Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" და დასავლური სიკეთეები


შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი კი აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესის სკოლაში სწავლობს.
შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი კი აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესის სკოლაში სწავლობს.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ კვლევიდან ვლინდება, რომ იმ ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ევრო-ატლანტიკური საგარეო ორიენტაციიდან გადახვევას ედავებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები აგრძელებენ დასავლური მატერიალური სიკეთეებით სარგებლობას.

მათ შორის პირველ რიგში განათლება და ჯანდაცვაა. გარდა ამისა, „ოცნების“ არაერთი დეპუტატის შვილი დასავლეთის ქვეყნებშია დაბადებული და ზოგიერთი იქაურ მოქალაქეობასაც ფლობს.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაბადებული ალუდა ღუდუშაურის ორი შვილი, ასევე ბექა ოდიშარიას და გია ვოლსკის შვილები. აშშ-ის მიწაზე დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ავტომატურად იღებს აშშ-ის მოქალაქეობას. ბუნებრივია, ეს ჩამოთვლილი დეპუტატების შვილებზეც ვრცელდება.

გარდა ამისა, დავით სონღულაშვილისა და ავთანდილ ენუქიძის შვილები საფრანგეთში დაიბადნენ, ანრი ოხანაშვილის - გერმანიაში, ბაია კვიციანის შვილი კი - ლონდონში.

ევროპაში არიან დაბადებულები პოლიტიკაში გადანაცვლებული ფეხბურთელების, ლევან კობიაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის შვილებიც. კობიაშვილმა, რომელიც 2015 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეცაა, საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი, 16 წელი, გერმანიაში გაატარა. შესაბამისად, იქაა დაბადებული მისი ორი შვილი.

მიხეილ ყაველაშვილის შვილები დაიბადნენ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში, სადაც აგრესიული რიტორიკით გამორჩეული დეპუტატი ფეხბურთელობისას თამაშობდა.

„თუ ისეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, არ მინდა ასეთი ევროპა და ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები.

ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, პრინციპებს - უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრმა რომ კანონპროექტის ინიციირება გააკეთოს”, - ამბობდა მიხეილ ყაველაშვილი 2023 წელს, როცა “ქართულმა ოცნებამ” პირველად სცადა “აგენტების კანონის” მიღება და მოგვიანებით უკან გაიწვია, ვიდრე მომდევნო წელს თითქმის უცვლელად შემოაბრუნებდა და საბოლოოდ მიიღებდა. მიხეილ ყაველაშვილი მაშინ „ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრი იყო.

„ხალხის ძალა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.

„ოცნება“ დასავლური განათლებით

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ არაერთი დეპუტატის შვილმა მიიღო სასკოლო და უმაღლესი განათლება ევროპულ და ამერიკულ სასწავლებლებში. ზოგი დღესაც იქ სწავლობს.

მაგალითად, დეპუტატ გოჩა ენუქიძის შვილმა გერმანიაში, ბრემენის Constructor University-ში ისწავლა. გოჩა ენუქიძე პირველად 2008 წელს შევიდა პარლამენტში - მაშინ იმდროინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა და ამბროლაურის მაჟორიტარი გახდა. 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა, ენუქიძე მეორედ გახდა ამბროლაურის მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა მმართველი პარტიის ცვლილებასთან ერთად, პარტიის ცვლილება თავადაც გადაწყვიტა და 2016 წელს უკვე „ქართული ოცნებიდან“ გახდა მშობლიური მხარის მაჟორიტარი.

„ოცნებამ“ გოჩა ენუქიძე 2020 წელსაც დააყენა რაჭის მაჟორიტარობის კანდიდატად (მან კვლავ მოიგო), 2024 წელს კი, როცა მაჟორიტარები გაუქმდა, ირაკლი კობახიძემ ენუქიძე რაჭის დელეგატად წარადგინა. მან „აგენტების კანონს“ ყოველ ჯერზე დაუჭირა მხარი.

ბრიუსელში, წმინდა მიქაელის სახელობის კოლეჯში სწავლობს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შვილი. 1905 წელს დაარსებულ იეზუიტურ სკოლაში თავის დროზე სწავლობდნენ ბელგიის ამჟამინდელი მეფე ფილიპე, მისი ძმა, პრინცი ლორანი, ბელგიის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პრემიერ-მინისტრი უბერ პიერლო და დიდი აფეთქების თეორიის ავტორი, ფიზიკოსი ჟორჟ ლემეტრი.

დეპუტატ ზაზა ლომინაძის უფროსმა შვილმა გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ იქვე განაგრძო ცხოვრება და მუშაობა, გიორგი სოსიაშვილის შვილი იტალიაში, ტუშის უნივერსიტეტში სწავლობს, გია ვოლსკის შუათანა შვილმა კი ნიუ-იორკში მიიღო განათლება. მაისში „სტუდია მონიტორმა“ გამოავლინა, რომ ვოლსკის შვილი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიის უფროსი მრჩეველია და ვაშინგტონში თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა სახლი.

მართალია, პარლამენტის წევრი არაა, მაგრამ შვილის დასავლეთში სასწავლად გაგზავნის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორგზის პრემიერ-მინისტრს და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი შარშან ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში, რომელიც, გაზეთ Financial Times-ის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლაა. როცა ამერიკაში აცილებდა, ღარიბაშვილმა შვილთან ერთად სამთავრობო ბორტის ჩარტერული რეისით იფრინა მიუნხენამდე.

რადიო თავისუფლება შარშანაც წერდა, რამდენს ხარჯავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები შვილების განათლებაში.

ვის ინტერესს ატარებდნენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები?

“დეპუტატები, რომლებიც არასამთავრო ორგანიზაციებს კანონიდან გამომდინარე აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად, თავიანთი კარიერის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ არასამთავრო ორგანიზაციებთან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის კვლევის ავტორი სალომე ბრეგვაძე.

მას მაგალითად მოჰყავს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ „ღია საზოგადოების ფონდთან“ (სწორედ ასე ერქვა წარსულში „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“).

„შესაბამისად, ისმის კითხვა - დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე მაშინ უცხოური ძალის ინტერესს ატარებდა?“ - ამბობს სალომე ბრეგვაძე.

2011-12 წლებში “ღია საზოგადოების” ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. პოლიტიკაში მოსვლამდე დასავლურ ფონდებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ისიც და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს „შეჩერებულს“ უწოდებს, „ქართულ ოცნებაში“ იხტიბარს არ იტეხენ. „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“, - ასეთია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი.

მეტიც - 16 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, „ქართული ოცნების„ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, როცა მისი პარტია მეოთხე ვადით ეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, ქართველ ხალხს ექნება არჩევანი „სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის“.

ივანიშვილის ამ ფრაზას, წესით, უჩვეულოდ ბევრი ადამიანი დაეთანხმება. მათ შორის იქნებიან ის დეპუტატები, ვინც იტყვის, რომ ევროპას პირადი გამოცდილებით დანარჩენ ქართველებზე უკეთ იცნობენ და ისინიც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის საფრთხე „ქართული ოცნებაა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG