვანა საქართველოში სუროგაციის მიზნით;
  • საშუალება - მოტყუება, დაპირების დარღვევა და ქალები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოყენება;
  • მიზანი - რეპროდუქციული შრომის ექსპლუატაცია, რისთვისაც მათ არ მიუღიათ ანაზღაურება.


ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი
ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი

„ეს არ არის კლასიკური ტრეფიკინგის შემთხვევა - პასპორტის ჩამორთმევა ან გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ეს შემთხვევა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის სამართლებრივ სტანდარტებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹-ე მუხლი პირდაპირ ასახავს სწორედ ამგვარ ქმედებებს, როდესაც ხდება პირის გადაბირება, გადმოყვანა და ექსპლუატაცია მოწყვლადი მდგომარეობის გამოყენებით.

სუროგატი ქალები ყოველდღიურად იკითხებიან და, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხვაზე არიან დაბარებულები კომპანიის წარმომადგენლებიც.

თუმცა, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმართული იყოს არა მხოლოდ ფაქტების აღრიცხვაზე, არამედ მტკიცებულებებზე, რომლებიც სწორედ ტრეფიკინგის ნიშნებს ეხება, მათ შორის, ექსპლუატაციის სქემებსა და კონტრაქტებით შენიღბულ იძულებას“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი, რომელიც ასევე იშველიებს საერთაშორისო ოქმებსა და დირექტივებს.

პალერმოს ოქმი და ევროკავშირის 2011/36/EU დირექტივა აღიარებენ სუროგატ ქალთა მოტყუებასა და იძულებას როგორც ტრეფიკინგის ფორმას, თუნდაც ეს ხდებოდეს თანხმობის გზით.

საერთაშორისო დონეზე ადამიანით ვაჭრობა განისაზღვრება გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმით - ე.წ. პალერმოს ოქმით („ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“), რომელიც საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტია.

პალერმოს ოქმის მიხედვით, ადამიანებით ვაჭრობა გულისხმობს მის გადაბირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას მოტყუების, თაღლითობის, ძალაუფლების ან ადამიანის მოწყვლადობის ბოროტად გამოყენებით, ან ფინანსური სარგებლის დაპირებით/გაცემით, ექსპლუატაციის მიზნით.

ექსპლუატაცია კი ასე განისაზღვრება:

  • იძულებითი შრომა,
  • სქესობრივი/რეპროდუქციული სერვისების იძულებითი მიწოდება,
  • მონობა ან მონობის მსგავსი მდგომარეობა,
  • სხეულით კომერციული მანიპულაცია.


ნინო ანდრიაშვილი თვლის, რომ Kinderly-ს სქემით საქართველოში ჩამოყვანილი სუროგატი ქალების მდგომარეობა ზუსტად ასახავს იმ ნიშნებს, რაც "პალერმოს ოქმით" განისაზღვრება როგორც ტრეფიკინგი:

„თითქმის ყველა სუროგატი დედა, ვინც მონაწილეობდა ამ პროგრამაში, არის მარტოხელა ქალი და ფინანსურად უკიდურესად დაუცველი. მათ მონაწილეობა არ მიუღიათ დაბალანსებული ან ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველზე - სუროგაციას დათანხმდნენ მხოლოდ გადარჩენის მიზნით.

ქალებს დაჰპირდნენ კონკრეტულ ჰონორარს მშობიარობის შემდეგ, რაც დღემდე არ მიუღიათ. მათი დიდი ნაწილი განთავსდა კომპანიის მიერ ნაქირავებ ჰოსტელში, უვარგის საცხოვრებელ პირობებში. სუროგატები აღმოჩნდნენ სრულ ფინანსურ დამოკიდებულებაში კომპანიის მიმართ.

მთელი ურთიერთობა ეფუძნებოდა ქალის სხეულის გამოყენებას რეპროდუქციული მომსახურების გასაწევად. მათი სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული დაუცველობა აქცევდა მათ მხოლოდ ბიოლოგიურ რესურსად - კონტრაქტით ფორმალურად, რეალურად კი ექსპლუატაციის ობიექტად“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას.

იურისტი მოუწოდებს პროკურატურას, სათანადოდ შეაფასოს საქმის შინაარსი და მასში შეიტანოს სამართლებრივი სიმართლე: „მოწყვლადი ქალების გამოყენება რეპროდუქციული ექსპლუატაციის მიზნით, ეს არის ტრეფიკინგი, და არა ქონებრივი დავა“, - ამბობს ის.

დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სუროგატი დედების შესახებ რადიო თავისუფლებამ წინა დღეს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებულმა სუროგატმა ქალებმა პოლიციასა და პროკურატურას თებერვალსა და მარტში რამდენჯერმე მიმართეს. პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში დაწერეს არაერთი განცხადება, თუმცა დაინტერესება მხოლოდ გამოკითხვით მთავრდებოდა.

კომპანია Kinderly-მ რომელმაც თბილისში ოფისები მარტის ბოლოს დახურა, სუროგატი ქალების ნაწილი (15 ქალი) შვილებთან ერთად დახურულ ჰოსტელში რამდენიმე დღის წინ შეასახლა.

უკვე თვეებია, რაც კომპანია Kinderly ჰონორარს არ უხდის სუროგატ დედებს. ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული 16 000-22 000 დოლარი მათ არ მიუღიათ.

უკვე თვეზე მეტია, ქალებს აღარც დღიური ანაზღაურება აქვთ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან თავის გატანაში.

ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი - სუროგატი დედები ძირითადად ამ ქვეყნებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.

ჰოსტელში შესახლებული სუროგატი დედების გარდა, კომპანია Kinderly-ს, კიდევ რამდენიმე ათეული სუროგატი ქალი ჰყავს საქართველოში ჩამოყვანილი, რომლებიც კომპანიის ნაქირავებ ბინებში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ. მათგან ერთ-ერთი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და მშობიარობიდან ორ კვირაში საშვილოსნო ისე ამოკვეთეს, რომ მისთვის წინასწარ არ უცნობებიათ.

შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.

კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში და ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. უშვილო წყვილებს კი სუროგატი დედებისა და დონორების მომსახურებას.

ის, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან წერდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG