ბელორუსი აქტივისტი მარია ზაიცევა უკრაინაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა პარასკევს რადიო თავისუფლების ბელორუსულმა სამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმად ზაიცევა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, იბრძოდა.
ზაიცევა მეორე საერთაშორისო ლეგიონის წევრად ირიცხებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ის 24 წლის გახდა. ბელარუსულ გაზეთ "ნაშა ნივას" თანახმად, ზაიცევა იყო მოხალისე უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფში და ბახმუტის მახლობლად, 17 იანვრის დილით დაიღუპა.
მარია ზაიცევამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპროტესტო აქციებში, რომელიც ბელარუსი სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა, დიქტატორი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნია და მათი გადახედვა მოითხოვა. საპროტესტო აქციაზე მილიონამდე ბელარუსი გამოვიდა. აქციები სამართალდამცავებმა სასტიკად აღკვეთეს, იყო ადამიანური მსხვერპლი, ბევრი ოპოზიციონერი აქტივისტი და პოლიტიკოსი ან დააპატიმრეს, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.
მარია ზაიცევამ დემონსტრაციების აქტიური მონაწილე იყო და ხმოვანი ყუმბარის აფეთქების შემდეგ სერიოზულად დაიჭრა, რაც მრავალ ოპერაციას მოითხოვდა. დასისხლიანებული ახალგაზრდა აქტივისტი ქალის ფოტო მაშინ არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.
ეს სურათი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ფორუმი