Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქოლცენტრები, შავი ფული და "ქართული ოცნება" - აშშ-ის ბრალდებები


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ „ქართული ოცნება“ ქოლცენტრებით შავი ფულის მოზიდვაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები.

აშშ-ის „ევროპასთან თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიამ“, რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელით არის ცნობილი, 12 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს - დაუპირისპირდეს ქოლცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ".

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ:

  • „ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოში“;
  • მიზანია - „დააფინანსოს თავისი საქმიანობა და შეავიწროოს ოპოზიცია".

აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელშიც შედიან: ცხრა სენატორი, ცხრა კონგრესმენი და აღმასრულებელი ხელისუფლების სამი წარმომადგენელი. კომისიის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 60-მდე ქვეყანაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰელსინკის კომისია „ქართულ ოცნებას“ შავი ფულით ოპოზიციის შევიწროვებაში სდებს ბრალს.

30 ივლისს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდნენ, ჰელსინკის კომისიის წევრმა კონგრესმენებმა ერთობლივ წერილში აღნიშნეს: მათთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ შემოსავალს იღებს თაღლითური ქოლცენტრებით.

წერილში ეს საკითხი უფრო ფართოდ არის გაშლილი და ნათქვამია:

  • „ჩანს, ეს ცენტრები წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებსა და რუსეთში მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის“;
  • „ქოლცენტრების უკანონო შემოსავალი წარმოადგენს ძირითად სარგებელს სხვადასხვა კორუმპირებული ქსელისთვის საქართველოში, რუსეთსა თუ სხვაგან“.
  • „ეს უკანონო შემოსავალი „ეხმარება პოლიტიკური ეკონომიკის პრობლემური სისტემის შენარჩუნებას, რომელმაც საქართველოში ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შეტრიალებას შეუწყო ხელი“.

კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციისგან, მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, მოითხოვენ ამ ქოლცენტრების წინააღმდეგ „სწრაფ, მყისიერ და სისტემურ“ ქმედებებს.

ტესტში არის ვარაუდი საქართველოში გამოვლენილ სატელეფონო ტერორთან დაკავშირებითაც:

„შესაძლებელია, რომ იგივე ქოლცენტრები იყო სხვადასხვაგვარად მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინების მიზნით".

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მაისში განაცხადა, რომ მობილურ ტელეფონზე დაურეკეს 400-ზე მეტ ადამიანს და მასშტაბის გათვალისწინებით, შეიძლება თქმა, რომ ის „ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს“.

უცნობი პირები რეკავდნენ სატელეფონო ნომრებიდან, მათ შორის - სხვა ქვეყნების კოდით - ძირითადად „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ხშირად - არასრულწლოვან შვილებთანაც.

სატელეფონო ზარებისას ადრესატებს ყოველ ჯერზე ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა და საქმე შესასწავლად პროკურატურას გადასცა, თავად კი მოკვლევა შეწყვიტა.

დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჰელსინკის კომისიის წევრი კონგრესმენები ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ წერილში ასევე წერენ, რომ მოთხოვნილი სანქციები სრულ შესაბამისობაშია მათ მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან - „MEGOBARI Act-თან“. აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ამ ინიციატივას 11 ივლისს დაუჭირა მხარი. მხარდაჭერა ორპარტიულია.

საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობები მკვეთრად დაეძაბა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, რასაც ამერიკელი პარტნიორები დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამომთხრელად მიიჩნევენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული შეზღუდვები.

„ოცნება“ ბრალდებებს უარყოფს

ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულიაქოლცენტრებთან, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ და დაამატა, რომ ჰელსინკის კომისია „მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს“.

მტკიცებულებები ბუნებაში არ ეგულება, მაგრამ მათ მაინც მოითხოვს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი გივი მიქანაძე.

„ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა...ის დასკვნა, თუ ის განცხადება, რაც გააკეთეს მათ [ჰელსინკის კომისიამ], რომლის არანაირი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მიღებული...

ამას სჭირდება აუცილებლად მტკიცება და ჩვენ ველოდებით მათგან, რომ ეს კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა, რაც ბუნებაში არ არსებობს, ეს ვერ იქნება წარდგენილი“, - გივი მიქანაძის შეფასებით, ჰელსინკის კომისიამ ამ განცხადებით ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად იხსენებდნენ BBC-ის 2023 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილია დასახელებული.

"არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომლითაც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ამხილეს ის დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც კრიმინალმა [დავით] კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მალევე კეზერაშვილმა განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის ასევე მიუთითებდა დევნაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან და მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ქოლცენტრების მუშაობით თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული.

უკვე წლებია, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქოლცენტრებს საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამუშავებენ.

"ქოლცენტრების საქმეზე" გამოძიება 2022 წლის შემდეგ არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები.

ჰელსინკის კომისიის ბრალდებები ოპოზიციისთვის დამაჯერებელია

„ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, პარტიის ოფისში 13 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ „აფიორასა და ტყუილს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ დაპირებას გარკვეული დროის შემდეგ დასავლეთთან და მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების შესახებ.

„ახლა უკვე მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და ამ დანაშაულს მათ ნამდვილად აღარავინ არ აპატიებს“, - ამბობს ცისკარიშვილი.

ჰელსინკის კომისიის განცხადებებში ასახულ ბრალდებებზე ოპოზიცია უკვე წლებია ლაპარაკობს.

  • 2022 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა პარლამენტში მისულ შს მინისტრს, რომ დაწყებულიყო გამოძიება რადგან, მისი თქმით, ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეები იყვნენ როგორც მოქმედი მინისტრები, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. ხაბეიშვილმა მაშინ კონკრეტული გვარები დაასახელა. სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ხაბეიშვილისა და ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა.
  • "ანტიკორუფციული მოძრაობა" ქოლცენტრების სქემასთან კავშირში ადანაშაულებდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, რომელმაც ცილისწამებისთვის იჩივლა და 2022 წლის მიწურულს პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

"ანტიკორუფციული მოძრაობა", რომლის წევრებსაც მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ, სასამართლოს მიკერძოებაზე ლაპარაკობდნენ. „ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად", - განაცხადა "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ".

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ 13 აგვისტოსაც მოუწოდებდა საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ, რასაც ექსპრემიერის პარტია 2023 წლის აპრილშიც უშედეგოდ ცდილობდა.

„თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას“, - მიმართა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა "ქართულ ოცნებას".

მეზვრიშვილის განმარტებით, „ჰელსინკის კომისიამ დაადგინა ის, რასაც „ოცნება“ მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა“.

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად 2024 წლის აპრილიდან „ოცნებამ“ ქოლცენტრების გამოყენება "აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“.

„ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ქოლ-ცენტრების მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის.

ჰელსინკის კომისიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ვაცნობეთ - „ოცნება“ მის მიერ შავი ფულით მოსყიდულ ზონდერ-ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა, განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მწვანე აუნთო და ამნისტიით ხელშეუხებლობას დაჰპირდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 13 აგვისტოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG