რუსეთის მიმართ მკაფიო იმედგაცრუების ფონზე, სომხეთი ურთიერთობებს აღრმავებს ევროკავშირსა და აშშ-სთან.
მაგრამ ერევნისთვის კვლავ მძიმე ტვირთად რჩება რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში.
პარალელურად, სომხეთის დედაქალაქში გრძელდება მასშტაბური საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. დაშავდა ათეულობით ადამიანი. პარლამენტის შენობის წინ კარვების ქალაქია გაშლილი.
ბლოკიდან გამოსვლა გადაწყვეტილია
13 ივნისს, კვლავ პარლამენტში გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბლოკში დარჩენის მიზანი არ არის ასახული „მთავრობის 2021-2026 წლის გეგმაში“ და, რომ „შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ОДКБ-დან გამოსვლა იქნება“.
კონკრეტულ თარიღს ჯერ არ ასახელებს, მაგრამ პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს „შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება ერთ წელში, შეიძლება სამ წელში“ მოხდეს.
ОДКБ-ს ფაშინიანმა "კავშირი-ბუშტი" უწოდა 12 ივნისსაც, როცა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. რუსული ბლოკის წევრები მან სომხეთის წინააღმდეგ მოქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ОДКБ-ზე უარის თქმა სპონტანური გადაწყვეტილება არ არის და ის წლების განმავლობაში მწიფდებოდა და ყველაფერი ამისკენ მიუთითებდა - რუსეთის მიმართ იმედგაცრუების ფონზე.
მაგრამ ასე პირდაპირ და გადაჭრით ეს პირველად ითქვა.
- უკვე ერთ წელზე მეტია - სომხეთი ბოიკოტს უცხადებს ОДКБ-ს და არ მონაწილეობს შეხვედრებში, სამხედრო სწავლებებსა და ბლოკის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში.
- 2024 წლის აპრილში, ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ - არა აქვს პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვაზე - რატომ რჩება სომხეთი ОДКБ-ში.
- 2024 წლის 8 მაისს სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს ფინანსურ მონაწილეობას ОДКБ-ში.
- 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გაყინავს ურთიერთობებს ОДКБ-სთან.
რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთთან საერთო ენას გამონახავს.
„რაც შეეხება სომხეთს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს სომეხ მეგობრებთან, გავარკვევთ მათ პოზიციას და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივემხრობით პარტნიორულ და სამოკავშირეო ურთიერთობებს“, - უთხრა ჟურნალისტებს 13 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ფაშინიანის განცხადებების კომენტირებისას.
კრემლის სპიკერის განმარტებით, რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს საკუთარ პრიორიტეტებს, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრიორიტეტებს ОДКБ-ს წევრი ქვეყნებიც იზიარებენ. მან ასევე დასძინა, რომ ეს ინტერესი სომხეთსაც უნდა ჰქონდეს.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ОДКБ-დან სომხეთის გასვლა რუსეთთან დაშორების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რაც „უდავოდ შეასუსტებს რუსეთის ზეგავლენას რეგიონში“, მაგრამ ამით ძალთა ბალანსი ვერ შეიცვლება, თუკი სომხეთის ქალაქ გიუმრიში დარჩება რუსული სამხედრო ბაზა.
„ეს ბაზა სიმძიმის ცენტრია სომხეთისთვის და გადამწყვეტი წერტილია საქართველოსთვისაც - სამხედრო საფრთხის მატარებელ გარემოში. ამ ბაზის გამო, ჩრდილოეთის გარდა, რუსეთის შესაძლო სამხედრო ზემოქმედების ქვეშ საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაც ექცევა... ეს საფრთხე თუ მოიხსნება, მნიშვნელოვნად გაუადვილდება საქართველოს თავდაცვის გეგმებისა და სისტემის შემუშავება“, - ვახტანგ კაპანაძე შესაძლებლად თვლის გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული კონტრაქტის გადახედვას, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული - რა საფასურის გადახდა მოუწევს ამისათვის სომხეთს.
2010 წლის აგვისტოში განახლდა 1995 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, "გიუმრის ბაზა" სომხეთში 2020 წლამდე უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ვადა 2044 წლამდე გახანგრძლივდა. სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს მისცა რუსეთმა სომხეთს საგანგებო სამხედრო დახმარების პირობა, რომელიც არ შეასრულა.
რუსეთის არასაიმედო მოკავშირეობის დასტურად, ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ - ერევანმა ვერ მიიღო რუსეთის მხარდაჭერა ვერცერთ ეტაპზე, აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის საკითხის სამხედრო გზით გადაჭრის პროცესში.
- 2022 წლის სექტემბერში, ერევანი ამაოდ სთხოვდა რუსეთსა და ОДКБ-ს სხვა მონაწილეებს, დახმარებოდნენ სამხედრო ოპერაციაში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ.
- 2023 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანმა დაასრულა 2020 წლის ომით დაწყებული პროცესი და ხანმოკლე სამხედრო ოპერაციით, კონტროლი დაამყარა ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.
- 1990-იანი წლებიდან სადავო - მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა გაუქმდა.
ერევნის კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთში მუდმივად აცხადებდნენ, რომ მათ ფუნქციებში არ შედიოდა აზერბაიჯანის შეტევების აღკვეთა.
12 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა რუსი სამხედრო კონტინგენტის გასვლის პროცესი. "პირადმა შემადგენლობამ, შეიარაღებამ და მშვიდობის დამცველთა კონტინგენტის ტექნიკამ მთლიანად დატოვა ჩვენი ტერიტორია", - განაცხადა ბაქომ.
სომხეთი დასავლეთისკენ მიდის
მოსკოვში არაერთხელ მიანიშნეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებს „მიზანმიმართულად ანგრევს“. 2024 წლის მარტში ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ილაპარაკა და მედიას დეტალები გაუზიარა.
- ლავროვი ამბობს, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი რუსეთის მხრიდან დახმარების მიღებაზე, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში და „უპირატესობა მიანიჭა მუშაობას ევროკავშირთან და აშშ-სთან“, რუსეთის გაუფრთხილებლად.
- მისი თქმით, მოსკოვისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა შეთანხმება, მიღწეული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - 2022 წლის ოქტომბერში, პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების შუამავლობით და, რომ „ამან წარმოშვა გაოცება და შეკითხვები სომხეთის მოქმედებებთან დაკავშირებით“.
ევროკავშირის გარდა, ბოლო დროს სომხეთმა ნატოსკენ სვლაც გაააქტიურა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ, არაერთხელ შეაქო სომხეთი საგარეო პოლიტიკის გადახედვისა და ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო. მხარეები "ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში მუშაობაზე შეთანხმდნენ.
ვახტანგ კაპანაძე გვეუბნება, რომ ნატოსკენ გზაზე სომხეთს მხარდამჭერების მობილიზება არ გაუჭირდება - „თუკი განითვალისწინებთ სომხეთის მასშტაბურ ლობისა და დიასპორას, რაც აქვს ევროპასა და აშშ-ში“. თუმცა გაწევრიანება ახლო მომავლის პერსპექტივა არ არის. კოლომინამ სომხურ მედიასთან აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევა არც იოლი იქნება და არც ცოტა დრო დასჭირდება.
კრემლი აცხადებს, რომ სომხეთის ნატოსთან დაახლოება რეგიონში მხოლოდ მეტ დაძაბულობას მოიტანს.
კრემლის მუქარის მიუხედავად, ღრმავდება ურთიერთობები აშშ-სთანაც. სომეხი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიზანი - სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანაა.
„სტრატეგიული დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრთან ხაზს უსვამს სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენი დისკუსია ფოკუსირებულია დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, თავდაცვის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ თანამშრომლობაზე“, - დაწერა 11 ივნისს X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა, რომელიც სომხეთს სტუმრობდა.
რადიო თავისუფლებისთვის სომხეთში მიცემულ ინტერვიუში, ო’ბრაიენი საქართველოსაც ახსენებს. ის ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, უსაფრთხოების გარდა, მოიტანდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს. ამ კონტექსტში ის ლაპარაკობს სავაჭრო მარშრუტზე ყაზახეთიდან თურქეთამდე, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ჩათვლით.
„ეს მარშრუტი შეავსებს მეორე მარშრუტს, რომელიც არსებობს და გადის აზერბაიჯანის გავლით საქართველოზე, შავი ზღვისკენ. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს პირველად მისცემს შესაძლებლობას მისწვდნენ მსოფლიო ბაზარს, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე ან ჩინეთზე და, შესაბამისად, ასეთ დამოუკიდებელ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. და, ვფიქრობ, ამით თქვენ დაინახავთ, რომ რეგიონის ეკონომიკები მიიღებენ სარგებელს მეტი ღიაობით, ხალხის გადაადგილებითა და ხალხის შესაძლებლობით - იცხოვრონ, სადაც სურთ... ჩვენ ვისურვებდით ასეთ შედეგს“, - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯიმ ო'ბრაიენმა რადიო თავისუფლებას.
დასავლეთისკენ სვლის მიუხედავად, სომხეთი დღემდე რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად. სომხეთის ეკონომიკა, თითქმის სრულად, რუსეთზეა დამოკიდებული.
აქციები ერევანში - პრორუსული ძალები?
სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეთანხმებას უკავშირდება. მღელვარება გამოწვეულია ფაქტით, რომ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანხმობით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი.
პროტესტს, აპრილის შუა რიცხვებიდან, სათავეში უდგას სასულიერო პირი - ტავუშის ეპარქიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. მისი მთავარი დევიზია „სომეხი, სომხეთი, სამშობლო, ღმერთი“.
53 წლის მთავარეპისკოპოსი ბევრისთვის მოულოდნელად გამოჩნდა და საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სწრაფად დარაზმვა შეძლო. გალსტანიანი მანამდე სომხური ეკლესიის კანადის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.
სომეხი ანალიტიკოსების ნაწილი - აქციების ორგანიზატორთა პრორუსულ კავშირებზე ლაპარაკობს. სხვები კი ასეთ საუბრებს უსაფუძვლოდ თვლიან.
„აქ, ერევანში, საზოგადოება [აქციებს] უყურებს, როგორც რამდენიმე ასეული აქტივისტის პროვოკაციულ ქმედებებს. ძალადობისთვის დაკავებული პირები ძირითადად არიან პოლიტიკური პარტიების/ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებული არიან წინა პრორუსულ რეჟიმთან“, - დაწერა 13 ივნისს, X-ზე, ერევნელმა პოლიტოლოგმა, პროფესორმა ნერსეს კოპალიანმა, ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ.
13 ივნისს, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პროტესტის ორგანიზატორებს შორის არის ყოფილი პრეზიდენტი - რობერტ ქოჩარიანი.
ერევანში დაფუძნებული APRI Armenia-ს უფროსი თანამშრომელი, ბენიამინ პოღოსიანი ამბობს, რომ - ახლა სომხეთში ნაკლებად პოპულარული ძალები "გალსტანიანის მხარდაჭერით ცდილობენ წინსვლას".
ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 12 ივნისს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას, როცა ათეულობით ადამიანი დაშავდა.
13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა პოლიციის მოქმედება შეაქო და თქვა, რომ სომხეთს „არ ჰყოლია და არც ეყოლება სუსტი მთავრობა“. ფაშინიანის ინფორმაციით, 12 ივნისს, აქციაზე შეტაკების დროს - დაშავდა 18 პოლიციელი, 83 მოქალაქე და ყველა ტრავმა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა 100-მდე ადამიანს, მათგან დაახლოებით 70-მა კლინიკა სწრაფად დატოვა. ერთ ადამიანს ხელის თითების ამპუტაცია დასჭირდა.
„გუშინ ამ დარბაზში მე მაჩვენებდნენ ფოტოს და მიმტკიცებდნენ, რომ მოქალაქემ ხელი დაკარგა, მაგრამ, აშკარაა, რომ - ეს არ მომხდარა. ამ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა და და ხელზე სამი თითი მოკვეთეს, რის გამოც ვწუხვარ“, - განაცხადა ფაშინიანმა 13 ივნისს.
იუწყებიან, რომ აქციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალება - ბგერითი ყუმბარები გამოიყენა; ხოლო მოქალაქემ ხელის თითები სწორედ ასეთი ყუმბარის აფეთქების შედეგად დაკარგა. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პარლამენტში განმარტა, რომ დაშავებულმა მიწაზე დაგდებული ყუმბარა ხელში აიღო.
ფორუმი