Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს მომავლის დაცვის საქმეში


„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო წარწერა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო წარწერა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე

რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს იმ მოქალაქეების სანქცირებაზე საუბარს, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან“. განცხადების ხელმომწერები არიან „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“.

„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს“, - წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადებით კი სანქციები თავად დამწესებელს აზიანებს.

„სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა“, - წერია განცხადებაში.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აღნიშნავენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG