კრემლის ასეთი ყურადღება იმის აშკარა ნიშანია, რომ საქართველოში მიმდინარე ამბები მისთვის მნიშვნელოვანია.
ბრძოლა „გრანტიჭამიებთან“
„საქართველოში ხინკლის მაიდანი გრძელდება” - პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
„...უკრაინის ბედი უნდათ [გაიზიარონ]” - სამხედრო ბლოგერი, იური პოდოლიაკა.
„საქართველო... [აგენტების კანონის მიღებით] ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ეს მიზანდასახულობა მხოლოდ ქების ღირსია” - რიდოვკა, უმსხვილესი პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
„მომიტინგეები პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობენ” - სოტა, პოპულარული ტელეგრამარხი.
„კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს ჯოხს, და კანონიერი საფუძველი ექნება ჩაარტყას ეს ჯოხი სხვადასხვა დასავლელ გრანტიჭამიას. გრანტიჭამიებს ეს ესმით. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა არ დაუშვან კანონის მიღება” - სამხედრო ჟურნალისტი ბორის როჟინი.
ეს მხოლოდ რამდენიმე ციტატაა, რომლებიც 1 მაისს, ღამით, მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე პროკრემლისტურ ტელეგრამარხებზე ამოვიკითხეთ.
სანამ პოლიცია ჭყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით, (და, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით, საქართველოს შსს ამტკიცებს, რომ პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია) მშვიდობიან დემონსტრაციას შლიდა, პროპაგანდისტები ისევ პარლამენტის შტურმსა და დასავლეთის მოწყობილ არეულობაზე წერდნენ.
პარალელური რეალობა
უკვე მერამდენე დღეა, თბილისში მიმდინარე მოვლენები კრემლის პროპაგანდის ყურადღების ცენტრშია.
სამივე სახელმწიფო ტელევიზია აქციებზე საინფორმაციო გამოშვებების პირველსავე წუთებზე ჰყვება.
ორჯერ ორი ოთხია. როცა კრემლისთვის რაღაცა მნიშვნელოვანია, მისი მედია რეალობას საკუთარი ინტერესების შესაბამისად ამახინჯებს.
ბოლო დღეების ახალი ამბების მოკლე შინაარი: საპროტესტო აქციები დასავლეთის ორგანიზებულია. მიზანი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა, საკუთარი „აგენტების” დაცვა და „ქართული ოცნების” ჩამოგდებაა.
2 მაისს, დილით, რუსული ტელევიზია ჰყვებოდა, რომ მომიტინგეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს. „პოლიციამ ისინი მოიგერია”, - თქვა როსია 24-ის წამყვანმა და საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით დაამატა, ორი დღის მანძილზე შვიდი პოლიციელი დაშავდაო.
არცერთი სიტყვა პოლიციის მიერ ნაცემ, წიწაკის სპრეითა და გაზით დაშავებულ ხალხზე. არც რეზინის ტყვიების სავარაუდო გამოყენებაზე. ცხადია, არც იმაზე, რომ სახალხო დამცველის თქმით, 30 აპრილს დაკავებულთა ნახევარი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე.
პოლიციური ძალადობა, ბოლო დროს კი ბრალდებულთა საჩვენებელი წამება, რუსეთში დიდი ხანია ნორმაა და სახელმწიფო ტელევიზიაზე მის შესახებ არ ჰყვებიან. ცხადია, სხვა ამბავია, თუკი ძალას პოლიციელები ევროკავშირში ან აშშ-იში გადაამეტებენ.
ერთ მუშტად
ტელეგრამ-პროპაგანდისტების და ტელევიზიის აქცენტები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ კრემლისთვის საჭირო მომენტებში ისინი შეხმატკბილებულები არიან.
ასე იყო, მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაზე თავდასხმის დროს.
ახლაც ეგრეა. რევოლუცია, რადიკალები, დასავლეთის დამქაშები, სუვერენიტეტის საფრთხე, უცხოეთის აგენტები - პროპაგანდის აქცენტები ყველგან იდენტურია. ხშირად, ამ აქცენტებს იმეორებს ქართული ხელისუფლებაც.
„დასავლეთი აგრძელებს „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, - წერს პრეზიდენტობის ყოფილი “კანდიდატი”, პოლიტიკოსი ლეონიდ სლუცკი.
„საქართველოს პარლამენტთან ისევ მაიდანს აწყობენ უცხოეთის აგენტებზე კანონის საწინააღმდეგოდ… აი, რატომ უნდა გააძევო ამერიკული სტრუქტურები ნებისმიერი ქვეყნიდან”, - წერს კიდევ ერთი Z-არხი.
მაგრამ Z-ბლოგერები ხანდახან საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას აძლევენ, რაც ეთერში არ ხვდება.
მაგალითად, ე.წ. სამხედრო ჟურნალისტი ბორის როჟინი კიდევ ერთ პოსტში ხალისობს აქციაზე გადაღებულ ვიდეოზე. კადრში ჩანს, რომ მომიტინგეები ვერ ახერხენ წყლის ჭავლის შეკავებას.
„სუსტმა ბარიკადებმა ვერ გაუძლო. დროშა დაკარგეს”, - წერს იგი.
ფორუმი