Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Z-ბლოგერები „ოცნებას“: რუსეთს გადაეცით ქართველი მებრძოლები


სუსის განცხადება Z-პროპაგანდამ აიტაცა
სუსის განცხადება Z-პროპაგანდამ აიტაცა

ხელისუფლება ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოკვლას უპირებდნენ და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს გამოკითხვაზე იბარებს. Z-ბლოგერებს უნდათ, ისინი რუსეთს გადასცენ.

Z-პროპაგანდამ მორიგ ჯერზე აიტაცა საქართველოში მიმდინარე ამბები.

“კიევის რეჟიმის ყველა გაშიფრულ ხელის შემწყობს საქართველო რუსეთს გადასცემს”, - წერს 24 ივლისს ერთბაშად რამდენიმე პროპაგანდისტული ტელეგრამარხი.

ქართველი "ტერორისტები"

ბოლო დღეებში სუსი უკრაინაში მეომარ ქართველებს დაკითხვაზე იბარებს.

21 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი “ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა “ინსაიდერს” უთხრა, რომ რუსეთმა მის სამასამდე ჯარისკაცზე ძებნა გამოაცხადა.

24 ივლისს კი სუსმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა და სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

ამაში უწყებამ “უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ძალოვანი უწყებების თანამშრომლები” დაადანაშაულა.

ორ წელიწადზე მეტია, კრემლი საკუთარ მოსახლეობას უმტკიცებს, რომ უკრაინაში ნეონაცისტებსა და ტერორისტებს ეომება. ე.წ. Z-ბლოგერები კრემლს ომის გამართლებაში ეხმარებიან.

ამიტომ სუსის განცხადება მათთვის ნამდვილი საჩუქარი გამოდგა.

ქართველებმა “უნდა აირჩიონ - იყვნენ რუსოფობები და ღატაკები, თუ ნორმალური ადამიანები. ამიტომ მებრძოლების [რუსეთისთვის] გადაცემა მოუწევთ…. ან მოკვლა. ვის რაში სჭირდებიან?!” - დაწერა ცნობილმა სამხედრო ბლოგერმა მიხაილ ონუფრიენკომ.

“გუშინ გმირები, დღეს ტერორისტები”, - სარკასტულად წერს ანონიმური არხი “Z-სპეცრაზმის მთავარანგელოზი”, 1,1 მილიონი გამომწერით.

გამოძიება უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ “ლოგიკური საფასურია [უკრაინაში] რუსების ხოცვისთვის”, - წერს “რიდოვკა", ტელეგრამზე კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი.

“ტერორისტები, რომლებიც რაიხის მხარეს იბრძოდნენ, დაკითხვაზე დაიბარეს”, - ამტკიცებს კრემლის მხარდამჭერი პოლიტოლოგი ალექსანდრ სემჩენკო.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები “რადიკალი-მკვლელები” არიან, - წერს პროპაგანდისტური არხი “დათვი” და ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის აქებს.

საქართველოს აქებს ასევე უკრაინელი პოლიტიკოსი დმიტრი ვასილეცი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას მხარს უჭერს.

“ყოველი ქართველი მებრძოლი, რომელიც ნატოს მხარეს უკრაინაში იბრძოდა, საქართველოში ნორმალურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებს”, - წერს იგი.

ქათინაურები “ოცნებას”

Z-პროპაგანდამ აიტაცა 24 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც.

კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის მკვლელობას გეგმავდნენ “იგივე გლობალური პოლიტიკური ძალები”, რომლებმაც სცადეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მოკვლა.

მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა. მაგრამ ქათინაურები უმაგისოდაც მიიღო.

“უცხოეთის აგენტების კანონი საქართველოზე სუფთა ჰაერივით მოქმედებს”, - ამბობს ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი.

“ასე ხდება, როდესაც წესრიგის დამყარებას იწყებენ ქვეყანაში, რომელიც აქამდე თავს მოხვეული აზრებით იყო გაბრუებული… საქართველოს გზა კეთილგონიერებისკენ გრძელდება”.

რობერტ ფიცოსა და დონალდ ტრამპზე თავდასხმის ხსენებით, “პარტია აზუსტებს საკუთარ პოზიციონირებას. ის ჯერაც ცდილობს, საქართველო დასავლეთის ნაწილად აქციოს. მაგრამ სხვა დასავლეთის”, - წერს ტელეგრამარხი “მემკვიდრე”.

კობახიძემ “საქართველოს ხელისუფლება "დასავლური სამყაროს წინააღმდეგ მეამბოხეებთან" ერთ რიგში ჩააყენა“, - წერს კიდევ ერთი პროპაგანდისტული არხი.

ისევ გადატრიალება

ბოლო ათ წელიწადში “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხის მუხლებით გამოძიება თითქმის ათჯერ დაიწყო.

ბოლოს ეს შარშან სექტემბერში მოხდა.

იქიდან მოყოლებული, საქართველოში დაგეგმილ “ევრომაიდანზე” ხშირად ლაპარაკობენ კრემლის პროპაგანდისტებიც. ყოველ ჯერზე - მტკიცებულებების გარეშე.

“ივანიშვილის მოკვლის მცდელობა საქართველოს კურსის კორექტირებას ისახავს მიზნად”, - წერს Z-ბლოგერი ბორის როჟინი.

ის დიდი ხანია ამტკიცებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებს აშშ და ევროკავშირი აფინანსებენ, უფრო სწორად კი - მათი ლიბერალური ელიტები.

ხშირად იმეორებს რუსული პროპაგანდა შეთქმულების თეორიას “გლობალური ომის პარტიის” შესახებაც.

თარგი ერთია - საქართველო რუსეთთან ომში უნდა ჩაეთრიათ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაუშვა. მათ შორის, “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღებით.

ივანიშვილი დასავლეთმა სწორედ ამ კანონის მიღებისთვის უნდა დასაჯოს. “გლობალისტები ტერორის ტაქტიკაზე გადავიდნენ”, - წერს პროპგანდისტული არხი “რია კატიუშა”.

მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანამებრძოლები საქართველოში არავისზე თავდასხმას არ გეგმავენ.

“ჩვენი სამუშაო იმით შემოიფარგლება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუს ტერორისტებს ვხოცავთ“, - უთხრა მან “ინსაიდერს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG