Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: სანქციები თავად დამწესებელს აზიანებს


1 თებერვალი, 2024 წელი. „ქართული ოცნების“ ყრილობა
1 თებერვალი, 2024 წელი. „ქართული ოცნების“ ყრილობა

ამერიკის შეერთებულმა შტატების გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო განცხადებით გამოეხმაურა.

„ოცნებამ“ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება „ანტიქართულ რიტორიკაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს რიტორიკა, რომელსაც 2012 წლიდან ისმენენ, განსაკუთრებით გააქტიურდა 2021-22 წლებში.

„ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, რომ საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

"ქართული ოცნება" განსაკუთრებით შეწუხებულია იმით, რომ სანქციები შესაძლოა, პარტიის წევრების ოჯახებსაც შეეხოთ.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია“, - აღნიშნავს „ქართული ოცნება“.

განცხადებაში მითითებულია ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების შესახებაც:

„რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა“.

„ქართულმა ოცნებამ“ სხვა ქვეყნების მაგალითზეც დასვა აქცენტი. „დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის - სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება“, - წერია განცხადებაში.

„ოცნება“ აცხადებს, რომ არ აპირებს ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. „ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც მმართველმა პარტიამ მიუთითა, ევროკომისრის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ, „სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი“.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, ამბობენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG