Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო შესაძლოა ОДКБ-ში გაწევრიანდეს" - რუს პროპაგანდისტებს მადა ჭამაში მოსდით


კრემლის მხარდამჭერი ბლოგერები და მედია მსჯელობენ, თუ რით უპასუხებს ევროკავშირი თბილისში "აგენტების კანონის" მიღებას
კრემლის მხარდამჭერი ბლოგერები და მედია მსჯელობენ, თუ რით უპასუხებს ევროკავშირი თბილისში "აგენტების კანონის" მიღებას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ საქართველოსთვის შეიძლება კარი დაიხუროს. რუსი ბლოგერები ამას „შანტაჟს“ ეძახიან და „ქართულ ოცნებას“ აგულიანებენ, უკან არ დაიხიოს.

„დროა, საქართველომ ერთი მნიშვნელოვანი რამ გაიაზროს. ევროკავშირში შესასვლელად უნდა ჩაიხადონ. თუ არ ჩაიხდიან, ევროკავშირის გარეშე დარჩებიან. სხვა ვარიანტები არაა. შარვლიანად ევროკავშირში არ მიიღებენ“, - წერს პოპულარული სამხედრო ბლოგერი სერგეი კოლიასნიკოვი.

ეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი საპასუხო ზომებს მიიღებს „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცების გამო.

ბორელმა ახსენა საქართველოსთან „პოლიტიკური კონტაქტებისა“ და „მთავრობის ფინანსური დახმარების“ შეჩერება.

მან ასევე თქვა, რომ ვითარების „შემდგომი გაუარესების შემთხვევაში“ ევროკავშირმა შეიძლება „უფრო მეტი ზომა“ მიიღოს.

ეს განცხადებები ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრამდე კი თქვა, რომ მართალია, ამჟამად ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა, „მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება“.

კრემლის მხარდამჭერმა ბლოგერებმა ბორელის სიტყვები მაშინვე აიტაცეს.

„არავითარი ჩარევა შიდა საქმეებში, არავითარი წნეხი, არავითარი მცდელობა მართონ [საქართველო] გარედან“, - სარკასტულად დაწერა პოპულარულმა ბლოგერმა ანატოლი შარიიმ.

შარიი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ქვეყნიდან გაქცეულია, უკრაინა კი მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

„რომ იცოდეთ, ევროკავშირში უცხოეთის აგენტებზე კანონს "დემოკრატიის დაცვა" ჰქვია, საქართველო როცა იღებს მსგავს კანონს, მას "საშინლად ბოროტ ტოტალიტარიზმს" ეძახიან“, - წერს ტელეგრამარხი „რუსეთი დღეს“.

ამ გზავნილს კრემლის პროპაგანდა და „ქართული ოცნება“ ხშირად იმეორებენ. ევროკავშირის არცერთ ქვეყანას (უნგრეთის გარდა) არ მიუღია კანონი, რომელიც სამიზნეში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას.

„ბორელი საქართველოს დაემუქრა, რომ უცხოეთის აგენტებს აღარ დააფინანსებს, თუკი საქართველო აგენტების კანონს არ გააუქმებს. სხვა "ფინანსურ დახმარებას" ევროკავშირი საქართველოს არ უწევს“, - დაწერა კიდევ ერთმა პოპულარულმა არხმა.

არც ესაა სიმართლე. 2019-2024 წლებში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან მიიღო 517 მილიონი ევრო. სამოქალაქო ორგანიზაციებმა - მხოლოდ 47 მილიონი.

ბლოგერების ნაწილი, ტრადიციულად, „ქართულ ოცნებასაც“ გამოესარჩლა.

„დამოუკიდებელ სახელმწიფოს პირდაპირი ტექსტით ეუბნებიან: გააკეთეთ, როგორც ჩვენ გვინდა, ან ცუდად იქნებითო“, - წერს ანონიმური არხი „სტალინ გულაგი“.

დასავლეთი საკუთარი აგენტების ხელით, ცდილობს ჩაითრიოს საქართველო რუსეთთან ომში, „ქართული ოცნება“ კი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს, - ამტკიცებს ბლოგერი მიხაილ სოვეცკი.

ბლოგერებს პროპაგანდის არც სხვა მნიშვნელოვანი მესიჯი დავიწყებიათ - თითქოსდა დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს.

ბორელი მიმართავს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველებს. „მათ არა იმდენად კურსის ცვლილებას სთავაზობენ, რამდენადაც თავად ხელისუფლებისას“, - წერს კიდევ ერთი ანონიმი ბლოგერი.

ერთბაშად რამდენიმე ტელეგრამარხმა კი საკუთარ აუდიტორიას ასეთი კითხვა დაუსვა: „როგორ ფიქრობთ, შეძლებს ბოლოს დასავლეთი საქართველოში ვითარების არევას?“

საქართველო რუსეთის სამხედრო ალიანსში?

ბორელის განცხადებით დაინტერესდა რუსული პრესაც.

შედარებით ნეიტრალური „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ, სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია საქართველოზე.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესზე დაყრდნობით, ავტორი წერს, რომ საქართველოს „ბოლო გაფრთხილებას მისცემენ, რადგან სანქციები ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს“.

ბიზნესგამოცემა „კომერსანტი“ კი წერს, რომ საქართველომ „ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა“.

ამასობაში კი, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკამ კრემლიდან მორიგი ქათინაური მიიღო.

საქართველო „სულ უფრო იაზრებს, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. მათ გაიაზრეს და არ სურთ, რომ გამოიყენონ პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ“, - თქვა რუსეთის ვიცე-პრემიერმა რუსლან ოვერჩუკმა.

აი, პროკრემლისტური გამოცემა „სვობოდნაია პრესა“ (თავისუფალი პრესა) კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქართველო მალე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) გაწევრიანდეს.

კრემლის ინიციატივით შექმნილი ეს სამხედრო ალიანსი აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყურგიზეთსა და ტაჯიკეთს. საქართველომ ის 1999 წელს დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ კი - მეზობელმა სომხეთმაც.

„სვობოდნაია პრესას“ არავითარი მტკიცებულება არ მოჰყავს ამ მოსაზრების გასამტკიცებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG