Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით ადამიანს დაურეკეს მუქარის შემცველი ზარით - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 


2024 წლის მიმდინარე თვეში, მაისში, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მათთვის უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
2024 წლის მიმდინარე თვეში, მაისში, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მათთვის უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა ტელეფონის ნომრების მოძიება და მათთან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების განხორციელება სცდება უწყების კომპეტენციას და „გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, საქმე გადაუგზავნა პროკურატურას. უწყებამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. სწორედ ამიტომ გადაუგზავნა იგი პროკურატურას და სამსახურებრივი მოკვლევა შეწყვიტა.

„მასშტაბურობის გათვალისწინებით [ზარები] ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს. ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს“, - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

პერსონალური მონაცემების დაცვაზე მომუშავე სახელმწიფო უწყების განცხადება აღწერს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ზარების მასშტაბურობას - სამი სატელეფონო ოპერატორიდან მხოლოდ ერთზე მაისში დაფიქსირდა „400-ზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი“.

მოკვლევის შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ მოქალაქეების ტელეფონებზე რეკავდნენ ე.წ. Caller ID Spoofing-ის გამოყენებით, რაც დამრეკის მონაცემების გაყალბებას გულისხმობს. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის განმარტებით, ასეთ დროს ზარი ხორციელდება რეალური ნომრიდან, თუმცა სპეციალური მოწყობილობების გავლით ის იცვლება არარსებული ან მითვისებული ნომრით და შესაბამისად, მისი დადგენა შეუძლებელია.

მმართველმა პარტიამ ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, აშშ კი მოსალოდნელ სანქციებზე ალაპარაკდა. ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევენ.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყეს.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG