Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი რანგის პირებისთვის შენგენის სავიზო შეზღუდვები განიხილება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის საპასუხო ზომების საჭიროებაზე საუბრობს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის საპასუხო ზომების საჭიროებაზე საუბრობს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ მიღებისა და ბოლოდროინდელი მოვლენების პასუხად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ზომებთან ერთად, განიხილავენ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წევრებისათვის შენგენის ვიზების შეჩერებას.

ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC).

დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

საბჭოს სხდომამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ განაცხადა, რომ თუკი საქართველოს მთავრობა არ შეცვლის აღებულ გეზს, საქართველო ევროკავშირთან დაახლოებისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამს.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს სია კონკრეტული ზომებისა, რომლებიც ევროკომისიამ შეიმუშავა და რასაც დღეს მინისტრები განიხილავენ.

„იქნება დისკუსია მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის შენგენის სავიზო შეზღუდვებზე“, - განაცხადა მან.

რადიო თავისუფლებამ 14 ივნისს გამოაქვეყნა დეტალები ევროკომისიის დოკუმენტიდან, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.

მათ შორის იყო პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აცნობიერებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.

დღესვე, 24 ივნისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ თუკი საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ საბჭოზე გაიმართება „საორიენტაციო დებატები“ საქართველოზე, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ მიიღებენ.

„ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან თუნდაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით ვითარება სერიოზულია“ და დასძინა, რომ „ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას“.

ცაჰნკას განცხადებითვე, დაახლოებით ერთი თვის წინ ის ლიეტუველ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ნახა, რომ „მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრება“.

„მოსახლეობა ამას მხარს უჭერს, ჩვენ იქ ვიყავით და ეს ვნახეთ“, - განაცხადა ცაჰნკამ და დასძინა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს გარკვეული ზომებით უნდა უპასუხოს.

ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.

ევროკომისიამ 2024 წლის 7 ივნისს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს წარუდგინა ზეპირი ანგარიში უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.

ანგარიშის თანახმად, ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა რეფორმა, რომლებიც რეკომენდაციებში იყო გაწერილი, რაც დიდწილად კანონის უზენაესობის საკითხებს ეხებოდა.

საქართველო ორ ქვეყანას დღემდე ჩამორჩება ინტეგრაციის გზაზე.

ვითარება გააუარესა „აგენტების კანონმა“, რაც, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG