Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედგაცრუება, გაურკვევლობა და წუხილი - ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ვიზიტი შეაფასეს


კონგრესმენი მაიკ ტერნერი (მარცხნივ) და სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2024 წლის 11 აგვისტო
კონგრესმენი მაიკ ტერნერი (მარცხნივ) და სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2024 წლის 11 აგვისტო

თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, დემოკრატმა სენატორმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

კვირას, 11 აგვისტოს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჟურნალისტებს შეხვდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი პოლიტიკოსები ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი.

ჯინ შაჰინი სენატორია დემოკრატიული პარტიიდან, ხოლო მაიკ ტერნერი არის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, ორივემ ხაზი გაუსვა, რომ მათი ვიზიტი „ორპარტიული“ და „ორპალატიანია“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ აშშ-ის ორივე მთავარი პარტიის და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლები.

შაჰინმა და ტერნერმა აღნიშნეს, რომ სპეციალურად საქართველოში არიან ჩამოსულნი და ეს ვიზიტი არაა რეგიონული ტურნეს ნაწილი, როგორც ეს უმეტესად ხდება ამერიკელი პოლიტიკოსების შემთხვევაში.

"ჩემთვის ძნელი გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც თქვენი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სადაც ყველგან, სადაც ვიყავით, აწუხებთ რუსეთის განზრახვა ამ ქვეყნის მიმართ და ტერიტორიული ოკუპაციის გავრცობის პოტენციალი, მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ირეკლავს იმას, რასაც რუსეთი შვება, მისი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. მე ეს არ მესმის", - თქვა ჟურნალისტებთან ჯინ შაჰინმა.

„ჩვენ ჩამოვედით, რომ ყურადღება გავამახვილოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერ ურთიერთობებზე, ძლიერ მხარდაჭერაზე საქართველოში დემოკრატიის, ევროპული ინტეგრაციისა და ხალხის მიმართ.

ბუნებრივია, მივესალმებოდით, რაიმენაირად გამოეყენებინათ ჩვენი ძალისხმევა, აქ რომ ჩამოვედით, დიალოგის დასაწყებად“, - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

იმედგაცრუება კობახიძესთან შეხვედრით

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში პარასკევს, 9 აგვისტოს, ჩამოვიდნენ და გასული ორი დღის განმავლობაში შეხვდნენ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

„იმედგაცრუებული დავრჩი იმით, რომ [ირაკლი კობახიძეს] არაფერი უთქვამს, რას აპირებენ ის ან მისი მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“, - თქვა სენატორმა შაჰინმა ჟურნალისტების პირველი კითხვის პასუხად, რომელიც იმას ეხებოდა, თუ რა შთაბეჭდილება დარჩათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ვერ ატყობს, რომ აშშ-სთან „30-წლიანი ძლიერი ურთიერთობის“ გაფუჭება ადარდებს:

„ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს, მხარს ვუჭერდით საქართველოს ეკონომიკას, ხალხს და რისი გაკეთებაც მათ უნდათ.

ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ ჩანს დაინტერესებული ამ ურთიერთობის გაგრძელებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კობახიძით იმედგაცრუებაზე ილაპარაკა რესპუბლიკური პარტიის წევრმა მაიკ ტერნერმაც:

„მეც იმედგაცრუებული დავრჩი პრემიერ-მინისტრის პასუხით“, - თქვა მან და დასძინა, რომ კობახიძეს არაფრით გამოუხატავს, რომ „რაიმე პასუხისმგებლობას იღებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე“.

ტერნერის თქმით, კობახიძესთან საუბრისას არაფერი მოასწავებდა, რომ საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს აშშ-სთან გაფუჭებული ურთიერთობების გაუარესების გეგმა აქვთ.

„მეტიც - [კობახიძე] იმაზე მიანიშნებდა, რომ მხოლოდ აშშ-ს პასუხისმგებლობაა ორმხრივი ურთიერთობების [გაფუჭება]“, - თქვა მაიკ ტერნერმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ტერნერი გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ საჭიროებაზე. შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მათ „დეტალურად უთხრა, რას ელის მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“.

კონგრესმენმა ტერნერმა კი აღნიშნა, რომ ვერ შეატყო, ამ მხრივ საქართველოს მთავრობას რაიმე გეგმა ან ხედვა ჰქონოდა:

„ჩვენი შეხვედრისას არანაირი მტკიცებულება ყოფილა, რომ არსებობს ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა. პრემიერ-მინისტრს არ გამოუკვეთია ან გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. არ ჩამოყალიბებულა პოლიტიკაც“.

„ტრამპის და ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით იგივეა“

რადიო თავისუფლებამ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს ჰკითხა, რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

„ქართული ოცნების“ წევრები ბოლო ხანებში საჯაროდ ალაპარაკდნენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება მათ ხელს აძლევს. აი, რა თქვა 22 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ:

ტრამპის მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ“.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ეთანხმება დონალდ ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა არის „ორპარტიული და ორპალატიანი“:

„თუ შეხედავთ ტრამპის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ პოლიტიკას, ნახავთ, რომ არაფერი შეცვლილა და ორივე მთავრობის პოლიტიკა იგივე იყო.

ეს არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შენება და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა“, - განაცხადა ტერნერმა.

ჯინ შაჰინი კოლეგას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკა იგივე იქნება „იმის მიუხედავად, პრეზიდენტი რესპუბლიკელია თუ დემოკრატი“.

„არ ველოდები, რომ ეს შეიცვლება“, - დასძინა დემოკრატმა სენატორმა.

ჯინ შაჰინის თანახმად, მან და მაიკ ტერნერმა ბიძინა ივანიშვილსაც სთხოვეს შეხვედრა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი თქვა.

„იმაზე დაყრდნობით, რაც ხალხისგან გვესმის, ნათელია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია. ამდენად, სამწუხაროა, რომ ისევ არ შეგვხვდა“, - თქვა სენატორმა.

ირაკლი კობახიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განუმარტა ამერიკელ პარტნიორებს, თუ რატომ არ შეხვდა მათ, ოღონდ თავად არ უთქვამს, ამის მიზეზი რა იყო.

„თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG