Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდის პროტესტი?


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. "არა რუსულ კანონს". 2024 წლის 1 მაისი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. "არა რუსულ კანონს". 2024 წლის 1 მაისი

„ქართული ოცნების“ თბილისში გამართულმა დიდწილად პარტიულმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ წარმოთქმულმა „საპროგრამო სიტყვამ“, მისმა განცხადებამ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება, ვერ გააჩერა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები.

პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მრავალრიცხოვნებისა და აგრესიის მიუხედავად, 1 მაისის დილას პარლამენტის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იდგნენ.

  • რა უპასუხა საზოგადოებამ ივანიშვილის გამოსვლას?
  • რა აჩვენა 30 აპრილი - 1 მაისის ღამემ - საით მიდის პროტესტი?

ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე თქვა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიციირებისთვის საუკეთესო დრო შეარჩია, რადგან საპროტესტო ენერგია, რომელიც, მისი თქმით, შემოდგომისთვის, არჩევნებისთვის, უნდა დაგროვებულიყო, ახლა ქუჩაში ნაადრევად განიავდება.

იურისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, 1 მაისის ღამის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საპროტესტო ტალღის ძალის განეიტრალების რესურსი.

„2009 წლიდან აქციების დაშლის კანონიერების პროფესიული შეფასება მიწევს კოლეგებთან ერთად. ამ პროცესში ლამის ყველა კადრს ნახულობ, აკვირდები და გარკვეული გამოცდილება გიგროვდება. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმი მაშინ არის ეფექტიანი, თუ მისი რაოდენობა მოქალაქეებს რამდენჯერმე აღემატება.

გაიხსენეთ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციები, რაც აქამდე გვინახავს. პოლიცია მაშინ იწყებდა მუშაობას, როცა პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა მინიმუმს აღწევდა და დემონსტრანტების რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაც აღარ იყო.

წელს და შარშან ორი უპირატესობაა ჩვენს მხარეს: 1. ვისწავლეთ, რომ გაზის გაფანტვის შემდეგ უკან ვბრუნდებით და 2. აქციას მუდმივად ემატება ხალხი. ეს ჩანაცვლება და როტაცია დიდი ძალაა. ხელისუფლება კი ამის ნაკლებობას განიცდის“, - წერს Facebook-ზე ვახუშტი მენაბდე, რომლის თქმითაც, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხელისუფლება დიდი ხანი ვერ გაუძლებს ხალხის მშვიდობიან ზეწოლას და კანონის უკან გაწვევა მოუწევს.

ფილოსოფოსი და ილიაუნის ყოფილი რექტორი, გიგა ზედანია კი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოების ძალისხმევა, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის ევროპულ ორიენტაციასა და იდენტობაზე, გადაიმტერა ყველა მეგობარი და გაახარა მტერი, საზოგადოების ევროპულობის მაჩვენებელია.

„საქართველო ამ კანონთან მიმართებით უკვე მეორეჯერ აჩვენებს, რომ, მიუხედავად რუსეთის ორასწლიანი ბატონობისა, რუსეთი არ არის. ევროპა არც ისე შორსაა“, - ამბობს გიგა ზედანია, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ოპტიმიზმი ქუჩაში გამოსული საზოგადოების ტემპერამენტის ამბავი უფროა, ვიდრე არგუმენტისა:

„რუსეთში ეს კანონი უპრობლემოდ მიიღეს. ხელისუფლებამ მუხლზე გადაამტვრია სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომაც დღეს, მიუხედავად იმისა, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი რუსეთს ევროპული კულტურის განვითარებაში, ის არ არის ევროპის ნაწილი“.

გიგა ზედანია, ფილოსოფოსი და ილიაუნის ყოფილი რექტორი
გიგა ზედანია, ფილოსოფოსი და ილიაუნის ყოფილი რექტორი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს ფაქტობრივად დააანონსა ავტორიტარიზმი, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნება და გაანადგურებს ე.წ. კოლექტიურ ნაცებს.

„კოლექტიურ ნაცებში“ ის გულისხმობს თითქმის ყველა უკმაყოფილო თვითორგანიზებულ ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომელიც უნდა გაანადგუროს პოლიტიკურად და სამართლებრივად.

ბოლო პერიოდში აქციების დაშლის სტრატეგიები და ტექნოლოგიებიც აჩვენებს, რომ ხელისუფლება უკომპრომისოა და სამართლებრივი სტანდარტების გარეშე იყენებს ძალას, შლის მშვიდობიან აქციებს, ეს კი არის იმის სიმპტომი, რომ ივანიშვილის სისტემა ყველაფერზე წავა იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, რაც ისტორიულად ძალიან ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ივანიშვილსა და მის გარშემო მყოფ ფიგურებსაც“.

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი

თუმცა თამთა მიქელაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის შესაქმნელად არ ეყოფათ რესურსები, კერძოდ:

  • ეკონომიკური რესურსები ან ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ახალ აკუმულაციას ქმნის
  • მასობრივი იდეოლოგია
  • სათანადო, ამისთვის მომზადებული რეპრესიული ინფრასტრუქტურა
  • მაღალი ლეგიტიმაცია (შიგნით, გარეთ)

„ქართულ ოცნებას არცერთი არ აქვს. და მეორე. პლუს საერთაშორისო ზეწოლა. დღეს „ოცნებას“ არცერთი პარტნიორი, რუსეთის და უნგრეთის გარდა, არ ჰყავს. ყველა დონეზე ძალიან მკაცრი განცხადებები კეთდება და აშკარად ისმის ინდივიდუალური სანქცირების მუქარაც.

ეს იზოლაცია მათ ძალიან მძიმე საფრთხეებს შეუქმნის. ეს შეიძლება დაუკავშირდეს რაღაცა ტიპის რესურსებს, რომელსაც ისინი თითქოსდა თავისი სახელით ხარჯავენ ამ ქვეყანაში და ვხედავთ, რომ ეს მილიარდები საერთაშორისო დაფინანსებიდან მოდის USAID-ის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნების მხრიდან.

ამიტომ ამ იზოლაციამ შეიძლება ძალიან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი მიიღოს და, მგონია, რომ იმდენად არასიმეტრიულია მათი ის რესურსები, რომლებიც ავტორიტარიზმს სჭირდება - ძლიერი ეკონომიკა, მასობრივი იდეოლოგია, მაღალი ლეგიტიმაცია, რეპრესიული ინფრასტრუქტურა და ა.შ., ეს არაფერი არ აქვს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ის განწირულია ძალიან მძიმე მარცხისთვის, სწორედ ამიტომ ვურჩევ ხელისუფლებას ვითარების ნორმალიზებას და კონკურენტული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და საზოგადოების ნების გათვალისწინებას“.

1 მაისს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელ X-ით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს: "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაციებით იცავენ ევროპულ ფასეულობებს. გაიწვიეთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ნუ დააქცევთ საქართველოს მომავალს, რომელიც შიგ ევროპის გულშია!"

თამთა მიქელაძის თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ ორი ფაქტორი - ქართული საზოგადოებისა და რუსეთისა.

1. ქართული საზოგადოება - "საზოგადოებას აქვს სტიქიური პასუხი, რომელიც არის უკიდურესად თვითორგანიზებული და ხმამაღალი საგარეო პოლიტიკის შემობრუნებისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართ.

ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდებიც და სხვა თაობის წარმომადგენლებიც.

ამ პროცესებს არ ჰყავს ლიდერი, გავლენიანი ორგანიზატორები, ეს ხალხი გამოდის თავისით, სტიქიურად და არ ტოვებს ადგილს, იქით ღლის სპეცრაზმს, ძალიან აშკარაა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ენერგეტიკული თუ ტექნოლოგიური უპირატესობა მძიმე რობოკოპებზე.

აშკარაა, რომ ეს საზოგადოება წინააღმდეგობას არ შეწყვეტს და ეს იქნება დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის, დისკომფორტის რაღაც ტიპის ტალღა, რომელიც ჩიხში შეიყვანს „ქართულ ოცნებას“. საზოგადოება იმყოფება მასობრივი უკმაყოფილების და წინააღმდეგობის მდგომარეობაში. „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათთვის ადვილი არ იქნება ამ წინააღმდეგობის დასუსტება".

2. რუსეთის ფაქტორი - "არსებობს დიდი რისკი, რომ რუსეთი და რუსული ფაქტორები ღიად შემოიტანონ სხვადასხვა გზებით. ეს არის ალბათ ყველაზე მძიმე საფრთხე, თუმცა, თუ ელექტორალური დემოკრატია არ გააუქმეს, რუსული ინტერესების ღია ინტერვენცია „ოცნებას“ ელექტორალურად გაანადგურებს. მჯერა, რომ „ოცნებას“ ჯერ კიდევ ჰყავს ზომიერი პროევროპული ამომრჩეველი. მათთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, რომ ქუჩაში ხმაური არის ნამდვილი და ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. „ოცნება“ უკიდურეს უმცირესობაში აღმოჩნდება".

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, დავით ბრაგვაძის თქმით, საჯარო სამსახურში ბევრია ისეთი კეთილსინდისიერი და პროფესიონალი სპეციალისტი, რომელიც იზიარებს საპროტესტო გამოსვლების სულისკვეთებას.

„გუშინ და წინა დღეებში არაერთი საჯარო მოხელე იდგა ჩემ გვერდით და სიახლოვეს. ისეთებიც არიან, რუსთაველი დილის 4-5 საათზე რომ დატოვეს, მზის ამოსვლის შემდეგ მივლინებაში წავიდნენ და საღამოს ისევ რუსთაველზე იდგებიან. ეს არის ამ ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.

ეს ადამიანები ძალიან ბევრს დებენ სასწორზე, მაგრამ იციან, სხვა შემთხვევაში მათი სამსახური აზრს დაკარგავს, რადგან ქვეყნის სამსახური აღარ იქნება. ახლაც ყველას ვუდასტურებ პატივისცემას. ვინც აქციაზე დგას, ვინც ბედავს და რამეს საჯაროდ წერს, ვინც უბრალოდ სახელმწიფო უწყებების კედლებში "ახურებს"...

თუმცა მე იმათი დუმილის მაინც ძალიან გამკვირვებია, ვინც მთელი ცხოვრება შეალია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას... ჩემამდე არ დადის, რანაირად შეუძლიათ მაგალითად დიპლომატიურ სამსახურში მყოფთ ასე მდუმარედ გააგრძელონ მუშაობა, როცა ყველაფერი ინგრევა, რაც მათი ხელით შენდებოდა...“ - დაწერა Facebook-ზე დავით ბრაგვაძემ, რომელმაც იქვე გაიხსენა ლევან მიქელაძე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, დატოვა სამსახური.

რატომ არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას მედასავლეთე მოხელეები, განსაკუთრებით დიპლომატები? სამსახურის დაკარგვის ეშინათ, აშანტაჟებენ თუ მაინც სჯერათ, რომ კურსი არ იცვლება? - რადიო თავისუფლების ამ კითხვის პასუხად დავით ბრაგვაძე ამბობს, რომ რაღაც დოზით ყველა ფაქტორი მუშაობს:

„ნაწილს ალბათ იმედი აქვს, რომ კვლავ არ გავა კანონი და მშვიდად მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ გასვლის შემთხვევაში, ვიღაცებმა დატოვონ თანამდებობა. გარკვეულწილად, ხავსს ებღაუჭებიან“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG