Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ყველაფერი ამოყირავდა“ - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოზე მსჯელობენ


“2024: გარდამტეხი წელი“ - ამ სახელით გაიხსნა 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში, თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებიან ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მისასალმებელი სიტყვა დევიდ კრამერს, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ერგო, რომელმაც თქვა, რომ წლევანდელ კონფერენციაზე ქართველი პოლიტიკოსები არც ერთ პანელში გამოვლენ, თუმცა მათ შეუძლიათ, კონფერენციას დაესწრონ და კითხვები დასვან.

„ვითარება ძალიან პოლარიზებული და პოლიტიზებულია“, - თქვა კრამერმა, - „ჩანს, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა“.

კონფერენციას ესწრებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ აღარ არიან.

კონფერენციის პირველი სესია საქართველოს მიეძღვნა. მას უძღვებოდა იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში (2015-2018 წლებში), აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი.

იან კელის თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას შეუწყვეტდა.

„ეს ქვეყანა ლამის გენებშია პროდასავლური“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

„მაგრამ არა მგონია გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვი, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საქართველოში ყველაფერი ამოყირავდა“.

“პროდასავლური ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მთავრობის დონეზე რაც ხდება, გამაოგნებელია.

დასავლეთისთვის ზურგის ქცევა წლებია მიმდინარეობს, მაგრამ [აშშ-ის და საქართველოს] ურთიერთობების ცვლილების მაპროვოცირებელი უცხოეთის აგენტების კანონი იყო“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.

იმავე პანელზე სიტყვით გამოდიოდნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.

“არ გვაინტერესებს, თუ აქტივებს გაგვიყინავენ“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა. მისი თქმით, ქართული სამოქალაქო საზოგადოება კვლავინდებურად გააგრძელებს საქმიანობას.

2 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონი, რომელსაც კრიტიკოსები „აგენტების კანონის“ ან „რუსული კანონის“ სახელით მოიხსენიებიენ, ორგანიზაციებს ავალდებულებს, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირდნენ.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა დარეგისტრირებას არ აპირებს და მისი ვარაუდით, ორგანიზაციების მხოლოდ 3% თუ იზამს ამას. თუმცა ქეთი ხუციშვილმა დასძინა, რომ ამისდა მიუხედავად, კანონი მაინც სახიფათოა:

„თუ [„აგენტების“] კანონი დიდხანს დარჩება, გაჩნდება სტიგმა.

გარდა ამისა, ჯარიმები, რასაც კანონი ითვალისწინებს, მცირე სულაც არაა“.

ქეთი ხუციშვილის თქმით, მსხვილი ჯარიმების გადახდა საქართველოში ბევრ ორგანიზაციას გაუჭირდება.

პანელის კიდევ ერთმა მონაწილემ, საქართველოს “ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ში ყოფილმა ელჩმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს “დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის დიდი ბრძოლის” ნაწილი უწოდა.

ბათუ ქუთელიას თანახმად, საქართველოს საგარეო ორიენტაციის ცვლილება პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებასთან.

“ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მომხდარა, ამას ხანგრძლივი ტრაექტორია ჰქონდა”, - თქვა დიპლომატმა საქართველოს მთავრობის დასავლეთისგან შემობრუნებაზე.

ბათუ ქუთელიამ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის პარალელურად, საქართველოს მთავრობა უახლოვდება ავტორიტარულ რეჟიმებს.

აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამის მაგალითად მოიყვანა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი თეირანში, სადაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას რამდენიმე საათში მოკლულ ჰამასის ლიდერთან, ისმაილ ჰანიესთან ერთად დაესწრო.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და სამშაბათს, სამ სექტემბერს დაიხურება აშშ-ის არჩევნებისადმი მიძღვნილი სესიით

ფორუმი

XS
SM
MD
LG