Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების „დაუყოვნებლივ შემცირებაზე“ საუბრობს


ბორელი ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ მიღების პასუხად საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის გარკვეული საპასუხო ზომების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება
ბორელი ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ მიღების პასუხად საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის გარკვეული საპასუხო ზომების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება

საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საქართველოსთან ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კონტაქტების „დაუყოვნებლივ შემცირებაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ამას კონსენსუსი არ სჭირდება.

ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC).

სხვა მრავალ საკითხთან - უკრაინასთან, ღაზასთან და ბალკანეთთან - ერთად, მინისტრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს.

რა თქვა ჟოზეპ ბორელმა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 24 ივნისს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მან კიდევ ერთხელ დაუჭირა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი და იქვე ჩამოთვალა რამდენიმე საპასუხო ზომა, რასაც ევროკავშირი განიხილავს.

თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს ვითარების მონიტორინგს და შექმნილ ვითარებას საჭიროებისამებრ მოარგებს საპასუხო ზომებს.

ბორელმა თავდაპირველად განაცხადა: „ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას. დავუპირისპირდებით დეზინფორმაციას და გავზრდით საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას“.

შემდეგ თქვა: „ჩვენ შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოსთან. განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერას“.

შემდეგ ასევე განაცხადა, რომ „ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში უფრო მეტ ზომას მივიღებთ“.

ბორელის ამ განცხადებიდან დაზუსტებით არ ჩანს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ზომებზე უკვე შეთანხმდნენ, თუ კვლავ განიხილავენ.

ჟოზეპ ბორელი საქართველოში. 2023 წლის 7 სექტემბერი
ჟოზეპ ბორელი საქართველოში. 2023 წლის 7 სექტემბერი

გარემოებები

თუმცა არსებობს რამდენიმე გარემოება. კერძოდ:

  • ბორელისვე თქმით, პოზიციას, რომ კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26 იზიარებს, თუმცა „პოლიტიკური შეფასების გასაკეთებლად კონსენსუსი არ არის საჭირო“.
  • დამაზუსტებელ კითხვაზე მან ასევე განაცხადა, რომ „გარკვეულ ზომებს სჭირდება წევრი ქვეყნების ერთსულოვნება, მაგრამ პოლიტიკურ შეფასებას არ სჭირდება“.
  • „პოლიტიკური ურთიერთობის დონის შემცირებას არ სჭირდება ერთსულოვნება. ყველა მოიქცევა ასე, თუკი საჭიროდ ჩათვლიან. ვფიქრობ, 26 ქვეყანა ასე მოიქცევა“.
  • ეს საკითხი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ცხადი გახდება მიმდინარე კვირაში ევროკავშირის სამიტზე.

„მთავარი ეჭვმიტანილი“

ბორელს არ დაუსახელებია, რომელიც ქვეყანა არ ემხრობოდა საბჭოზე მინისტრების შეფასებებს საქართველოზე და ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ განხილულ ნორმებს.

თუმცა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე თქვა, რომ „რთული მისახვედრი არ არის“, - რითაც უნგრეთზე მიანიშნა.

ლუქსემბურგში რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, დღევანდელ საბჭოზე, უნგრეთის გარდა, სლოვაკეთის წარმომადგენელიც ეწინააღმდეგებოდა განსახილველ საპასუხო ზომებს.

ვიქტორ ორბანი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოში
ვიქტორ ორბანი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოში

ორივე ქვეყნის ლიდერებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახლო ურთიერთობები აქვს და ორივე ქვეყანა ნაკლებად კრიტიკულია საქართველოს მთავრობისადმი.

როდესაც საპასუხო ზომებზე საუბრობდა, ბორელმა ხაზი გაუსვა: „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლის განუზომლად დიდი ნაწილი ემხრობა დემოკრატიას და მხარს უჭერს საქართველოს მომავალს ევროკავშირის წიაღში“.

სამიტი ახლოვდება

ახლოვდება ევროკავშირის სამიტი.

27-28 ივნისს დანიშნული სამიტის გადატვირთულ დღის წესრიგში საქართველოსთვისაც მოიძებნება დრო.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც ევროპული საბჭო სამიტის დასრულებისას გამოაქვეყნებს.

24 ივნისით დათარიღებული სამუშაო ვერსიის თანახმად, შემაჯამებელ ტექსტში საქართველოზე ასეთი ჩანაწერები შედის:

  • „ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული ნაბიჯებისგან უკანდახევას. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააზუსტონ თავიანთი განზრახვები, შეცვალონ მოქმედების კურსი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე“.
  • „ევროპული საბჭო გამოდის მოწოდებით, შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გახშირებული აქტები საქართველოში. ევროპული საბჭო იხსენებს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“.
  • „ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნებზე არსებითი გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვება. ევროპული საბჭო ასევე გააგრძელებს ვითარების ყურადღებით მონიტორინგს“.
  • „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი და ადასტურებს მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამიტის დასრულებამდე, განცხადების საბოლოო ვერსიას დაემატება ჩანაწერი, რომელიც შეაჯამებს საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების დისკუსიას საპასუხო ზომებზე.

რა შეიძლება „მეტი ზომა“ იყოს?

ჟოზეპ ბორელმა 24 ივნისის პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ საქართველოში ვითარების „შემდგომი გაუარესების შემთხვევაში“ ევროკავშირი „უფრო მეტ ზომას“ მიიღებს.

24 ივნისსვე, საბჭოს დაწყებამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ განაცხადა, რომ სხვა ზომებთან ერთად, ევროკავშირში განიხილავენ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წევრებისათვის შენგენის ვიზების შეჩერებას.

ლუქსემბურგში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილულ ზომებს შორის იყო დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებისათვის ვიზების გაცემაზე უარიც.

რადიო თავისუფლებამ ორიოდე კვირის წინ ასევე მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ შესაძლო ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.

პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ:

  • ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
  • ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
  • ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას.
  • ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას.

დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, - რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, „მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას“, მეორე მხრივ კი, „მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში“, - შეიძლება მიიღონ უფრო მძიმე ზომები:

  • წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
  • შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
  • პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
  • ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
  • საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. ეს საკითხი შესაძლოა შემოდგომაზე განიხილონ, - ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვი“

24 ივნისს, საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან დეზინფორმაციას ისმენს.

„დასანანია, რომ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ოფიციალური აქტორებისგან, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის ვისმენთ დეზინფორმაციას, თითქოს, - მართლაც გასაკვირია, - ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა გარკვევით განვაცხადო: არა! არა!“ - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

„ეს კანონი და მის გარშემო განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. არ შემიძლია ეს ამაზე უფრო მკაფიოდ და უფრო მოკლედ ვთქვა. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG